სურათის უკეთესად დასანახად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული შეიარაღების გრაფიკულ სურათს გთავაზობთ, უფრო ქვემოთ კი, მოისმენთ შექმნილი ვითარების სამხედრო და პოლიტიკურ ანალიზს.
აფხაზეთში განთავსებულ მე-7 სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულია 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთში აქვს მიღებული და ერთ-ერთ ბრძოლისუნარიან სამხედრო დანაყოფად მიიჩნევა.
რაც შეეხება აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობას, ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
1. 40 დან 45 მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა – ბმპ-1 და ბმპ-2.
2. 30 ერთეული ტე-72 ტიპის ტანკები.
3. არტილერიული დანადგარები, როგორც თვითმავალი, რეაქტიული ასევე ბუქსირებადი.
4. აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე ასევე განთავსებულია, უახლესი ტე-90 ტიპის ტანკები, რომლებიც თავისი მონაცემებით აღემატება ტე-72-ს.
5. ბომბორას აეროდრომზე განთავსებულია, 55-ე ცალკეული შვეულმფრენთა შერეული ესკადრილია – მი-24 და მი-8 ტიპის შვეულმფრენები.
6. 20 ერთეული, გამანადგურებელი ტიპის სუ-27 და მოიერიშე სუ-25 2009 წელს, დეფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთი ვალდებულებას იღებს კონტროლზე აიყვანოს აფხაზეთის სასაზღვრო ზოლი. ოჩამჩირის პორტში ამ ეტაპზე 4 ახალი ტიპის რუსული სადარაჯო სასაზღვრო კატარღა “Соболь” და “Мангуст-ია. მათი რაოდენობა 8-მდე უნდა გაიზრდოს. 2009 წელს, რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, პორტის სიღმემ 3, 8 მეტრიდან 9 მეტრს მიაღწია, რის შედეგადაც პორტს საშუალება აქვს 10 ათასი ტონა წყალ–ტევადობის მზიდი გემები მიიღოს.
რუსეთმა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე განალაგა ეს-300 ტიპის ჰაერსაწინააგმდეგო კომპლექსები. ზოგადი მახასიათებლები: რაკეტების მოქმედების არეალი მოდიფიკაციების მიხედვით 75 კმ-დან 200კმ-მდეა, გარდა რაკეტის მოქმედებისა ეს-300 – ებს საჰაერო სივრცის კონროლიც შეუძლიათ. მასთან ერთად, სამხედრო აეროდრომების თავდაცვის უზრუნველსაყოფად საზენიტო კომპლექსი ე.წ. “ტუნგუსკა”–ს დივიზონია განთავსებული.
მოდიფიკაციის მიხედვით, ეს 300-ებს აფხაზეთიდან 200 კილომეტრის რადიუსით შეუძლიათ გადაფარონ შესაბამისი ტერიტორია. ეს უკანასკნელი მთლიანად მოიცავს დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცეს, მათ შორის საფრთხეს უქმნის ქუთაისისა და ბათუმის აეროდრომების გამართულ მუშაობას.
საერთო ჯამში, აფხაზეთში წარმოდგენილი ცოცხალი ძალის რაოდენობა ღია წყაროების მიხედვით 5500-მდეა, აქედან:
1. გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაზე – დისლოცირებულია 3800 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
2. დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის პერიმეტრს კი, რუსეთის ფედერალური უსაფრთოების სამსახურის 1700 მესაზღვრე აკონტროლებს.
სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი
მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალში, აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზის მსგავსად თითქმის ანალოგიური შეიარაღებითაა დაკომპლექტებული. რამდენიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით:
1. 9К58 “სმერჩის” ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ცალკეული დივიზიონი – უნდა აღინიშნოს, რომ “სმერჩი” თავის კლასის იარაღში საკმაოდ ეფექტურია და მაღალ შეფასებას იმსახურებს. მას 12 რაკეტის გამშვები აქვს და მისი ცეცხლი ფარავს 20 დან 90- კმ-მდე მანძილს და მისი ერთი სრული ზალპით, იფარება 7 ჰექტარი მიწის ფართობი.
2011 წელს კი ცხინვალის რეგიონში, ოფიციალურად დადასტურდა ე.წ. “ტოჩკა-უ”–ს ტიპის რაკეტების დივიზიონის არსებობა.
“ტოჩკა-უ” შეტევითი კლასის იარაღია. – აღნიშნული ტიპის დანადგარი განკუთვნილია წერტილოვანი დარტყმებისათვის და მისი რაკეტის მოქმედების მანძილი 120კმ-ია. აღნიშნული მანძილის დაფარვას, გასროლიდან მიზნამდე, 151 წამი სჭირდება. სავარაუდოდ, ე.წ. ტოჩკა-უ განთავსებული უნდა იყოს ჯავის ტერიტორიაზე, თუმცა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გადაადგილება შესაბამის საბრძოლო პოზიციებზე.
