ახალგაზრდა ფერმერი დავით ბარამიძე სოფლის მეურნეობით მაშინ დაინტერესდა, როცა ერთ კილოგრამი მანდარინი 15 თეთრი ღირდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ადგა და ციტრუსის უმეტესი ნაწილი გაჩეხა, მის მაგივრად კი კიტრის და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერისთვის ახალი საქმის წამოწყება ადვილი არ ყოფილა. მისი თქმით, საქმე იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ადამიანს შრომა უყვარს.
ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ცხოვრობს, მარტო კიტრის და პომიდვრის მოყვანით არ დაკმაყოფილებულა _ მის მფლობელობაში უზარმაზარი თხილის ბაღია, რომლითაც იგი ძალიან ამაყობს; ბატონმა დავითმა ახლახან დაიწყო თხილის ახალი პლანტაციის გაშენება; საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ნაკვეთზე ყურძნის და კივის ტალავერსაც ნახავთ; ახლა კი მეღვინეობით დაინტერესდა და ყურძნის გურული ჯიშების გამრავლებას აპირებს.
_ ოთხი წელია, დავიწყე ფერმერობა. აბა, რა მექნა _ კარტის თამაშს ხომ არ დავიწყებდი?! ყველას კარგად ახსოვს, რა ფასი ჰქონდა გასულ წლებში ციტრუსს საქართველოში, ამიტომ დავიწყე სხვა საქმის კეთება. რჩევით არავის ურჩევია, მაინც და მაინც ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი _ ბავშვობიდანვე მიყვარს მუშაობა. ყველაფერს ფული ხომ არ წყვეტს? მოდით რამდენიმე კვირაში და ნახავთ, რა სილამაზეა აქ. როდესაც გამწვანებულ მდელოს ნახავთ, სამოთხეში გეგონებათ თავი, ათიათასობით მცენარე ისეთ სილამაზეს ქმნის. საჭიროა ბევრი შრომა და მეც ვშრომობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეალიზაცია მოვახდინო. უფრო მეტად, ჩვენთან მოყვანილი კიტრი და პომიდორი ოზურგეთის სუპერ-მარკეტებში იყიდება, _ გვითხრა დავით ბარამიძემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ფერმერი ბიზნესის გაფართოებისთვის იბრძვის და სურვილი აქვს, სახელმწიფო იაფი კრედიტის აღებაში დაეხმაროს:
_ მილენიუმის პროგრამაში მქონდა შეტანილი პროექტი. ფინალამდეც მივედი, მაგრამ პირად ანგარიშზე ბანკში უნდა მქონოდა 14 000 ლარი. სულ 25 000 ლარი მჭირდებოდა, რომ კაპიტალური სათბური გამეკეთებინა, სამწუხაროდ, არ მქონდა აღნიშნული თანხა. დახმარება გვჭირდება, საწყისი კაპიტალი გვინდა. კარგი იქნება, სახელმწიფო თუ დაგვეხმარება დაბალპროცენტიანი კრედიტის აღებაში, თუ ახლა მომყავს 10 ტონა კიტრი, მომავალ წელს 100 ტონა კიტრს და 50 ტონა პომიდორს მოვიყვან.
_ რა ღირს სეზონზე თქვენი მოწეული ერთი კილოგრამი კიტრი და პომიდორი?
_ საბითუმო ფასით, ხარისხის მიხედვით, პომიდორი 80 თეთრიდან 2 ლარამდე ღირს, კიტრი კი _ 60 თეთრიდან 2 ლარამდე.
_ ვიცით, რომ მარტო ამ ბიზნესით არ ხართ დაკავებული.
_ თხილის ახალ პლანტაციას და ბაღს ვაშენებ. იქვე არის ვენახი, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი არ დაგვირგავს. ვაპირებთ, კანფეტის ხის დარგვასაც, რომლისგან არყის მიღებაა შესაძლებელი. ამ მცენარის ნერგებს იქ გამოვრგავ, სადაც დაუტვირთავი დამრჩა მიწის ნაკვეთი. ვაპირებ პავლონიას გაშენებასაც. მყავს ოთხი ოჯახი ფუტკარი, დავიწყე კივის გაშენება.
_ ვინ გეხმარებათ?
_ დაახლოებით, 10 ადამიანი მყავს დასაქმებული. ისინი სეზონურად სხვადასხვა საქმეში მეხმარებიან და ერთად ვმუშაობთ. მაისიდან რომ დავიწყებთ კიტრის და პომიდორის რეალიზაციას, წლის ბოლომდე ვაგრძელებთ.
_ თქვენი ოჯახის შესახებაც გვითხარით.
_ მყავს მეუღლე და ორი შვილი. დავამთავრე ანასეულის ბუნებასთსარგებლობის ინსტიტუტი, ღვინის ტექნოლოგიის სპეციალობით.
_ მევენახეობაში კარგად ხართ გაცნობიერებული და როგორ მიგდით საქმე ამ მიმართულებით?
_ როგორ და, სტუმარი რომ მეწვევა, ფხიზელს არ ვუშვებ. ჩემს ოჯახში 3 ტონა ყურძენი იკრიფება. ახლა დავიწყე გურული ჯიშების დარგვა. ანდრო ვაშალომიძე დაგვპირდა, რომ 20 ძირ საკმიელას ჯიშს მოგვცემს და იმის გაშენებას ვაპირებ. ამ საქმეში მამაჩემიც დამეხმარება.
ოჯახის უხუცესი წევრი ბადრი ბარამიძე, პროფესიით ფილოლოგია. ადრე რაიკომში მუშაობდა, ახლა კი, მეღვინეობით არის დაკავებული.
_ ხალხს სჭირდება დახმარება და ცოდნა, რომ კარმიდამოს მიხედოს. სამწუხაროდ, ახლა დავინტერესდი ყურძნის გურული ჯიშებით. არადა, ადრეც შეიძლებოდა ამ კუთხით მუშაობა. ანდრო ვაშალომიძესთან გავდივარ კონსულტაციებს. დამპირდა, რომ ნერგებს მომცემს. გურული ჯიშების გაშენებას ვაპირებ, _ გვითხრა ბადრი ბარამიძემ.
გიორგი გირკელიძე