“გურია ნიუსის” დღევანდელი ნომრის სტუმარი, პოლიტოლოგი, ბაქარ ბერეკაშვილია, რომელიც ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ინერტულ ჩართულობაზე, საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ შანსებზე გვესაუბრება.
_ ბაქარ, დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, საქართველოში, მუდმივად ვხედავთ ერთი და იგივე ადამიანებს, ერთი და იგივე მოწოდებებით, ოღონდ, ხშირად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სახელების ქვეშ. თქვენი აზრით, რატომ არ ჩნდებიან ახალი სახელები და რატომ აღარ აქვთ ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, რაც, გარკვეულწილად, უფრო საინტერესოს გახდიდა პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში.
_ საქართველოში გაბატონებულია მემარჯვენე იდეოლოგია, ნეო-ლიბერალური დისკურსები, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება საქართველოში საზოგადოების ინტერესებს და მოქალაქეთა საერთო ნებას. თუმცა, როგორც მმართველი პოლიტიკური ელიტა, ასევე ოპოზიციის დიდ ნაწილი ჯიუტად აძლიერებენ მემარჯვენე რიტორიკას თავიანთ პოლიტიკურ დისკურსებში. გასაგებია, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება _ იმიტომ, რომ იგი სარგებლობს მემარჯვენე იდეებით და იღებს კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მიმართულია ერთი გაბატონებული კლასის ინტერესების დასაცავად, რომელსაც თავად წარმოადგენს. ხოლო, ოპოზიციის ამგვარი პოლიტიკური მსოფლმხედველობა მთლიანად გაუმართლებელია და ეს მათ უკიდურეს სისუსტეზე მეტყველებს. ეს, ალბათ, უფრო იმითაა გამოწვეული, რომ საქართველო არის პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, სადაც მხოლოდ მემარჯვენე ან პოპულისტური იდეებით რეფლექსირებენ პოლიტიკური პარტიები. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ფუნდამენტურად განსხვავებული იდეოლოგიური იდენტობა აქვს პოლიტიკურ მოძრაობას “სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”, რომელიც გამოჩნდა, როგორც ევროპული ტიპის მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოძრაობის ძირითად ბირთვს სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ.
ზოგადად, რა თქმა უნდა ქვეყანაში არის სკეპტიციზმი ახალგაზრდობის მხრიდან პოლიტიკაში აქტიური ჩართვის მიმართ, რაც უკავშირდება არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს. სწორედ ეს პოლიტიკური რეჟიმი ახდენს ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის იდეის დისკრედიტაციას და ასეთი მიდგომები, როგორც წესი, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის.
_ ხელისუფლების მხრიდან მუდმივად გვესმის, რომ ვაშენებთ ლიბერალურ საზოგადოებას, რომ დემოკრატიული ღირებულებების დანერგვაა მათი მუშაობის პრიორიტეტი, თუმცა, ადეკვატურობა თავად პროცესებს ნაკლებად ეტყობა. სად არის პრობლემა?
_ საქართველოს ხელისუფლება არის ნეო-ლიბერალური, მემარჯვენე ფუნდამენტალისტური იდენტობის მქონე ხელისუფლება. შესაბამისად ამგვარი ხელისუფლება ვერ დანერგავს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ღირებულებებს ქვეყანაში, რადგან დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ისეთი მდგომარეობა, როცა მოქალაქეები მონაწილეობენ სახელმწიფოს მართვაში. საქართველოში კი მოქალაქეს ფუნქცია დაკარგული აქვს _ მისი სოციალური და პოლიტიკური როლი მთლიანად უგულებელყოფილია. საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი ვერ იქნება დემოკრატიის მხარდაჭერა, რადგანაც იგი არის აქტიური მოქალაქეობის იდეის წინააღმდეგი. აქვს ამბიცია, რომ გააკონტროლოს ადამიანის გონი და ყველა ის სოციალური სტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების მართვისთვის.
_ ქართული საზოგადოება ევროპული ლიბერალიზმისკენ იხრება, თუმცა, დღემდე არ არის გარკვეული, რას მოუტანს ეს ქვეყანას, რომელიც ელემენტარულ ტოლერანტობას ვერ აღწევს გარკვეულ საკითხებში.