რაც შეეხება ე.წ. “ტოჩკა-უ” -ს რაკეტების დაფარვის ზონას – მოდიფიკაციის მიხედვით, ის 120 კილომეტრზე მიფრინავს.
სულ საერთო ჯამში, ამ ეტაპზე მე-4 სამხედრო ბაზაზე, ცხინვალის რეგიონში მობილიზებულია 50-მდე ტანკი, 150 საბრძოლო ქვეითი მანქანა, ცოცხალი ძალა – 4 ათასი ჯარისკაცი. რაც საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიიდან შევსებას ექვემდებარება.
შეიარაღებასა და მის მახასიათებლებზე აქცენტი, ჩვენი მხრიდან შეგნებულად გაკეთდა. ვინაიდან სამხედრო და პოლიტიკური რისკების შეფასებისას ანალიტიკურ წრეებში, ამ უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – თავდაცვითია ის თუ შეტევითი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამალებული მილიტარიზაციის პროცესი, გიორგი თავდგირიძეს საშუალებას აძლევს, საქართველო-რუსეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირება ივარაუდოს:
გიორგი თავდგირიძე: თადარიგის პოლკოვნიკი, 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, შავნაბადას ბატალიონი, I საარმიო კორპუსის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, 2002 წელი გენერალური შტაბის J4 მთავარი სამმართველოს უფროსი. სამხედრო განათლება გენერალური შტაბის აკადემია – გერმანია.
“ცხინვალის რეგიონი ეს არის სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანი რეგიონი თუ საქართველოზე სახმელეთო ოპერაციების არეალის გაფართოება გინდა. ფაქტიურად, ცხინვალიდან ადვილად ხდება საქართველოს ორ ნაწილად გახლეჩვა – აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. რაც იძლევა დამოუკიდებელი შეტევების განხორციელების საშუალებას. დამხმარე ფუქნცია აქვს აფხაზეთს. ეს არის დამხმარე შეტევითი ხაზი.
იმ შემთხვევაში თუ ხდება საბრძოლო მოქმედებების სინქრონიზაცია ცხინვალიდან ხდება საქართველოს ორ ნაწილად გაყოფა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებიდან დასავლეთ საქართველოში უმართავად დარჩენილი ქვედანაყოფების განადგურება და ტერიტორიის დაკავება.
მიმდინარე პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გიორგი თავდგირიძეს საშუალებას აძლევს, ახალი რუსული სამხედრო აგრესია ივარაუდოს:
გიორგი თავდგირიძე:”რუსეთი ამ ეტაპზე პირველ ფაზას ასრულებს, ამ ფაზის გეგმის მიხედვით, ხდება რეგიონის სრული მილიტარიზაცია. ტექნიკა და ზოგადად შეიარაღება, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლის, შეირაღებული დაპირისპირების შემთხვევაში კი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და შეიარაღების გასანადგურებლად. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ ყველაფერი მზადდება ახალი სამხედრო აგრესიის გასაფართოვებლად.”
მეორე სამხედრო ექსპერტი, გიორგი მელითაური (1992-1993 წლებში იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, შავნაბადას ბატალიონის ოცმეთაური, 2002/2003 წლებში იყო სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილ, მინიჭებილი აქვს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი და მედალი მხედრული მამაცობისთვის. სამხედრო განათლება: გენერალური შტაბის აკადემია – გერმანია.) კი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია, ორი რუსული სრულყოფილი სამხედრო შენაერთი, ანუ ცალკეული ბრიგადები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შეასრულონ დასმული ამოცანები, თუმცა ამ ორი ბრიგადის ძალებით წარმოუდგენელია შეტევითი ხასიათის ოპერაციების წარმოება. ამ შენაერთებს უფრო მეტად აქვთ პლაცდარმის შექმნის ფუნქცია..”
რუსი სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, სამხედრო წოდებით პოლკოვნიკი, პროფესიულ მოვალეობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ასრულებდა. საკუთარ თავს პროფესიონალ სამხედრო ჟურნალისტად მიიჩნევს და რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთ განცხადებას აკეთებს:
“თუ გადახედავთ ლექსიკონს, ნახავთ რომ პროცესი რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არავითარ კავშირში არ არის მილიტარიზაციასთან. ეს არ არის მილიტარიცაზია. 3.500 ჯარისკაცი კი სულაც არ წარმოადგენს ცოცხალი ძალის დიდ რაოდენობას. საქართველოს არმია გაცილებით აღემატება ამ რაოდენობას. რაც შეეხება იქ განთავსებულ შეიარაღებას, რაკეტები ჩვენც (რუსეთს) გვაქვს მაგრამ არავის წინააღმდეგ არ ვაპირებთ მის გამოყენებას, ხოლო შეიარაღება აფხაზეთში ეს უფრო შემაკავებელ ხასიათს ატარებს, რა თქმა მომდევნო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც ამ რესპუბლიკებს შეიძლება დაემუქროს საქართველოდან, დიახ, საქართველოდან, აბა სხვა ვინ ესაზღვრება ამ სახელმწიფოებს?”
