შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2009 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლებშიც ემიგრაციის ძალიან მაღალი დონეა. ქართველ არალეგალთა უმრავლესობა თურქეთშია თავმოყრილი.
თინა ცინცაძე 10 წელზე მეტია, თურქეთში ლეგალურად ცხოვრობს. პატარა ბინა, რომელსაც ქართველები “დასაქმების ოფისს” ეძახიან, ნაქირავები აქვს. კვირა დღეს “პატრონები” ქართველებს დასვენების უფლებას აძლევენ. ამიტომაც, სამუშაო კვირის ბოლო დღეს თინასთან ხალხმრავლობაა.
ჭიქა ყავაზე
ყავა ნალექიანია… აი, ისეთი, თურქულს რომ ეძახიან.
_ ეს ჩვენი პატარა საქართველოა. აქ ერთმანეთის ჰაერით ვსუნთქავთ. პრობლემებით და ტკივილით გადაღლილები აქ ვისვენებთ, _ მიხსნის თმაშევერცხლილი ქალბატონი.
ჩემი რესპონდენტი _ ლეილა კიღურაძე 47 წლისაა. 5 წელზე მეტია თურქეთში მუშაობს. ამ დროის მანძილზე ბევრი სამსახური გამოიცვალა. ამბობს, რომ პრობლემებმა თურქეთში ჩამოსვლისთანავე იჩინეს თავი:
_ როცა თურქეთში ჩამოვედი, ასე მასობრივად არ იყვნენ ქართველები. ბოლო 3 წელია, რაც მომრავლდნენ დასაქმების მსურველი ჩვენებურები. როცა ჩამოვედი, არც ენა ვიცოდი, არც _ გზა-კვალი. მეგობრის დახმარებით, რომელიც თურქ კაცზე იყო გათხოვილი, ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მოვეწყვე. ანაზღაურებაც ნორმალური მქონდა. პირველი სამი თვე მშვიდად ვიყავი. დასვენების დღით არ ვსარგებლობდი და იმ დღეს გამომუშავებული თანხით შვილებისთვის რაღაცეებს ვყიდულობდი. ერთ დღეს კი, რესტორნის მმართველი შეიცვალა და შეიცვალა ჩემი ცხოვრებაც. ახალგაზრდა ქალბატონი იყო, კარგად მოვლილი. ყოველ დილით, სამუშაო დღეს რესტორნის სამზარეულოს დათვალიერებით იწყებდა. გვიკრძალავდა, რომ ჭურჭელი ხელთათმანით გაგვერეცხა. თურქეთში ხისტი წყალია _ ერთ კვირაში ხელები გამიშავდა და კანი დამისკდა. იმის მაგივრად, რომ ხელთათმანის ჩაცმის ნება მოეცა, სახაზავი რამდენჯერმე მითავაზა და სამსახურიდან გამომაგდო. თან ისე, რომ ბოლო სამი თვის გამომუშავებული ხელფასი არ გამისტუმრა, _ იხსენებს ქალბატონი ლეილა.
მისივე მონაყოლიდან გავიგეთ, რომ ქუჩაში ღამეების გათევაც მოუხდა და სამოწყალოდ გადაგდებული გროშებით ნაყიდი საჭმლით დანაყრებაც. ამას ავი დიასახლისი და ცუდად გადაწმენდილი მტვრის გამო დატოვებული სამსახური მოჰყვა. ახლა კი, 84 წლის სკლეროზით დაავადებულ ხანდაზმულს უვლის, რომელიც აგრესიას ლეილას ცემით გამოხატავს.
აქ, ჭიქა ყავაზე ბევრ ისტორიას მოისმენთ. ბევრი, ძალიან ბოროტ ზღაპარს ჰგავს _ მაგალითად, ამბობენ, რომ ფაბრიკებში მომუშავე ქართველ ქალებს ხშირად აუპატიურებენ მფლობელები და ზედამხედველები, თუმცა ამ ყველაფრის აფიშირება არ ხდება. ქართველი ემიგრანტების თქმით, პოლიციისთვის არავის მიუმართავს:
_ ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური, ხშირია. ადგილობრივები არალეგალ ქართველებს მონებად მიიჩნევენ. რაც არ უნდა დაგვიშავონ, პოლიციას ვერ მივმართავთ, რადგან სამუშაო ნებართვა არც ერთს არ გვაქვს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. ჯარიმას დეპორტიც მოჰყვება და ეს არავის “აწყობს”, _ მიხსნის მანანა ცხომელიძე.