_ მე ვფიქრობ, რომ როგორც მედია, ასევე ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს იმგვარ ევროპას აჩვენებს, რომელიც მისთვის არის ხელსაყრელი. სინამდვილეში, თანამედროვე ევროპა არ ემყარება იმ ნეო-ლიბერალურ იდეებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ევროპა არის სოციალური და იმ ტოლერანტულ გარემოს, რომელშიც ევროპას უწევს ცხოვრება, მან მიაღწია სწორედ სოციალური კეთილდღეობის შექმნით. საქართველოშიც აუცილებელია სოციალური თანასწორობა იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად შემწყნარებლები. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, სადაც არ იქნება გაბატონებული კლასები, რომლებიც ფლობენ ყველა წარმოების საშუალებებს და მაღალ ეკონომიკურ რესურსებს. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია გახდეს ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ რაც გვჭირდება, არის ის, რომ მოქალაქემ დაიბრუნოს ფუნქცია და ამ ფუნქციის დაბრუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საქართველოში აღარ იქნება მემარჯვენე ფუნდამენტალისტური პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს მმართველი პოლიტიკური ძალა.
_ სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და კანონს შორის? თუნდაც, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს თუ გავიხსენებთ?
_ მე ვფიქრობ, რომ 2007 წლის ნოემბერში, საქართველოს მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს არაძალადობრივი გზით და ამ შემთხვევაში მოძალადის და კანონის დამრღვევის როლში არსებული მჩაგვრელი პოლიტიკური რეჟიმი გამოვიდა _ მან დაარბია მშვიდობიანი აქცია.
_ ხშირად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება არის ინერტული. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, საქართველოში ჩატარებული არჩევნები. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობისა, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ, ან რა იქნება ხვალ, სანამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?
_ ვიმეორებ, საქართველოში მოქალაქეს დაკარგული აქვს ფუნქცია, რადგან მას უწევს იცხოვროს არადემოკრატიულ ქვეყანაში. ასეთი რამ კი, ანუ სამოქალაქო ჩართულობის იდეა, ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან რომ ამოვიდეთ, დამახასიათებელია მხოლოდ დემოკრატიული მოწყობის ქვეყნებისთვის. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად მძიმე პოლიტიკურ სივრცეში უწევთ ცხოვრება, ისეთ სივრცეში, სადაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთმანეთისგან დაშორებულია.
საქართველოში დაბალია პოლიტიკური განათლების დონე, რაც ხელსაყრელია ხელისუფლებისათვის, იმისთვის, რომ მან ადვილად მოახვიოს თავს მისი იდეები საზოგადოებას. უნდა ითქვას ისიც, რომ არასამთავრობო სექტორს ძალიან აკლია კრიტიკულობა ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც ასევე ბადებს უფრო მეტ სკეპტიციზმს მოქალაქეებში. აუცილებელია, რომ სამოქალაქო სექტორმა კარგად გაიაზროს მისი როლი ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის და თანასწორობისათვის ბრძოლაში.
_ ეროვნული უმცირესობების თემა საქართველოში ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის თემა და ახლაც ასეა. რამდენადაა მათი უფლებები დაცული საქართველოში?
_ საქართველოში, ისევე როგორც ეთნიკური უმრავლესობა, ეთნიკური უმცირესობა არის ჩაგრული კლასი. არსებობს გაბატონებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჩაგრავს მოქალაქეებს განურჩევლად ეროვნებისა. შესაბამისად, საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობა კონკრეტული პრობლემაა და არ უკავშირდება ეთნიკურ განზომილებას. საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ არის იმ მცირე გაბატონებული მმართველი ელიტის ნაწილი, არის რეჟიმის მსხვერპლი და ჩაგრული სოციალური კლასი.
_ ევროპის არაერთ ქვეყანაში გიცხოვრიათ და მიგიღიათ განათლება. რა გვაქვს ამ ქვეყნებთან საერთო და ხედავთ თუ არა ტენდენციას მაინც, რომ საქართველო ოდესმე ჩადგება მათ რიგში?
_ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს შანსი, ღირსეული ადგილი დაიკავოს თანამედროვე ევროპის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში. თუმცა, ამ რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელია, რადგანაც არსებული ხელისუფლება არის სკეპტიკურად და ანტაგონისტურად განწყობილი ისეთი ევროპული ღირებულებების მიმართ, როგორიცაა სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო ან ევროპული სამოქალაქო და დემოკრატიული იდეალები. თანამედროვე ევროპასთან დღეს ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, თუმცა, არსებული პოლიტიკური რეჟიმის და გაბატონებული პოლიტიკური დისკურსების ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი, წარმატებით ინტეგრირდეს ევროპასთან და ამით შედგეს, როგორც სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო და შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყანა.