საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა მოაწყო. სხდომაზე მოწვეული იყო რეინტეგრაციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს “გურია ნიუსის” მკითხველებს ესაუბრება.
_ დღეს, მთავარია ყველას კონსოლიდაცია, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპაციას. ჩვენი სამინისტრო მუდმივად პოლიტიკის შემუშავების და გახორციელების პროცესშია. ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ სახელმწიფომ დრო არ დაკარგოს. ეს არ არის პარლამენტთან თანამშრომლობის პირველი ეტაპი. ყოველთვის ვცდილობთ დეპუტატები ვამყოფოთ საქმის კურსში, თუ როგორ მომდინარეობს ჩართულობის სტრატეგიის აღსრულების პროცესი.
_ რა იყო შეხვედრის მთავარი მიზანი?
_ სხდომაზე ფართოდ მიმოვიხილეთ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩართულობის სტრატეგიის აღსრულების პროცესი, რა არის მთავარი სირთულე და მიღწევები, დავსახეთ ის სამომავლო გეგმები, რომელიც უნდა გავახორციელოთ; გვქონდა აზრთა ურთიერთგაცვლა.
_ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ნეიტრალური პასპორტების შემოღებას.
_ ნეიტრალური პასპორტებით ამ ადამიანებს მიეცემათ მოძრაობის თავისუფლება. ეს დოკუმენტები სურვილის მიხედვით გაიცემა _ მათ არ ვაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ აღიარონ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი. წლის მეორე ნახევარში დაიბეჭდება ეს პასპორტები, რომლებსაც არ ექნება საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული პასპორტის არჩევნის საშუალება.
_ როგორ უნდა დაიძლიოს გაუცხოების პროცესი?
_ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ჩართული უნდა იყვნენ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში, აუცილებელია მათი უფრო მეტად ინტეგრირება ჩვენ საზოგადოებაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გვაქვს კონკრეტული იდეები და პროექტები. ვმუშაობთ ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით. გვინდა, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ განათლების მიღებაში. რაც მთავარია, უნდა მოვიძიოთ საშუალებები, რომლებიც მეტი კავშირების დამყარების შესაძლებლობას მოგვცემს საოკუპაციო ხაზის იქეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.
_ სერგეი ბაღაფში ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში.
_ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა მყარი განცხადება, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.