აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიცია მას შემდეგ გაუსწორდა, რაც დაუდგენელმა პირებმა აჭარის ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს.
ოზურგეთიდან ბათუმამდე
21 მაისი. დღის 13:00 საათი. ამ დროისთვის უკვე ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მივემგზავრებით. ჩვენ უსაფრთხო გადაადგილებაზე ოზურგეთის რაიონული მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟი ზრუნავს. სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც ვსხედვართ, “ეკიპაჟი” უკან მოჰყვება, ვინაიდან მძღოლი არც სიჩქარეს უმატებს და არც წესრიგს არღვევს, გამოსადავებელიც არაფერი გვაქვს და არავინ გვაჩერებს. სამართალდამცავები “პასუხისმგებლობას” გაცილებაზე გურია-აჭარის საზღვრის იქეთაც იღებენ. ბათუმში ჩასვლამდე, გზებზე პოლიციის მანქანების განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნევა, თუმცა არავინ გვაჩერებს.
აქციის დაწყებამდე
14:00 საათი. გურიიდან ჩასული პროტესტანტები ყინულის მოედანთან იკრიბებიან. აქედან უმრავლესობა ლანჩხუთიდან ჩამოსული აქტივისტები არიან. მათ ოზურგეთიდან ჩასული 500-ზე მეტი მხარდამჭერი ნელ-ნელა უერთდება. რატომღაც, აქციაზე ჩოხატაურელები არსად შეიმჩნევიან. გურიის ოპოზიციონერები აქვე “გურია ნიუსთან” განცხადებებს აკეთებენ. ერთ-ერთი ლიდერის ლელა ნაცვალაძის თქმით, სოფლის რწმუნებულები ხალხს აფრთხილებდნენ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი ამბობდნენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს. “სახალხო კრების” ლანჩხუთის კომიტეტის ხელმძღვანელი გია გურგენაძე ამბობს, რომ პრობლემები მათ მხარდამჭერებსაც შეექმნათ გადაადგილებასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, დააშინეს მძღოლები, მაგრამ მაინც მოახერხეს 300-მდე მხარდამჭერის ტრანსპორტირება. ის ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომლების ინტერესებში, მათი დაშინება შედიოდა, რისთვისაც სტრატეგია შეცვალეს და აქტივისტების გადაადგილება ეტაპობრივად, მსუბუქი ავტომობილებით მოახერხეს. იგივე ხერხი გამოიყენეს ოზურგეთელმა ოპოზიციონერებმაც. კომენტარების გაკეთების შემდეგ, გურულები ერას მოედნისკენ ტრანსპარანტებითაც და შეძახილებით გადაადგილდნენ. გზადაგზა, მათ სხვადახვა რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ.
რა ხდებოდა ერას მოედანზე და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე
15:00 საათი. ერას მოედანზე 4000 ადამიანია შეკრებილი და ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს ესალმებიან. ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებების გაკეთებას იწყებს: “პოლიციამ, რომელსაც ჩვენ ვუხდით საწვავის ფულს და ხელფასებს, ალყაში მოგვაქცია, წაგვართვა გასახმოვანებელი აპარატი და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელი შეგვიშალოს და პრობლემები შეგვიქმნას. საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. დაუცველი არიან ადამიანები, დარღვეულია მათი უფლებები, არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და ა.შ. ცენტრალური ხელისუფლება ამბობდა, ათას კაცზე მეტი არ შეიკრიბებაო. აჭარის ხელისუფლებამ თქვა, 50 კაცზე მეტი არ გამოვაო. აი, ხომ ხედავთ, რამდენი ათასი კაცია დღეს აქ შეკრებილი. ამდენს მართლა არ მოველოდით. ეს არის შიშით სავსე ხელისუფლება, რომელიც ომის დროს ფორთხავდა მიწაზე; პრეზიდენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ, აქაც შიში დაამკვიდრა, ეს ხელისუფლება ტერორზეა გადასული, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, გურიაშიც და მთელ საქართველოშიც. ხელისუფლება ცხოვრობს განცხრომაში, მოსახლეობა კი _ ტერორში. პენსიონერებს 80 ლარს ამადლიან,”… ორი საათის განმავლობაში, გამომსვლელები იმ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, რომლებიც ხალხს ხელისუფლების მიმართ დაუგროვდა.
მსახიობი გურამ ფირცხალავა ემოციას ვერ მალავდა: “დიახ, ბატონებო, მე როგორც ხელოვანი დღეს აღფრთოვანებული ვარ, რომ ვუყურებ ამდენ ხალხს. ცრემლები მომდის, სიხარულის, სიამაყის. ვერ მოითმინა ხალხმა და ვერ მოითმენს ამდენ ჩაგვრას. ამ ხელისუფლებას არც პედაგოგები მოსწონს და სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანა, დაგვიწუნა ექიმები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, გლეხიც კი დაგვიწუნა _ არ იციან მუშაობა, მიწათმოქმედებაო და ბურები ჩამოიყვანა. ამის შემდეგ შეიძლება მათი ნდობა და მოთმენა?! ამიტომ, კიდევ კარგი, დროზე დაიწყო ხალხმა გამოღვიძება. ვიცი, თქვენს გაზეთსაც ბევრი პრობლემა ექმნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერთან ერთად, სიტყვის თავისუფლებაც შეზღუდულია.”
