ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლში, ვიდრე საგანგებოდ წამოჭიმული ვილები თვალს მოგტაცებთ, ცენტრალური ტრასის თუ პატარა ბილიკების გასწვრივ, მიყრილ-მოყრილი ნაგვის გორები განწყობას წაგიხდენთ. თუ აქ ადრიან გაზაფხულზე გაივლით, მარტის სუსხიანი ქარი ამ ნაგავს პირდაპირ სახეში მოგაყრით. მიუხედავად დიდი ხნის ძებნისა, სანაგვე ურნა ვერსად ვიპოვეთ _ როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, არც არასდროს მდგარა. რაც შეეხება ზღვის სანაპირო ზოლს, იგი მთლიანად ნაგვითაა სავსე. ვინმე იტყვის, ზღვის ტალღების გამორიყულიაო, მაგრამ ზაფხულშიც პლაჟის ახლო-მახლო რომ არსად მდგარა ურნა, ამას ადგილობრივებიც გვიდასტურებენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე ამბობს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მოითხოვდა, ურნები დაედგათ გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლში: _ გურიის დანარჩენ ზღვისპირა ზოლში, ურნები დიდი ხანია, დაიდგა. რატომ გახდა ასე შეუძლებელი გრიგოლეთში ამის გაკეთება, არ ვიცი. მაშინ ნაგვის მანქანის გამოყოფის გადაწყვეტილებაც მივიღეთ, მაგრამ რეალურად მაინც არაფერი გაკეთდა. მაშინ, როცა 10 მილიონზე ავიდა ლანჩხუთის ბიუჯეტი, რა გახდა ეს ურნები? ნაგავსაყრელიც უნდა გაკეთებულიყო სუფსაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაც ქაღალდზე დარჩა.
ვიდრე ქაღალდზე დარჩენილ გადაწყვეტილებებს ობი ედება, გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლში გაფანტულ სხვადასხვა დანიშნულებით მოხმარებული ქაღალდები და ნაგვის “ნაირსახეობები” ქარს ოთხივე მიმართულებით მიაქვს.