ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთერ მენაბდე “გურია ნიუსთან საუბარში ამბობს, რომ მისი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი თვითნებურად გამოიყენეს ექადიაზე წყლის რეზერვუარის ასაგებად.
_ რამდენჯერმე მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ _ მათგან დღემდე არანაირი პასუხი არ მიმიღია, მხოლოდ დაპირებები და მეტი არაფერი. ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის საქმე, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სასამართლო დავის საგანი გახდა. გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანეს ოზურგეთის რაიონულმა, ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა, მაგრამ, დღემდე შეუსრულებელია ის ვალდებულება, რაც დაეკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სოფელ შემოქმედის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებში გატარდა წყლის მილები, კვადრატულ მეტრებში აუნაზღაურეს გარკვეული თანხა, რომლის შესახებაც საბუთები არსებობს; ჩვენ რა დავაშავეთ?! _ კითხულობს დაზარალებული.
მისივე თქმით, ხუთი წელი გადის, რაც ეს დავა დაიწყო და დღემდე არ აღსრულდა სამართალი: _ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი უნდა გადმოგვცენ ან კიდევ _ კომპენსაცია. ჩვენ ვითხოვთ კომპენსაციას. ისეთი მიწის ნაკვეთების გადმოცემა სურდათ, რომელიც ჩვენი საცხოვრებლიდან მოშორებულია და ასეთი კიდევ არ გვინდა, _ ამბობს ეთერ მენაბდე, რომელსაც ექადიაზე მიწის ნაკვეთზე ხეხილი და ჩაის პლანტაცია ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: “2006 წლის 17 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ანზორ და შოთა მენაბდეებმა (ეთერ მენაბდის მეუღლემ), ზურაბ და ლაშა მორჩილაძეებმა; მოპასუხედ დაასახელეს ოზურგეთის გამგეობა და მოითხოვეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მიწის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სარჩელში მიუთითეს, რომ რეფორმის დროს, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები მდებარე ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიის ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ, “ზეგანში”: ლაშა მორჩილაძეს 2457 კვ.მ; ზურაბ მორჩილაძეს _ 1000 კვ.მ; ანზორ მენაბდეს _ 2700 კვ.მ; შოთა მენაბდეს _ 2 500 კვ.მ. გააჩნიათ მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები. საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე გაშენებული იყო ჩაის პლანტაციები, რომლებსაც უვლიდნენ, კრეფდნენ და გააჩნდათ გარკვეული შემოსავალი. ბოლო პერიოდში, მათ მიწის ნაკვეთზე გამოჩნდა ტექნიკა და დაუკითხავად დაიწყეს წყლის მილების გაყვანის სამუშაოები”.
მათ მოთხოვნაზე ოზურგეთის რაიონის გამგეობამ წერილობით აცნობა, რომ არსებობდა მახარაძის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს, 1983 წლის #431 გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ნაკვეთები გამოყოფილი იყო წყალსადენის მშენებლობისთვის და ისინი სარეფორმო ფონდში არ უნდა შესულიყო.
მხარეთა განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მართლაც არსებობდა, მაგრამ წყალსადენის მშენებლობისთვის აღმასკომის მიერ გამოყოფილი იყო ტყე, ე.წ. “ბუჩქნარი” და არა ჩაის პლანტაციები. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფდნენ მიწის რეფორმის კომისიის წევრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხის მხრიდან საკუთრების ხელყოფის აღკვეთა, მიწის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ოზურგეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2008 წლის 26 მარტს განახლდა საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე და ოზურგეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2008 წლის 9 ივნისს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნეს, რომ გარკვეული გარემოებების გამო, მათმა თავდაპირველმა სასარჩელო მოთხოვნამ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ აზრი დაკარგა და მოითხოვეს ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე ლაშა მორჩილაძემ უარი განაცხადა სარჩელზე, რის გამოც, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება მისი მოთხოვნის ნაწილში; ხოლო ზურაბ მორჩილაძის მიერ სარჩელის გახმობის გამო, სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით, მის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
მოპასუხეებმა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განაცხადეს თანხმობა ანზორ და შოთა მენაბდეებისთვის გაცემულიყო შესაბამისი კომპენსაციები საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომლებიც წყალგამყვანი მილებით იქნა დაკავებული და რის გამოც შეუძლებელი იყო მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. დანარჩენ ნაწილში მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ანზორ და შოთა მენაბდეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაევალათ ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიის ტერიტორიაზე, ე.წ. “ზეგანში” მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული 2700 და 2218,61 კვ.მ მიწის ნაკვეთის მონაცვლება ტოლფასი მიწის ნაკვეთით ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისთვის არსებული საბაზრო ფასების მიხედვით ამ ნაკვეთზე ყოფილი სრულმოსავლიანი ჩაის პლანტაციების გათვალისწინებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მხოლოდ სარჩელის აღიარებულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს დაევალა ანზორ და შოთა მენაბდეებისთვის ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიის ტერიტორიაზე საკუთრებაში გადაეცათ მათ საკუთრებაში არსებული 2700 და 2218,16 კვ.მ. ფართის ტოლფასი მიწის ნაკვეთები ან გადაეხადათ შესაბამისი კომპენსაცია გადაწყვეტილების აღსრულების დროისთვის არსებული საბაზრო ფასის მიხედვით; დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება წარუმატებლად დასრულდა ოზურგეთის გამგეობისთვის და საკრებულოსთვის, თავმჯდომარემ მ. ვაჩაძემ და მოსამართლეებმა ნ. ქადაგიძემ და პ. სილაგაძემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: დადგინდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი თინათინ ლომჯარია ჩვენთან საუბრისას ამბობს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაზარალებულ მხარეს დროულად მოუგვარდეს პრობლემა:
_ როგორც ვიცი, ეს ქალბატონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან რამდენჯერმე იყო და მიმდინარეობს მოლაპარაკება, ხან მიწის ნაკვეთს ითხოვს და ხან კიდევ კომპენსაციას, _ გვითხრა ლომჯარიამ.
