დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველო გაუქმდა. რამდენიმე დღეა, ლაშა ღლონტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალ მოადგილედ დაინიშნა. იგი, როგორც ამბობენ, სოფლის მეურნეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ლაშა ღლონტი 1981 წელის 9 თებერვალს დაიბადა. საშუალო განათლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში მიიღო. ჩააბარა ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, დამთავრების შემდეგ, სწავლა კვლავ ანასეულის კვლევით ინსტიტუტში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, ასპირანტურაში ჰქონდა თემა კივის კულტურაზე: _ ამასთანავე, მთელი ოჯახით ვიყავი ჩართული სოფლის მეურნეობაში. ვთვლი, რომ ვართ წარმატებული მეურნეები, რის გამოც ჩვენს მეურნეობას და ოჯახს 2005-2006 წლის საუკეთესო ფერმერის წოდება მოგვენიჭა. ვაწარმოებთ თითქმის ყველანაირ კულტურას, რაც გურიაშია პერსპექტიული. ვმუშაობდი ასოციაცია “ელკანაში”. 2002 წელს სტაჟირებაზე საფრანგეთშიც ვიყავი, ორგანიზაცია “ელკანას” რეგიონული ოფისიც გაკეთდა, რომელმაც გაამართლა. გავიდა ექვსი წელი და ვფიქრობ, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა _ თეორიული და პრაქტიკული, მომცემს იმის საშუალებას, რომ თავი წარმატებით გავართვა დაკისრებულ მოვალეობას.
_ ბატონო ლაშა, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველო გაუქმდა, როგორ ახსნით მთავარი აგრონომის საშტატო ერთეულის შემოღებას, გამგებლის მოადგილის რანგში?
_ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა, მუნიციპალიტეტების დონეზე განეხორციელებინა ახალი საცდელი პროექტი და გამოაცხადა კონკურსი, რომელიც გავიარე წარმატებით, 750 კონკურსანტიდან შეირჩა 17, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის. მეორე ეტაპი ახლა, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დაინიშნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს მუნიციპალიტეტებში და საქმის კურსში იყოს ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს. ამ წარმომადგენელმა საზოგადოება ინფორმაციით უნდა მოამარაგოს, ცნობდეს პრობლემატიკას და აქაური საკეთებელი საქმეების შესახებ მასალები სამინისტროს მიაწოდოს. მართალია, სამმართველო გაუქმდა, მაგრამ ეს იქნება სულ სხვა მიმართულება _ ძირითადად, საინფორმაციო ბაზა.
_ რამდენად კარგადაა ცნობილი თქვენთვის მუნიციპალიტეტის პრობლემები სოფლის მეურნეობის კუთხით და ასეთ პირობებში, როგორ აპირებთ ახალი კულტურების დანერგვას და ამ კუთხით ინვესტიციების მოძიებას?
_ ჩვენ ახლა ნებისმიერ მეწარმეს და ფერმერს გავუწევთ კონსულტაციებს, დავეხმარებით, რომ წარმატებული გახადონ თავიანთი მეურნეობა. უნდა შევცვალოთ გლეხების აზროვნება, რათა ისინი ვაქციოთ ფერმერებად, აკეთონ მომგებიანი ბიზნესი და არა ისე, რომ მეურნეობა ვიზუალურად იყოს ლამაზი, დასათვალიერებლად კარგი და პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახდენდეს. პირველ რიგში, ბიზნესი უნდა იყოს მომგებიანი. ფერმერული მეურნეობები, თითქმის, არ არსებობს _ ისინი თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს რაიონშიც და მთელ საქართველოშიც. ვეცდებით, დავარეგულიროთ ეს საკითხი. შემოდის ახალი კულტურები, როგორიცაა პავლონია, ამერიკული მოცვი, ახალი ჯიშის ბამბუკი, არის ბევრი პერსპექტიული კულტურა, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს, ან იცნობს, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებს.
_ რამდენად იცნობთ არსებულ ბიზნესგარემოს და რას ფიქრობთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რასაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაციისთვის ხელშეწყობა ჰქვია?
_ რადგანაც ექვსწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, მიმაჩნია, რომ ვიცნობ ამ სფეროს. ეს მიმართულება პერსპექტიულია საქართველოსთვის. მთელს მსოფლიოშია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე.
_ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტის მთავარ აგრონომსა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს შორის? რამდენად კოორდინირებული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა გახორციელდეს შხამქიმიკატების გამოყენებისა და მისი ვარგისიანობის დადგენის კუთხით? მავნებლების გამოჩენამ და არასათანადო, არადროულმა რეაგირებამ, 2010 წელს, მთლიანად გაანადგურა სიმინდის ყანები, დააზიანა ციტრუსები, ამერიკულმა პეპელამ კი საკმაო ზიანი მიაყენა თხილის და კივის ნარგავებს, ხეხილს.
_ თანამშრომლობა იქნება. რაც შეეხება სიმინდის განადგურებას, ეს კლიმატის ბრალია. ჩვენი ფერმერები მიჩვეულნი იყვნენ და, კლიმატიდან გამომდინარე, სიმინდი მოჰყავდათ ყოველთვის ურწყავ ნიადაგზე. ჩვენი ზონა სუბტროპიკულია, მაგრამ გლობალური დათბობაა და აქედან გამომდინარე, არის მასშტაბური პრობლემები, რომელიც ჩვენს დონეზე არ წყდება. ამისთვის უნდა მოიძებნოს სხვა პერსპექტიული კულტურები(?). გლეხის საშველი იქნება, რა თქმა უნდა, თუ ისინი დაინტერესდებიან, რა უნდა გააკეთონ და როგორ. თუ გამოგვყვება საზოგადოება, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა წინ წავალთ. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ დაავადებები ყოველთვის იყო და იქნება, მით უმეტეს, რადიაციის ზრდის ფონზე. აი, ამ ყველაფერს დროული ღონისძიებების გატარება სჭირდება.
_ ვინ უნდა გაატაროს ეს დროული ღონისძიებები?
_ ვერავინ წავა და სხვის მეურნეობას ვერ შეწამლავს, ვერც დაიწყებს რაღაც ზედმეტი ღონისძიებების გატარებას(?) ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია, ვურჩიოთ ფერმერს, როდის რა პრეპარატი გამოიყენოს, რომელია სანდო. შეგვიძლია, მივუთითოთ, რა გზით და როგორ წავიდეს. ზოგი დროულად არ ატარებს ღონისძიებებს, ზოგი კი დოზირებას ვერ იცავს. ღონისძიება თავად ფერმერმა უნდა გაატაროს. რაც შარშან გააკეთა სახელმწიფომ ამერიკული პეპელას საწინააღმდეგოდ ბიოპრეპერატით, ეს იყო ფუფუნება(?!) დამთავრდა კომუნისტების დრო(?!), დამთავრდა ის დროც, როცა ცენტრალიზებულად ხდებოდა ყველაფრის მოგვარება. პრობლემა გლეხმა თავად უნდა მოაგვაროს და ამისთვის თანხა უნდა გადადოს.
_ წელს მანდარინის მოსავალი ძალიან მცირე იყო და რაც იყო, ისიც გაშავდა. გლეხი უკმაყოფილო და შეშფოთებულია.
_ რატომ არის გლეხი უკმაყოფილო? მშვენიერი ფასი ჰქონდა წელს მანდარინს _ ამაზე მეტი ფასი არც არასდროს ჰქონია. წელს კარგი მანდარინი 1 ლარი ღირდა. როცა შეიძლება 500 ლარი დაახარჯო ერთ ჰექტარ ფართობს, რომელიც სახელმწიფომ გაჩუქა და მერე შენ მიიღო 5 000 ლარი, მე მგონი, ასეთ საქმეში ღირს თანხის ჩადება. გლეხს თავისუფლება მისცა სახელწიფომ, აჩუქა მიწა, ახლა გლეხმა კეთილი ინებოს და თავის მიწას და შემოსავალს თავადვე მიხედოს(?!) ერთი ჰექტარი მიწიდან, ნორმალურად დაგეგმილი მეურნეობით, გლეხმა შეიძლება არჩინოს ოჯახი, _ ამბობს გამგებლის ახალი მოადგილე
როგორ შეიძლება გლეხმა 1 ჰექტარი ფართობით ირჩინოს თავი, ამ საკითხზე “გურია ნიუსი” ვრცლად მომდევნო ნომრებში ისაუბრებს.