ნანა მგელაძემ ახლობლისგან პროცენტიანი ვალი აიღო, 4 შვილი დედას დაუტოვა და თურქეთში სამუშაოდ წამოვიდა:
_ სანამ წამოვიდოდი, აქ მყოფ ახლობლებს ტელეფონით ვუკავშირდებოდი. მაღალანაზღაურებად სამსახურს მპირდებოდნენ. აქ ჩამოსულს ისეთი ვითარება დამხვდა, რომ ლამის უკან გავბრუნდი, მაგრამ გამახსენდა მშიერი შვილები, პროცენტიანი ვალი და დავრჩი. დღეს, მეც სხვებივით არაადამიანურ პირობებში ვმუშაობ. 3 წელია აქედან არ წავსულვარ. ოჯახის პატრონმა, სადაც მე ვცხოვრობ, თავიდანვე გამაფრთხილა, რომ თუკი მუდმივად ვიქნებოდი, 900 დოლარს გადამიხდიდა. მეც დავთანხმდი და საგარანტიოდ პასპორტი მას მივეცი. აუტანელი შრომა მიწევს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შვილები მშივრები არ არიან. ხანდახან, კარგ ადგილებში ფოტოებს ვიღებ, ყველა ფოტოზე ვიღიმები და ოჯახს ვუგზავნი _ არ მინდა ინერვიულონ. ჰგონიათ, გართობის დროც მაქვს. სინამდვილეში ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ჩემი დიასახლისი ყოველ წამს მითვლის. მის ადგომამდე ფეხზე უნდა ვიყო და სახლიც დალაგებული უნდა მქონდეს. დღეში მხოლოდ 4 ნაჭერი პური უნდა ვჭამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელფასს დამიქვითავს. ხშირად მახსენებს, რომ “მონა და მათხოვარი” ვარ. ამაზე ვბრაზდები და ტირილს ვიწყებ. ჩემი ოქროსკბილებიანი დიასახლისი კი ამ დროს იცინის _ მონა და მათხოვარი თუ არ ხარ, შენს ქვეყანაში ვერ დაეტევიო?! გულსატკენია, მაგრამ, ალბათ, მართალიცაა…
უკვე ბევრი ყავა დაილია… მოსაღამოვდა… ქართველები ერთმანეთს ემშვიდობებიან.
_ ხვალ ახალი ნაკადი ჩამოდის. ზოგისთვის მაქვს სამსახური, ზოგსაც _ გამოუჩნდება, _ ახალი ინფორმაციით ემშვიდობება თანამემამულეებს ქალბატონი თინა.
სტატისტიკა
საქართველოს ხელისუფლებას ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, თუ რა რაოდენობის შრომითი მიგრანტი ჰყავს ქვეყანას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძე, რომელიც მიგრაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, ამ პრობლემაზე საუბრისას ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება _ ხელისუფლება ემიგრანტების უკან დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. თუმცა, რა არის ეს “ყველაფერი” დღემდე გაუგებარია.
მასალის მომზადებისას, ვერ ვიპოვეთ უწყება, რომელიც მიგრაციის ზუსტ რაოდენობას აღრიცხავს. არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა რაოდენობის შრომით მიგრანტებზე მოდის ტრეფიკინგის შემთხვევები.
_ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ; არც უცხო ქვეყანაში არალეგალურად დარჩენილი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა აღირიცხება სადმე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, არჩილ აბაშიძემ მიგრაციის თემაზე კვლევა 2009 წელს ჩაატარა.
_ საქართველოდან მუშახელის მიგრაციაზე საუბრისას, შეიძლება, სამი ძირითადი ტალღა გამოიყოს. პირველი ტალღა ემთხვევა 1990-1995 წლებს, რაც უკავშირდება ეკონომიკურ ვარდნას და კონფლიქტებს (ქვეყანა დატოვა დაახლოებით 650 ათასმა ადამიანმა). მეორე ტალღა გამოიწვია 1996 წლიდან 2004 წლამდე ეკონომიკურმა არასტაბილურობამ. მესამე ტალღა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან არამარტო გადის, არამედ შემოდის ბევრი ადამიანი, რომელმაც ადრე ქვეყანა დატოვა, _ გვითხრა აბაშიძემ.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა შანიძის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს ოზურგეთში ემიგრანტთა სტატისტიკა გამოიკვლია.
