საქართველოს მოსახლეობა შუქის ვაუჩერს ანაღდებს, ზოგი გახარებული გამოდის ენერგოკომპანიის შენობიდან, ზოგი _ პირიქით, უკმაყოფილო:
_ გაჭირვებულს რომ შუქის ფულს არ მისცემ და შეძლებულს დაავალებ, აჩუქეო, ეს არის სამართალი? ჩვენ მათხოვრების როლში გამოვდივართ, _ გვითხრეს “ენერგო – პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრში, სადაც მოსახლეობის წარმომადგენლები ვაუჩერის გასანაღდებლად მიდიან.
_ ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა _ 6 თვის განმავლობაში 200 კილოვატი უნდა გქონდეს გახარჯული, თუ არა და ვაუჩერს ვერ მიიღებო. ჩემი ფინანსური შესაძლებლობა არ მაძლევს საშუალებას, მეტი დავხარჯო. რა დავაშავე ან რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვაუჩერი? ორი შვილი მყავს, მეუღლე მძიმედ არის ავად, ერთი შვილიც სერიოზული მკურნალობის ქვეშაა. ვიმუშავო, ფიზიკურად ვერ შევძლებ, ვიმუშავო _ შვილს და ქმარს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. როგორც ჩანს, ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ ამ ხელისუფლებისთვის, _ გვითხრა ოზურგეთელმა ქალბატონმა და სურვილი გამოთქვა, პრეზიდენტისთვის მიემართა:
_ თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა: _ ბატონო მიხეილ, ვაუჩერის გასაცემად შერჩევის კრიტერიუმი კილოვატებით არ ისაზღვრება. ბევრია ადამიანი, რომლებიც 200 კილოვატს არ ხარჯავენ 6 თვის განმავლობაში. ასეთები, ძირითადად ღარიბი მოსახლეობაა, რომლებსაც თქვენ კიდევ ერთხელ დასცინეთ!
ჩვენს რესპონდენტებს შორის ვერც ერთი ვერ ვიპოვეთ, რომელიც მოითხოვს თავად ვაუჩერის დარიგების შეჩერებას ინფლაციის თავიდან ასაცილებლად _ ყველაზე სუსტმა ეკონომისტმაც კი იცის, რომ ამგვარი აქცია ინფლაციას კი არ აჩერებს, არამედ უსაშველოდ ზრდის!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved