(გურია ნიუსი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მცხოვრებმა ნაზლი ნაგუზალოვამ, როგორც თავად ამბობს, არაერთხელ აუტალახა კარი რაიონის გამგებელს გია გოგუაძეს. ამ ქალბატონს ბევრი გასაჭირი აქვს _ სახლი თავზე ენგრევა; ქვრივია; ჰყავს ოთხი ქალიშვილი, რომელთაგან ერთი ქმარს გაშორებულია და ჩვილი ბავშვით დედასთან ცხოვრობს; არ აქვს საოჯახო მეურნეობა, თუ არ ჩავთვლით ხუთიოდე ქათამს, და, რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მალე, შეიძლება, ნაზლი ნაგუზალოვა, თავის ქოხმახიანად და უძრავ-მოძრავი ქონებიანად, მდინარე სუფსამ წაიღოს! საქმე იმაშია, რომ მისი საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მდინარე სუფსის კალაპოტს ესაზღვრება, წყალმა ნახევრად უკვე შთანთქა. ქალბატონმა ნაზლიმ გვთხოვა, გაგვევლო მის ეზოში და შემდეგ მდინარე სუფსაშიც გადაგვეხედა, რომლის დინებას, უკვე მოზრდილი უბე აქვს გაკეთებული მისი სახლის გასწვრივ მდებარე ჩაზვავებულ მიწასთან. აქედან ნაგუზალოვას სახლამდე სულ ოცდაათიოდე მეტრია, ხოლო ნიადაგი ისეა გაჟღენთილი წყლით, ნაბიჯის გადადგმა ჭირს.
ამ საფრთხეების გამო, ნაგუზალოვას ოჯახი ღამეს მეზობლებთან ათევს. ჩვენს კითხვაზე, რომელ მეზობელს შეუძლია ამდენი სული შეიფაროს, გვპასუხობს, რომ ასეთი ადამიანები მართლაც არსებობენ და, ჯერჯერობით, მათ იმედადაა:
_ რამდენჯერმე ვიყავი ლანჩხუთის გამგებელთან გია გოგუაძესთან და მივმართე თხოვნით, მაგრამ იცით, რა მითხრა? _ ასი ოჯახია შენსავით სუფსაში და რა უნდა დაგეხმაროო? არ ვიცი, ამაზე უფრო რა უნდა გამიჭირდეს? საცაა წყალი წამიღებს ჩემი ფარღალალა სახლიანად!
ნაგუზალოვას ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფია და კუთვნილ სოციალურ დახმარებას იღებს, რაც პურის ფულად ძლივს ჰყოფნის.
დამშვიდობებისას, მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა გამგებელთან შეტანილი განცხადებების ასლები, რომლებიც კანცელარიაში 2010 წელს სხვადასხვა დროს არის გატარებული და რომლებსაც რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ის მაინც იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ადამიანები არ გაწირავენ.
ჩვენი ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ ნაგუზალოვას ოჯახი მეტად სახიფათო მონაკვეთზე ცხოვრობს და სახლის შეკეთებაზე უფრო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას საჭიროებს.