_ ოზურგეთში მიგრაციის დასადგენად კვლევა გასულ წელს ჩატარდა. ინფორმაციის წყარო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იყვნენ. 2010 წლის 1 ივნისის მონაცემებით, ემიგრანტთა რაოდენობა ოზურგეთში 5 407 ადამიანს შეადგენდა, _ აღნიშნა დეპუტატმა.
_ სხვადასხვა შეფასებით, საქართველოდან დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გასული. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი შრომითი ემიგრანტი არ არის, რადგანაც ემიგრირებულთა ნაწილმა სამუდამოდ დატოვა საქართველო და უკან დაბრუნებას არ აპირებს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას არჩილ აბაშიძე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიგრანტებს, რომლებიც თურქეთში აპირებენ მუშაობას, მოეთხოვებათ ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები, თუმცა ეს არც თუ ისე იოლი პროცესია. სამუშაო ნებართვის გაცემისას, მთავარი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ უცხოელმა მომუშავეებმა არ გაუწიონ კონკურენცია თურქეთის სამუშაო ძალას. აქედან გამომდინარე, თურქეთში მრავალი ქართველი მუშაობს უკანონოდ _ სამუშაო და ბინადრობის ნებართვების, ვიზის გარეშე. ამდენად, მუდმივად დგანან რისკის წინაშე _ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინონ მათი დეპორტაცია, რადგანაც თურქეთში უკანონოდ მუშაობა დანაშაულია. თუმცა, თურქეთში არაფორმალური ეკონომიკური სექტორი საკმაოდ დიდია და დაახლოებით, შრომის ბაზრის მთლიანი დასაქმების 50%-ს შეადგენს! შესაბამისად, მომუშავეთა უმრავლესობა არ იღებს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და შრომის დაცვის უზრუნველყოფას, რადგანაც არაფორმალურ სექტორში ასეთი დაცვა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია.
_ 2006 წელს, თითქმის 52 000 არალეგალური მიგრანტი იყო დაკავებული თურქეთში. ძნელია იმის გამოთვლა, რამდენი ქართველი მიგრანტია თურქეთში, რადგანაც ქართველები, ძირითადად, არაფორმალურ ბაზარზე მუშაობენ, _ აღნიშნავენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
თურქეთში ადამიანებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ტრეფიკინგის მსხვერპლთ ეძლევათ ბინადრობის ნებართვა ექვს თვემდე ვადით უპირობოდ, მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე, რათა ფაქტი დადასტურდეს სასამართლოში და მსხვერპლს გაეწიოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. აღნიშნული ნებართვა, აგრეთვე შრომის ბაზარზე დასაქმების საშუალებას იძლევა. ბინადრობის ნებართვის გაგრძელება შესაძლებელია 6 თვით, დაზარალებულის მკურნალობისა და სასამართლო პროცესების გათვალისწინებით. ჯანდაცვის სამინისტრო მათ უფასო მკურნალობით უზრუნველყოფს. ტრეფიკინგის მსხვერპლს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია თურქეთის სასამართლოებში. ნებაყოფლობით და უსაფრთხო დაბრუნებას ორგანიზება უნდა გაუკეთოს თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა IOM-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
სამუშაო ნებართვაზე განცხადების შეტანის ეტაპზე, არსებობს ადამიანის ტრეფიკინგთან ბრძოლის გარკვეული რეგულატორები. მაგალითად, უცხოელი მომუშავის კონტრაქტი გასართობ სექტორში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხას. სამუშაო კონტრაქტი შედგენილი უნდა იყოს როგორც თურქულ, ისევე დასაქმებულის ენაზეც. თუმცა, ეს რეგულაციები მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს ატარებს.
“მიგრანტი მომუშავე ქალები საქართველოდან, შეიძლება სექსუალური ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, _ აღნიშნულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში, _ მიუხედავად დასაქმების სააგენტოსა თუ შუამავლის დაპირებებისა, მისცენ მათ ლეგალური სამსახური, თურქეთში ჩასვლისას, ქართველ ქალებს ხშირად აიძულებენ იმუშაონ სექს-მუშაკებად.”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ჩვენთან იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ საუბრობს, რომელიც არალეგალურად წასულ ქართველებს უცხო ქვეყანაში ემუქრებათ
_ როგორც წესი, ემიგრანტებს შრომით ხელშეკრულებას არავინ უფორმებს და ისინი, შესაბამისად, დაცულნი არ არიან ზეპირი გარიგებით მიღწეული შეთანხმების დარღვევისგან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოშიც, უმრავლეს შემთხვევაში, წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს. ფაქტობრივად, არ არის გაწერილი და ხელმოწერილი დამქირავებლისა და დაქირავებულის უფლება-მოვალეობები. ეს უკანასკნელი კი, ხშირ შემთხვევაში, დავების გამომწვევი მიზეზი ხდება.
როცა ადამიანი სხვა ქვეყანაში გადაწყვეტს სამუშაოს პოვნას, პირველ რიგში, მან უნდა გაითვალისწინოს შესაძლო რისკები არასათანადო ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ არავის არ უნდა გადასცეს პასპორტი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდებიან, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს. თუ ეს დაწესებულებები შორსაა _ ადგილობრივ პოლიციას. აუცილებელია კონტრაქტის ანუ ხელშეკრულების გაფორმება. სამუშაო კონტრაქტი დამქირავებელსა და მომუშავეს შორის უნდა შეიცავდეს დასაქმების პირობებს, როგორიცაა ხელფასი, სამუშაო საათები, შვებულებები და ა.შ. ფიქსირებულვადიან კონტრაქტში უნდა იყოს მითითებული კონტრაქტის ხანგრძლივობა. შეამოწმეთ თქვენი კონტრაქტი და სხვა საბუთები, რომელსაც ხელს მოაწერთ და დარწმუნდით, რომ კარგად გესმით, რაზე აწერთ ხელს. თუ თქვენთვის რაიმე გაურკვეველი იქნება, მოსთხოვეთ სააგენტოს მისი ახსნა-განმარტება. არასდროს მოაწეროთ ხელი იმაზე, რაც არ გესმით. კონტრაქტი აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ აქ ხშირად თავს იჩენს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა _ ასეთ მიგრანტებს (რომლებიც კონტრაქტით სამუშაოზე აყვანას მოითხოვენ) იქაური დამქირავებლები არ იღებენ სამუშაოზე. იმდენად დიდია სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი, რომ მათ საკმაოდ დიდი არჩევნის საშუალება აქვთ. ჩვენი მუშახელი არამარტო სიიაფის გამო სჭირდებათ, არამედ გადასახადების დასამალადაც. ჩვენ შეიძლება მივცეთ რეკომენდაცია, რომ კონტრაქტის გარეშე არ დათანხმდნენ სამუშაოს, მაგრამ ეს, შესაძლოა, უმუშევრად დარჩენის ტოლფასიც გახდეს, _ ამბობს ტრაპაიძე.
აპრილის დასაწყისში საქართველოში სპეციალიზებული საადვოკატო ბიურო _ შპს “მიგრანტთა საადვოკატო ბიურო” შეიქმნა, რომლის საშუალებით, როგორც საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს, ასევე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვალიფიცირებული იურიდიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. ბიუროს, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობს.
_ საქართველოში ადვოკატები მიგრაციის შესახებ კანონმდებლობას ძირითადად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან ეცნობიან. მას შემდეგ, რაც საქართველო რეადმისიის (არალეგალი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების) შესახებ ხელშეკრულებას შეუერთდა და ქვეყანაში ახალი ტიპის მიგრაციული სამართალწარმოება შემოდის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები მზად არიან, მიგრანტთა უფლებების დაცვა იტვირთონ, _ ამბობს ხატიაშვილი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხუან სომავია აცხადებს, რომ იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ჯიბეებიდან “დამსაქმებლები” ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 მილიარდ დოლარს ითვისებენ. ქართველი უფლებადამცველები და იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ 20 მილიარდში ქართველების დიდი წილიცაა.
This publication has been produced with the assistance 0f the European Union. The contents of this publication are the sole responsibility of Nato Gogelia and can in no way be taken to reflect the views of the European Union.
ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ნატო გოგელია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ევრო კავშირის შეხედულებების გამხმოვანებელი.