ორგანიზაციის “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის _ საქართველოს“ იურისტებმა აღნიშნულ საქმეზე კომენტარი “გურია ნიუსის “თხოვნით, როგორც ყოველთვის უანგაროდ და გულისხმიერად მოამზადეს:
“თავიდანვე გვსურს განვმარტოთ, რომ საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვისა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ან გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას, თუმცა, ასეთი ჩამორთმევა უნდა გახორციელდეს კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში სასამართლო გადაწყვეტილებით. გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონის შესაბამისად”, _ აცხადებენ იურისტები.
მათივე თქმით, საკუთრების უფლება ასევე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც კონვენციის ნაწილია და მისი დაცვა სავალდებულოა საქართველოსათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
_ მიგვაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში შესაბამის ორგანოებს უნდა ეხელმძღვანელათ ზემოთ ხსენებული ნორმებით და სამართალწარმოება უნდა განეხორციელებინათ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ცხადია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სამუშაოების გახორციელება წარმოადგენს ამ მიწის მესაკუთრეების საკუთრების უფლებაში ჩარევას. მიგვაჩნია, რომ სამუშაოების თვითნებურად დაწყება წარმოადგენს უკანონო მოქმედებას. ამ მოქმედებას ვერ გაამართლებს ის ფაქტი, რომ თითქოს, მახარაძის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1983 წლის #431 გადაწყვეტილებით, რომლითაც სადავო ნაკვეთები გამოყოფილი იყო წყალსადენის მშენებლობისათვის და ისინი სარეფორმო ფონდში არ უნდა შესულიყო. ხსენებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, სათანადო ორგანოები ვალდებულნი იყვნენ ჯერ გაესაჩივრებინათ სადავო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის აქტი, იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლოთ დაეწყოთ შესაბამისი სამუშაოები.
წყალსადენის მშენებლობა, ვფიქრობთ, ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივ საჭიროებას, რაც შესაძლოა გახდეს საკუთრების ჩამორთმევის საფუძველი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ასეთი ჩამორთმევა უნდა გახორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით, რასაც აღნიშნულ საქმეში ადგილი არ ჰქონია.
სათანადო ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ანაზღაურება უნდა გახორციელდეს საკუთრების ობიექტის საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მიგვაჩნია, რომ ანაზღაურება სათანადო და სამართლიანი იქნება, თუ გათვალისწინებული იქნება ამ ნაკვეთზე მდებარე სრულმოსავლიანი ჩაის პლანტაციები, რაც მიუთითა კიდეც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაში. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში და რატომ მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში მხოლოდ ტოლფასი მიწის ნაკვეთების გადაცემა ან სათანადო ანაზღაურების გაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიწის მესაკუთრეების მიმართ უხეშად დაირღვა საკუთრების უფლება და ვფიქრობთ, დაზარალებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არა მარტო სათანადო ანაზღაურება, არამედ, შესაბამისი ორგანოების უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.
ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის ფაქტი, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული და ეს მაშინ, როცა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან გასულია წელიწადი და სამი თვე. განვმარტავთ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოს გამოტანილი აქვს უამრავი გადაწყვეტილება.
ბოლოს, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მიწის მესაკუთრეების მიმართ საკუთრების უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი სათანადო ანაზღაურებას არ მიიღებენ. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, მიიღონ სათანადო ზომები, რათა აღმოიფხვრას დაზარალებულთა უფლებების დარღვევა. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ ორგანიზაცია “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს აღნიშნულ პირებს და სხვა ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ანალოგიურ დარღვევას. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ამ პირთა უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში, _ გვითხრეს “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის _ საქართველოს“ იურისტებმა.