ორი საათის განმავლობაში ისმოდა შეძახილები: “მიშა წავა!”, “ეს ხელისუფლება დამთავრდება!”, “დაგვიბრუნეთ სამართლიანი სასამართლო და წართმეული საკუთრება!”. განცხადებების ფონზე, შეკრებილების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. ახლო-მახლო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, კუდი, სოდი, კონტრდაზვერვა, პატრული, სპეცრაზმი. ასევე ხელვაჩაურისა და ქედის ხელისუფლების წარმომადგენლები.
17:10 წუთზე ოპოზიციის ლიდერები აჭარის ტელევიზიასთან გადანაცვლების გადაწყვეტილებას იღებენ და ტელევიზიის მიმართულებით მიემართებიან.
რა მოხდა ტელევიზიასთან
ტელევიზიასთან მდგომმა ოპოზიციის ლიდერებმა, ხელმძღვანელობას პირდაპირი ეთერის დათმობა მოსთხოვეს. სანამ ლიდერები საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებდნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მაღალჩინოსანი სამართალდამცავების, ისე ფორმიანი პოლიციელების მობილიზება დაიწყო. პოლიცია, ხალხს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც დაუდგენელმა პირებმა აჭარის ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს. რამდენიმე წუთი სიტუაცია აბსოლუტურად უმართავი იყო. პოლიციელები აქციის მონაწილეებს “სახალხო კრების” პარტიული დროშების ტარებით და სხვადასხვა საგნებით უსწორდებოდნენ. აღნიშნული დროშები გაქცეულმა ე.წ. “შეფიცულებმა” და აქტივისტებმა დარბევისთანავე დაყარეს. ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
კვლავ ერას მოედანზე
20:00 -24:00 საათი. აქციის დარბევის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერები ისევ ერას მოედანს დაუბრუნდნენ, თუმცა, როგორც ისინი აცხადებდნენ, სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ ჰქონდათ. მიუხედავად, წვიმისა, ერას მოედანზე დაახლოებით 200 მომიტინგე რჩებოდა. ლიდერებმა კი “სახალხო კრების” ოფისში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაინაცვლეს. ერას მოედანზე, ამ დროისთვის მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თითქმის ყველა წარმომადგენელი განურჩევლად ჩინისა. დაახლოებით 23:00 საათზე, ხალხში ყვირილის ხმა გაისმა და ჩოჩქოლი ატყდა _ რამდენიმე პირი, მათ შორის ერთი ოზურგეთელი სპეცრაზმმა მანქანაში “ჩატენა” და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. “გურია ნიუსს” დაკავების ამსახველი ფოტოების გადაღების დროს კუდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “კეთილი რჩევა” მისცა: _ “ჩაჯექი ახლა მანქანაში და რაც გადაიღე, შეირგე”. მიუხედავად მისი რჩევისა, რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოვახერხეთ. სიტუაციის დაშოშმინების შემდეგ, ტერიტორია, სადაც დაკავების ფაქტი დაფიქსირდა, სპეცრაზმის თანამშრომლებით აივსო. ასე აღმოვჩნდით ალყაში და ტელეფონით ჩვენს კოლეგებს დახმარება ვთხოვეთ. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილას სხვა ჟურნალისტებიც მოვიდნენ. როცა ვარკვევდით, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს დაკავებულები, კუდის, სოდის და პოლიციის თანამშრომლები ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. ჟურნალისტებმა იქვე მდგომ სამართალდამცავს კითხვებით მივმართეთ.
_ ვინ დააკავეთ?
_ არავინ.
_ დაკავების კადრები გვაქვს…
_ მე არაფერი დამინახავს(?!)
_ ანუ, არავინ დაგიკავებიათ?
_ მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!
_ ყველას გეკითხებით….
_ ჰოდა, ჩვენც გეუბნებით _ არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.
_ მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?
_ ჩვენ რატომ ვართ აქ…? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ _ ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.
_ “ვინმეს” უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.
_ არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
_ არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, _ და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.
_ ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?
_ გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).
_ თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება…
_ გოჩა კუპრაძე.
_ სტატუსიც, ვინ ბრძანდებით…
_ კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე… ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.
_ თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, თუმცა რა ბრძანებაზე საუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა!
_ პრესსამსახურს მიმართეთ, მას უნდა შეუთანხმოთ ყველა ინტერვიუ.
_ თუ შეგიძლიათ, ბრძანების ნომერი გვითხრათ?
_ნუ, ასე ჰაერზე არ ვიცით, მობრძანდით ხვალ დილით განყოფილებაში და გაგაცნობთ.
რა მოხდა ღამით “სახალხო კრების” ოფისში
“სახალხო კრების” ბათუმის ოფისთან, დაახლოებით, ღამის 00:50 საათზე, 12 მანქანა გაჩერდა, საიდანაც სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ. ისინი, ოპოზიციის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს. დარბევის დროს ნაცემი აქტივისტები ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს “სახალხო კრების” წევრმა თემურ შაშიაშვილმა უთხრა, ნაცემი ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო, სამს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
განახლებული აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
22 მაისს აქცია ისევ ერას მოედანზე განახლდა. განახლებისთანავე შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში მიმდინარე აქციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას თავად აიღებდა. თუმცა, მოგვიანებით, კრების ლიდერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და თბილისისკენ გაემართნენ.