საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე გახსნილი შპს “გეომაგინვესპრომის” თიხის გადამამუშავებელი საწარმო, სავარაუდოდ, მეორედ, ორი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება.
აღნიშნული ქარხანა, რომელიც 2009 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა, ექსპლუატაციაში არ გასულა. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თიხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.
პირველ ეტაპზე, ქარხნის ფუნქციონირებისთვის 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო: “თიხის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობისთვის გამოყენებული იქნება მაკვანეთის კარიერი. საწარმოში კერამიკული ჭურჭელი და ნაკეთობები დამზადდება. ქარხანაში ამ ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, სრულად ამოქმედების შემდეგ კი, მათი რიცხვი 400-მდე გაიზრდება”, _ ასე არწმუნებდნენ მაშინ პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც “გურია ნიუსს” შპს “გეომაგინვესპრომის” მთავარმა ინჟინერმა ავთანდილ სურგულაძემ უთხრა, ქარხანა დასრულებულია და საცდელი პარტიები უკვე გამოშვებულია. რაც შეეხება ქარხნის მუშაობას, ეს პრობლემატური იმიტომ გახდა, რომ რამდენიმე ძვირადღირებული დანადგარის შეძენა ვერ ხერხდებოდა.
მისივე თქმით, ადრე ნედლეულის გატანა უნდა მომხდარიყო და ახლა მზა პროდუქციის დამზადება ადგილზე იგეგმება _ ეს არის რამდენიმე სახის კრამიტი და აგური: _ ქარხნის მშენებლობა დამთავრებულია, საცდელი პარტიები მიღებულია. ახლა დამირეკა მოსკოვიდან საწარმოს მეპატრონემ, თურქეთში შეიძენენ დანადგარებს და ქარხანა მაისში ამოქმედდება.
_ პრეზიდენტის მიერ, ერთხელ უკვე გახსნილი ქარხანა, ხელმეორედ გაიხსნება?
_ პრეზიდენტმა რომ გახსნა, მაშინ სრულად გახსნა არ მომხდარა(?!). ეს იყო მანქანა-დანადგარების საცდელი გამოცდა. ოფიციალური გახსნა არ ყოფილა.
_ გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდებოდა, ხოლო მისი სრულად ამოქმედების შემდეგ _ 400.
_ საწარმოში დასაქმდება ადგილობრივი 80 მუშახელი.
სააკაშვილმა 2008 წელს, გურიაში, “საპრეზენტაციო ვოიაჟის” დროს, 1936 წელს აშენებული ჩაის ფაბრიკის შენობაც მოინახულა და განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა, რის შედეგადაც გურიაში დამატებით 600 ადამიანს გაუჩნდებოდა დასაქმების შანსი. პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ ჩაის ფაბრიკა ბრენდს გამოუშვებდა, რომელიც, უპირველესად, ქართულ ბაზარზე გაიყიდებოდა. თუმცა დაპირება, როგორც წესი, დაპირებად დარჩა _ არც საწარმო გახსნილა და არც 1000-მდე ადამიანი დასაქმებულა. მეტიც, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა ოზურგეთის გამგეობაში საგანგებო თათბირიც კი გამართა და განაცხადა, რომ ბევრი სოციალური საკითხი, რომელიც გურიაში იყო გადასაწყვეტი, პრაქტიკულად, ხელისუფლების პასიურობის გამო, გაყინულიაო: “ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს” _ თქვა თათბირზე სააკაშვილმა.
თუმცა, გურიაში ორი წლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა: ახლაც მწვავედ დგას სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. საზოგადოების ნაწილი ვერ გრძნობს მთავრობის “მზრუნველობას”. გურიაში არც სამუშაო ადგილები შექმნილა და არც ახალი საწარმოები ამოქმედებულა. რაც შეეხება უსამართლობის განცდას, ეს თემა უფრო მწვავედ აწუხებს საზოგადოებას, ვიდრე წლების წინ. ბიუჯეტი, კეთილდღეობის ძირითადი ელემენტი, ხელისუფლებამ თავისთვის მოირგო, შეამცირა სოციალური დახმარებები და ისეთი პროგრამები, რომლითაც ხალხი შეღავათს გრძნობდა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულთა ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა. “ქამრების შემოჭერის” გამოცხადებული პრინციპი გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ჯერ არ ამოქმედებულა. მეტიც, საჯარო მოხელეები საკმაოდ სოლიდურ პრემიებს იღებენ, ისევე, როგორც სხვა ხარჯებისთვისაც არ ზოგავენ საკმაოდ მწირ ბიუჯეტს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved