(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, წლების განმავლობაში აგრარული სექტორის იგნორირებამ, ფასების ზრდამ, ღრმა კრიზისამდე მიიყვანა ჩვენი მოსახლეობა. ზამთარი იწურება, ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი _ საგაზაფხულო სამუშაოების პერიოდი. სოფლის მოსახლეობა უძლურია, საკუთარი ძალებით განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები. გასაგებია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უმეტესობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას, მაგრამ აღნიშნული კრიზისიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამჟამად მაინც გამოიჩინოს კეთილი ნება და გონიერება”, _ ეს განცხადება 2 მარტს “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვანო ხომერიკმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტიდან გამოინახოს თანხები საგაზაფხულო სამუშაოების საწვავითა და ტექნიკით უზრუნველყოფის მიზნით _ უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში; შეიქმნას შტაბი, რომელიც დაკომპლექტდება დარგის სპეციალისტებით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებით, სასურველია, შტაბის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ხომერიკის გამოსვლას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილმა პოპულიზმი უწოდა: _ ყველამ ვიცით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა და ფინანსები, საგაზაფხულო სამუშაოების დროს, ყველა ოჯახს დახმარება გაუწიოს. საკრებულო უნდა იღებდეს უმეტესწილად ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და მის მუშაობაში 20% პოლიტიკა და 80% ეკონომიკა უნდა იდოს. ბუნებრივია, სრულიად აპოლიტიკური ვერ იქნება საკრებულო, თუმცა, მიმაჩნია, რომ უმჯობესია, დადებითი გადაწყვეტილებები მიიღოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მრეწველობის განვითარების კუთხით, _ თქვა ავთანდილ მექვაბიშვილმა.