ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმარი “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან ღლონტია.
იგი 1982 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ბათუმში დაიბადა. სწავლობდა ქალაქ ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 2003 _ 2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესიას დაეუფლა. სანამ პოლიტიკური მოძრაობა “ალიანსი საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციაში ირაკლი ალასანიას წარმომადგენელი გახდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციაში “სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში,” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო. 2010 წლის 10 ოქტომბრიდან კი “ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
_ როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში შეიცვალა თუ არა თვითმმართველობის ინსტიტუტი და ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დღეს რეალურად, არარეალური თვითმმართველობა გვაქვს?
_ საქართველოს რეგიონებში დღეს პრაქტიკულად არ არსებობს თვითმმართველობა და ამას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზეზი: მთავარი არის ფინანსების საკითხი _ დღეს, ყველა მსხვილი გადამხდელი კომპანია, რომელ რეგიონშიც არ უნდა იყოს, გადასახადებს ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის და მუნიციპალიტეტები ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებით ახერხებენ ფინანსური საკითხების გადაწყვეტას. მაშინ, როცა ევროპული ქვეყნები, უკვე დიდი ხანია, ფისკალური დეცენტრალიზაციით ცხოვრობენ. ფინანსების ამგვარი გადანაწილების შემთხვევაში, რეგიონი თავად გეგმავს მისთვის საჭირო პროექტების დაფინანსებას და ადვილად ავითარებს ადგილობრივ ბიზნესს, რაც ბუნებრივია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებსა და ზრდის ადგილობრივ შემოსავლებს. ამგვარი ფინანასური პოლიტიკა თვითმმართველობებში პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.
_ რეალური თვითმმართველობის დამყარებას პოლიტიკური ნების გამოვლენა სჭირდება?
_ ევროპული მაგალითი შემთხვევით არ მიხსენებია. იქ, სადაც ხელისუფლების დელეგირება ქვევიდან ზევით ხდება, შედეგიც სახეზეა. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2004 წელს მოახდინა, გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს, თუმცა, აღნიშნული ვალდებულებები არ სრულდება ნაციონალური მოძრაობის პირობებში. კანონი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც ხელისუფლება წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, სინამდვილეში არის რეგრესული. იგი ვერ იქნება ეფექტური და ვერ გადაწყვეტს რეგიონების წინაშე არსებულ პრობლემებს. გარდა კანონის უვარგისობისა, უმთავრესი პრობლემა, რომელიც თქვენს კითხვაშიც ჩანს, ეს პოლიტიკური ნებაა. დღეს საქართველოს რეგიონებს განაგებენ არა ხალხის მიერ არჩეული ლიდერები, არამედ რამდენიმე ადამიანი ცენტრალურ ხელისუფლებაში, ძირითადად ძალოვანი უწყებების პირველი პირები.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
_ უმთავრესი მიზეზი სააკაშვილის ხელისუფლების თვისებაა, არ დაუშვას ხელისუფლების გადანაწილება. მმართველი პარტია არ ენდობა თვითმმართველობების ლიდერებს და შესაბამისად, არ აძლევს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის არცერთ წევრს, არავინ არაფერს ეკითხება _ ისინი უბრალოდ იურიდიულად აფორმებენ, რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებას. ეს, ბუნებრივია, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი მათგანისთვის.
_ რატომ თანხმდებიან რეგიონებში სახელისუფლებო დეპუტატები მათ მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას?
_ მათ ეუბნებიან, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მათი მომავალი პერსპექტივები ბუნდოვანი ან საშიშია. ეს არის სრული აბსურდი. მე არ ვიცი, რას გეგმავს სხვა პარტიები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ირაკლი ალასანიასა და თავისუფალი დემოკრატების პოზიცია _ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი, ვერავინ შეეხება. ჩვენი, “თავისუფალი დემოკრატების” ხელისუფლების პირობებში, ამის სრული გარანტი დამოუკიდებელი სასამართლო იქნება და ასევე ჩვენი პოლიტიკური ნება, საზოგადოება არ იყოს დაყოფილი და პოლარიზებული ჩვენს მომხრედ და სხვის მომხრედ. კანონის უზენაესობის პირობებში, მოქალაქეები და ბუნებრივია მათ შორის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან. ასევე, არის სხვა კატეგორია, რომელიც ხელისუფლებისგან ამგვარ დამოკიდებულებას თანხმდება იმიტომ, რომ ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ არა ხალხის, არამედ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც არჩევნებში მათი გამარჯვება სხვადასხვა უკანონო მეთოდებით “უზრუნველყვეს”. დღეს, რეგიონული ლიდერების დიდი ნაწილის მთავარი საზრუნავი არის არა მოქალაქეების კეთილდღეობა, არამედ მათი პოზიციების განმტკიცება პარტიის შიგნით. ის, რაც დღეს მმართველ გუნდში ხდება, პროტექციონიზმის ტიპიური მაგალითია.
_ გურიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაღალი დონის მიგრაცია, დაცლილი სოფლები და დაუსაქმებელი ახალგაზრდობა რჩება. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა?
_ ჩვენ კარგად ვიცით გურიის პრობლემები შესახებ. რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც უკავშირდება ორ ძირითად საკითხს: მძიმე სოციალურ პრობლემებს და პოლიტიკურ გარემოს. მატერიალურ სიკეთეს ბიზნესი ქმნის, იგი ასაქმებს მოქალაქეებს. დასაქმებული მოქალაქეები მომავალს გეგმავენ საკუთარ სამშობლოში და არსად წასვლაზე არ ფიქრობენ. არსებული ხელისუფლება კი ბიზნესს და ბიზნესმენს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს და ფინანსები განკარგოს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ეს კი ხელისუფლებისთვის, რომელიც არანორმალურად არის შეყვარებული ძალაუფლებაზე, ძალიან სახიფათოა. ასე რომ, ხელისუფლების აღქმით, სანამ ბიზნესმენს ფული აქვს, იგი საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც 2004-წლიდან ისინი ან ზღუდავენ ბიზნესს, ან წილებში უჯდებიან. მაშინ, როცა განვითარებული სახელმწიფოები, დიდი ხანია, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ განვითარება გინდა, ხელისუფლება მინიმალური დოზებით უნდა ერეოდეს ეკონომიკაში. რომ არსებობდეს თავისუფალი ბიზნესგარემო, ბევრი ადამიანი დააბანდებდა კაპიტალს, თუნდაც გურიაში, სადაც, სოფლის მეურნეობის ან ეკოტურიზმის კუთხით, ასათვისებელი რესურსი ძალიან ბევრია. თქვენი კითხვიდან ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია გურია და ასევეა, საქართველოს ყველა კუთხე. ჩვენ ვხედავთ ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალს. მაშინ, როცა, მაგალითად, სოფელ შემოქმედში, ლიხაურში, თუ გურიის დანარჩენ სოფლებსა და საქართველოს სხვა კუთხეებში, მოქალაქეები შევჯერდებით იმ აზრზე, რომ საჭიროა ცვლილებები, არსებული ხელისუფლების მცდელობები, ჩვენი ხმებით მოახდინოს მანიპულირება, უშედეგო იქნება, რაც მოქალაქეების გამარჯვებას ნიშნავს.
_ ანუ ირაკლი ალასანიას გუნდი არჩევნებისთვის ემზადება?
_ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და ეს, ფაქტია.
_ თქვენ ახალი თაობა ახსენეთ, როგორ ხედავთ ახალგაზრდების როლს ამ პროცესებში?
_ ხელისუფლების ცვლილებების პროცესში, ახალგაზრდების როლი აბსოლუტურად შეუცვლელია. იქ, სადაც არ არის ახალი თაობა, არ არის სიახლე, არ არის ენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ისევ ძველი, უკვე არაერთხელ ნანახი სცენარით განვითარდება. ძველ სცენარს კი ყოველთვის აკლდა სიყვარული. შეიძლება ბევრმა ეს სიტყვა პოლიტიკისთვის უცხოდ ჩათვალოს, მაგრამ მე ვარ მომხრე, ამგვარი განსაზღვრებების დამკვიდრება მოხდეს. როცა რევოლუცია ხდებოდა, მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ რაღაც ახალს, უფრო ადამიანურსა და უფრო სამართლიანს მიიღებდა, მაგრამ მოხდა პირიქით _ ყველა თაობის ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, იმიტომ, რომ პოლიტიკა გახდა უკიდურესად პრაგმატული, დაიცალა სენტიმენტებისგან და შესაბამისად, ზნეობისგან. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ, ახალგაზრდებს, გვაქვს განცდა, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, რომ ჩვენ ვართ ვალდებულნი, ვიზრუნოთ მასზე და დავამკვიდროთ ფასეულობები, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფალი ვერ შეეხება მომავალში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა-ახალი წელი, კალანდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს მკითხველს, გურიის ყველა ოჯახში ყოფილიყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.