რუსული სამხედრო კონტინგენტი რეგიონში წარმოდგენილია მთლიანად კავკასიაში და მან რეგიონის ბუნებრივი საზღვარი – კავკასიონის ქედი 2008 წელს უკვე გადმოლახა. აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში, რუსული შეიარაღების მობილიზების პროცესი ექსპერტების თქმით, ერთ დიდ კავკასიურ კონტექსტში უნდა იქნას დანახული – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები სომხეთთან ბოლო შეთანხმების საფუძველზე, კიდევ დიდხანს დარჩებიან გიუმრის სამხედრო ბაზაზე. მიმდინარე ეტაპისთვის, ჩრდილოეთ კავკასიაში კი სამხედრო შენაერთების უპრეცენდენტო მაჩვენებელი ფიქსირდება. შესაბამისად, სულ უფრო ბუნდოვანი ხდება რეგიონის პოლიტიკური მომავალიც. განსაკუთრებით კი ეს საქართველოს შემთხვევაში იჩენს თავს, იმდენად რამდენადაც რუსეთის მმართველ წრეებში, არ არის გამორიცხული საქართველოს ოკუპაციის პროცესი ჯერ დაუსრულებელ საქმედ მიაჩნდეთ.
ირაკლი ტორონჯაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს: “რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების პოლიტიკური მომავალი გაურკვეველია. მათი აღიარების ფაქტი, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ განმათავისუფლებელი ძალების მიერ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებენ – ანუ, თუ აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ ჰქონდეთ თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რატომ არ შეიძლება დამოუკიდებლობა ჰქონდეს, “ლეზგინებს”, ჩრდილო ოსებს, ჩეჩნებს? ამიტომ, ეს “საქმე” რუსეთს დასრულებული არ აქვს და ალბათ ამ პრობლემის მოგვარებას, ძველი იმპერიული მეთოდებით ეცდება”.
ოკუპირებული რეგიონის აღიარებამდე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება-არ აღიარების საკითხი, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ვაჭრობისა და დიალოგისთვის ერთგვარი საფუძველი იყო. დღეს, დე-ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას კი ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების მობილიზება დაემატა, რაც ოფიციალურ დონეზე, დიალოგის პერსპექტივას, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი: “რეალური პროგრესის დანახვა რუსეთთან ურთიერთობების, ნორმალიზაციის მიმართულებით სულ უფრო ძნელი ხდება, მაშინ როცა სამხედრო ინსფრასტრუქტურა ასე ღრმად იდგამს რეგიონში ფეხს, ასეთ ვითარებაში მას სულ უფრო გაუჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ამ შექმნილი მდგომარეობიდან ის პოლიტიკური მანევრის სულ უფრო ნაკლებ გზას იტოვებს. რა თქმა უნდა, მილიტარიზაციის პროცესი აღნიშნული რეგიონის მოსახლეობაში, სხვანაირ ფსიქოლოგიურ განწყობებს ქმნის. სეპარატისტულად განწყობილი ძალები, დე-ფაქტო ხელისუფლების ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობა, რეგიონს განიხილავს როგორც რუსეთის ტერიტორიას, ან რუსებისგან დაცულ ტერიტორიას და სულ უფრო ნაკლები სურვილია ისაუბრონ მომავალზე, ქართულ მხარესთან”.
როგორი შეიძლება იყოს ეს ფსიქოლოგიური განწყობები, რომელზეც ექსპერტი საუბრობს. ვფიქრობთ, დაახლოებით ისეთი, როგორიც მედია საშუალება “კავკასკი უზელის” მიერ მომზადებულ ვიდეო მასალაში გვხვდება. აღნიშნულ ვიდეოში, ნაჩვენებია სწორედ ის განწყობები და მოსაზრებები, რომელზეც კახა გოგოლაშვილი საუბრობდა.
რთული პოლიტიკური თუ სამხედრო ვითარების პირობებში, ექსპერტთა ნაწილი დიალოგს უალტერნატივო გადაწყვეტილებად მიიჩნევს:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი აცხადებს:
“ვინაიდან საქართველოში არსებული ვითარების ინტერპრეტირებისთვის ასეთი ფონი არსებობს რუსეთში, ვფიქრობ რომ ყველაზე ეფექტური კონტრზომა იქნება დიალოგის დაწყება. თუ პრეზიდენტები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ეს არ ნიშნავს, რომ საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვასაც აკრძალული უნდა ჰქონდეს. ჩვენი მხრიდან, უნდა ვაჩვენოთ რომ ანტაგონიზმი რუსეთის მიმართ დროშად არ გვაქვს გადაქცეული.”
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი
ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული შეიარაღება – სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეები _ ვიდეო