გურია ძველთაგანვე ცნობილი იყო მრავალფეროვანი და უნიკალური ვაზის ჯიშებით. აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში აღწერა 420 ვაზის ჯიში (დღეისთვის აღწერილია 500-ზე მეტი), აქედან 59 _ გურიაში. ამ მაჩვენებლით ის II ადგილზეა საქართველოში კახეთის შემდეგ (66 ჯიში), ხოლო გურიის ისტორიული საზღვრების გათვალისწინებით კი _ პირველ ადგილზე. მარტო აქედანაც კარგად ჩანს, როგორ იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს რეგიონში.
დღეს, სამწუხაროდ, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, განთქმული უძველესი გურული ვაზის ადგილი უკავიათ დაბალხარისხოვან უცხოურ ჰიბრიდებს: იზაბელას (“ადესა”), ნოას (“ნოვე”), ჭეიშვილს, აგრეთვე ფრანგული წარმოშობის ჰიბრიდებს, რომელთაც შეცდომით კაჭიჭას ვეძახით.
სად გაქრა ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე რუდუნებით გამოყვანილი, ჩვენს ნიადაგს, კლიმატს თუ ხასიათს საოცრად მორგებული უძველესი აბორიგენული ჯიშები?
გურიაში მევენახეობის დაკნინების ძირითადი მიზეზია XIX საუკუნის II ნახევარში ამერიკის კონტინენტიდან ჯერ დასავლეთ ევროპაში, ხოლო შემდეგ საქართველოშიც ვაზის სოკოვანი დაავადებისა და ფილოქსერის შემოჭრა. იმ დროს, არ არსებობდა ვაზის მკურნალობის საშუალებები და ამიტომაც მასიურად გავრცელდა ე.წ. “უწამლო” ჰიბრიდი იზაბელა, რომელიც მაშინ ჭრაქით მცირედ ავადდებოდა, ხოლო ნაცარი პრაქტიკულად არ უჩნდებოდა.
იზაბელა _ ეს ბუნებრივი ჰიბრიდი, კალიფორნიის ტყეში იპოვა ვინმე იზაბელა გიფსმა. იგი ევროპაში 1820 წელს გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის გამოწერით ქ. ოდესის პორტით შემოვიდა ჩვენთან და იმავე სახელწოდებით დამკვიდრდა.
გურიაში გავრცელებული კიდევ ერთი ჰიბრიდი _ ნოე, იგივე ნოვე ან ნოველლა გურული ვარიაციებია და მისი ნამდვილი სახელწოდებაა ნოა _ ამერიკული პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდი, ძალიან მდარე ხარისხის ვაზი, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედ, თუმცა, უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი საკმაოდ მდგრადი.
ასევე პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდია ჭეიშვილი, რომელიც იზაბელასთან და ნოასთან შედარებით, უკეთესი ხარისხით გამოირჩევა და მისი, ასე თუ ისე, საშუალო ჰიბრიდები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება ქიწნურას, დირბულას, ჯიბრიდას (ან გიბრიდას), ფრანგულას, სებელის, ვაქირულას და სხვათა სახელწოდებით. ყველა ესენი გამოყვანილია ცნობილი სელექციონერების: კუდერკის, ზეიბელის და სხვათა მიერ.
შედარებით ხარისხიან პროდუქციას იძლევა დღეს გურიაში, განსაკუთრებით კი ისტორიულ ზემო გურიაში _ ჩოხატაურის რაიონში გავრცელებული იმერული ცოლიკაური, თუმცა, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, ხარისხით იგი მაინც ჩამორჩება იმერეთის რეგიონში მოწეულს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩოხატაურის რაიონში დღეისთვის შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ, მაინც იწარმოება განთქმული გურული ჩხავერი და ალადასტური; ასევე, გურიის სხვა რაიონებთან შედარებით, ცალკეულ საკარმიდამოებზე უფრო მეტადაა შემორჩენილი უძველესი გურული ჯიშებიც.
ჩვენს რეგიონში მევენახეობის დაკნინებაში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დიდი როლი ითამაშა კოლექტივიზაციამ, ჩაის მონოკულტურის დამკვიდრებამ და რეგიონში არატრადიციული მცენარეების (მაგ. ციტრუსების) გაშენებამ (განსაკუთრებით, ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონებში). ამის შემდეგ, ვაზისთვის ადგილი აღარ დარჩა.
ისმის კითხვა: რა გზით უნდა განვითარდეს მევენახეობა გურიაში?
ჩვენი აზრით, პასუხი ერთია: უნდა აღვადგინოთ ადგილობრივი მაღალხარისხოვანი ჯიშები, უნდა გამოსწორდეს დაახლოებით ერთნახევარი საუკუნის წინათ დაშვებული შეცდომა.
ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნებოდა მასიურად ყველა იმ 60-მდე ჯიშის გავრცელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ცხადია, თითოეულ მათგანს სჭირდება გადარჩენა და დაცვა ამისთვის სპეციალურად მოწყობილ საკოლექციო ნაკვეთებში, მაგრამ დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობაში მასიურად გასავრცელებლად უნდა შეირჩეს მოსავლიანობისა და ხარისხის თვალსაზრისით გამორჩეული რამდენიმე ჯიში.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საქართველოში ამ დარგის წამყვან მეცნიერებთან, სპეციალისტებთან და ასეთ ჯიშებად შევარჩიეთ:
წითელყურძნიანი: ჩხავერი (საღვინე), სხილათუბანი (საღვინე), მტევანდიდი (საღვინე), ორონა (საღვინე), ალადასტური (საღვინე-სუფრის), ჯანი (საღვინე-სუფრის), ჭუმუტა (საღვინე-სუფრის), მტრედისფეხა (სუფრის-საღვინე);
თეთრყურძნიანი: საკმიელა (საღვინე), თეთრი კამური (საღვინე-სუფრის), კლარჯული (სუფრის-საღვინე).
გურული ვაზის ჯიშების 70 % წითელყურძნიანია, დღეს კი მსოფლიოში მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა ამ ჯიშთა პროდუქციაზე როგორც ღვინის, ისე სუფრის ყურძნის მოხმარების მხრივ, მათი პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტირადიაციული თვისებების გამო.
ეტყობა, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს და ამიტომაც ამჯობინებდნენ წითელი ღვინის ზომიერად სმას, თუმცა, არც თეთრზე ამბობდნენ უარს.
სპეციალისტების შეფასებით, გურული წითელყურძნიანი (და არა მარტო) ჯიშები, ხარისხის თვალსაზრისით, სრულად პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, ისინი უმეტეს შემთხვევაში უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევიან.
ცნობილია, რომ წითელი ღვინო ძირითადად განკუთვნილია ხშირი, მაგრამ მცირე ულუფებად მოხმარებისთვის, თეთრი კი უფრო წვეულებებზე ისმება და შედარებით დიდი რაოდენობითაც. დღევანდელი ქართული ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, ჩვენში დღეს მაინც თეთრი ღვინო ფასობს, როგორც იოლად შესათვისებელი. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია თეთრყურძნიანი ჯიში საკმიელა (სინონიმები: საკმეველა, საკმიელი, საკმელა). იგი ადრე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ გურიაში. იძლევა მაღალხარისხოვან ღვინოს, უხვმოსავლიანია (ერთ ძირის საშუალო მოსავლიანობა მაღლარზე 70 კგ-მდე ადიოდა), არ ახასიათებს მეწლეურობა, შედარებით ადრეულმოსავლიანია (იკრიფება ოქტომბრის პირველ რიცხვებში). ასე რომ, საკმიელა გამორჩევით უნდა გავრცელდეს მასიურად.
ადესას, ნოვეს, ჭეიშვილის და სხვა ჰიბრიდების ჩანაცვლება მაღალხარისხოვანი ტრადიციული გურული ჯიშებით უნდა მოხდეს თანდათან და არა ე.წ. “შოკური თერაპიით”, ანუ მოსახლეობაში დღეს არსებულ ტალავერზე ან ოლიხნარზე (თუნდაც დაბლარზე) ვაზებს შორის შუალედებში უნდა დაირგოს ახალი ხარისხიანი ნერგები, რომლებიც სათანადო მოვლის პირობებში 2-3 წელიწადში მომძლავრდებიან და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებენ არსებულ ჰიბრიდებს.
თუ გვინდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი ვაწარმოოთ, უნდა გავითავისოთ ელემენტარული ჭეშმარიტება: მევენახეობაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ხეზე მიშველებული ვაზის ეპოქა. ხეზე ვაზს სრულყოფილად ვერც გასხლავ, ვერც შეწამლავ. ე.წ. “უწამლი ვაზი” კი, უმეტეს შემთხვევაში, დაბალხარისხიან პროდუქციას იძლევა და თანაც, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, გარკვეული რაოდენობით ტოქსინებსაც შეიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე იზაბელას წამლობა არ სჭირდებოდა, დღეს ოთხჯერ მაინც უნდა შეიწამლოს. ერთი-ორიც წამლობაც დავამატოთ და, სამაგიეროდ, მაღალხარისხოვან ღვინოს და სუფრის ყურძენს მივიღებთ.
დღეს გურია მევენახეობა-მეღვინეობის დონით საქართველოს სხვა რეგიონებს აშკარად ჩამორჩება. არადა, აქ ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე იწარმოებდა მაღალხარისხოვანი ღვინო და სუფრის ყურძენი.
ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში ტურიზმი აღმავალი გზით ვითარდება. რაც წარმოუდგენელია მაღალხარისხოვანი ღვინისა და სუფრის ყურძნის გარეშე.
ანდრო ვაშალომიძე, გურიის რეგიონული ასოციაციის “გურული ვაზის” გამგეობის თავმჯდომარე