(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ერთ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ბესო გელენიძის და საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცირდავას მიერ გაკეთებულ “ვარდების რევოლუციის” სკვერში, სავარაუდოდ მალე, ინტერნეტ-კაფე აშენდება. “გურია ნიუსი” წერდა, რომ მშენებლობა იმ ადგილას დაიწყო, სადაც ნაკურთხი ჯვარი იყო აღმართული. ჩვენთვის უცნობ ხალხს, ახლა გაახსენდა, იქ ჯვრის აღმართვა მიუღებელი რომ ყოფილა(?!), მოტივად კი ახლომახლო ნაგვის ბუნკერის არსებობას ასახელებენ, თუმცა, არ ამბობენ, რომელი უფრო მისაღებია _ ჯვრის მოხსნა თუ ნაგვის ბუნკერის სხვაგან გადატანა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა მოხდა თუ არა ჯვრის ადგილის შეცვლა სასულიერო პირის ლოცვა-კურთხევით. დეკანოზი მამა ერმოლაუსი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და სთხოვა, ჯვარი სკვერის უკანა კუთხეში გადაეტანათ.
_ როცა ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს და სკვერში თუ სხვა ადგილას ჯვრის აღმართვა სურს, აუცილებლად უნდა აიღოს იმის პასუხისმგებლობაც, რომ ჯვარს მოუაროს. მარტო ჯვრის დადგმა არაფერს ნიშნავს _ ჯვარი არის მადლის მატარებელი და ადამიანი მას უნდა მოუფრთხილდეს. სადაც ჯვარი იდგმება, იქ ცხოველი არ უნდა მივიდეს, რადგან არ წაბილწოს ჯვრის სიწმინდე; ჯვართან ვინმემ არ უნდა დაყაროს ნაგავი, არის შემთხვევები, როცა ჯვართან იკრიბებიან ადამიანები და თამბაქოს ეწევიან ან ბილწსიტყვაობენ, ესეც არ არის მისაღები. ის ადგილი, სადაც ახლა ჯვარი გადაიტანეს, შემოიღობება და შემდეგ მოხდება მისი ხელმეორედ კურთხევა, _ გვითხრა მამა ერმოლაუსმა.