ბოლო დღეების მოვლენები მთელ საქართველოში, მათ შორის გურიაშიც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი უნდობლობას უცხადებს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. თუმცა, 26 მაისის დილამ მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია _ საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის დღევანდელი აღლუმი ქართველი ხალხის ტრაგედიად იქცა: “იმ ადგილზე, სადაც თუნდაც ერთი ქართველის სისხლი დაიღვარა, დღეს ხელისუფლებამ აღლუმი უნდა ჩაატაროს”? _ კითხულობენ გურულები. მეორე ნაწილის თქმით კი, მათ სჭირდებათ სიმშვიდე და ყოველდღიური თავის გატანის საშუალება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იციან სინამდვილეში რა მოხდა 26 მაისს გამთენიისას პარლამენტის წინ.
“გურია ნიუსმა” ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა _ მოქალაქეების აზრი მომხდართან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
50 წლის მამაკაცი: _ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა გურიაში და საერთოდ საქართველოში სრულიად მოკლებულია ინფორმაციას. ტელევიზიაა ერთადერთი ინფორმაციის წყარო. ჩვენთან, გურიაში ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. არც მაესტრო ტრანსლიერებს და ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ის ინფორმაციები, რომლებსაც სახელისუფლებლო არხები უჩვენებენ, გაჟღენთილია ხელისუფლების ხოტბადიდებით და მატკიცებენ, როგორი ცუდია თურმე ის ხალხი, ვინც იქ იდგა. რაც შეეხება 26 მაისის დილას, ამას მე დავარქმევდი ბართლომეს ღამეს. ბევრმა ახლაც არ იცის, რა თარიღია ეს საქართველოსთვის. 26 მაისი საქართველოსთვის ყოველთვის იყო საამაყო, წლევანდელმა კი ჩრდილი მიაყენა ქვეყნის ისტორიას. მომავალ თაობებს ამ თარიღისადმი ორნაირი მიდგომა ექნებათ _ ერთი _ საამაყო, მეორე _ სამწუხარო. შენ, ქართველს, გაქვს იმის უფლება, რომ მეორე ქართველს ნებისმიერი ხერხით გაუსწორდე შენ ხელთ არსებული ყველანაირი ძალით? მე, პირადად, კიდევ ერთხელ დავინახე 1989 წლის 9 აპრილი. კადრები, რომელიც ვნახე “როიტერით” და “მაესტროთი”, აღმაშფოთებელია და შემაზრზენი. თვალნათლივ ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები და როგორ მისდევს “სპეცნაზი” ხელკეტებითა და დუბინკებით. იმ ადგილზე, სადაც თუნდაც ერთი ქართველის სისხლი დაიღვარა, დღეს ხელისუფლებამ აღლუმი უნდა ჩაატაროს?
60 წლის მამაკაცი: _ რაც საქართველოში ხდება, კარგი რომ არ არის, ამას რა კომენტარი უნდა? არ უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა, მაგრამ მიიყვანეს იმ ზომამდე. მე ვამართლებ ჩვენი ხელისუფლების ქმედებას. რა უნდოდა იქ რომელიმეს? თუ ასე გამოვედით ყველა და ჩვენს ჭკუაზე ვიარეთ, ქვეყანა არ აშენდება.
31 წლის ქალი: _ აზრზე არ ვარ და არც არაფრის თქმა მსურს.
20 წლის ახალგაზრდა: _ ნამდვილად არ ვამართლებ იმ ხალხს, ვინც იქ იდგა. კანონს უნდა დავემორჩილოთ. ვადა 12 საათამდე ქონდათ, მერე იმას აცხადებდნენ, რომ “პარადს” არ ჩავატარებინებთო. როგორ შეიძლება? მერე რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს აჩვენებდნენ და ის რაღა იყო? რა, ძალით ებრძვი? აქ უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი მიტინგი, წამოეყენებინათ სოციალური პირობების შეცვლა, რაც ხალხს წაადგება, თორემ რომ გადადიხარ მუშტიკრივზე, ეს რას ნიშნავს?! ყველაფერი გაჭირვებული ადამიანების ზურგზე გადადის. სად გინახავს პრეზიდენტი ერთი მოთხოვნით გადააყენო?
50 წლის ქალბატონი: _ ძალიან ბევრი ვიტირე. მეტს ვერაფერს გეტყვით.
35 წლის მოქალაქე: _ ძალიან შეწუხებულები ვართ, შევძრწუნდი ამ დილას. თან ჟურნალისტებსაც დაერივნენო, გავიგეთ. არაფრის თქმა არ შემიძლია.
45 წლის ქალბატონი: _ არ უნდა მოხდეს ასეთი რამ საქართველოში, არც ერთი მხრიდან. სიტყვის თავისუფლება თუა და დემოკრატია, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს?
პენსიონერი: _ ჩვენთვის ვინ იქნება? მაგენი არ იყო სათავეში, ერთი და მეორე? ჩვენთვის ვინ რა გააკეთა? დაგვაყენონ, მშვიდად ყოფნა გვინდა. ამ გაჭირვებულ ხალხს ერთი სიმშვიდე აქვს და ნუ ააფორიაქებენ. კომუნისტების დრო გაგვიხდა სანატრელი. 10 ლარით ახლა 5 კილო კარტოფილი ვიყიდე, ჩემი გაჭირვება არ მყოფნის?
18 წლის გოგონა: _ არ გვჯერა ოპოზიციის. დაგვანებონ თავი.
გარემოვაჭრე: _ აზრი მაგათ არ აქვს და ჩვენ საიდან გვექნება? რომ არ გამოვიდოდა მასე არაფერი, ვერ უნდა მიმხდარიყვნენ? რაც არ უნდა ვთქვა, ჩვენი აზრი ვის აინტერესებს? იმის დრო არ გვაქვს, რომ ტელევიზორს შევხედოთ, ან ვინ გვეუბნება სინამდვილეს? ქუჩაში ვდგავარ დილიდან ღამემდე ლუკმაპურისთვის. ახლა, არც მტერი ვიცი და არც მოყვარე, შვილიშვილებს ასე ქუჩაში ყოფნით და ვაჭრობით ვარჩენ. ეგაა ცხოვრება?
მძღოლი: _ არც ერთის მომხრე არ ვარ, მით უმეტეს ოპოზიციის. გეგმა არ ვიცი მაგათი და ერთიანობა, ერთმანეთს დაერივნენ. იცით, რა მინდა? სიმშვიდე. დაანებონ ხალხს თავი. გვქონდეს საშუალება თავის გატანის, მაგათ კი, ხელისუფლებამაც და ოპოზიამაც, ერთმანეთი დაჭამონ. თუ უნდათ, თავში ქვა უხლიათ!
დაცვის თანამშრომელი: _ დღეს “მაესტროს” ვუყურე და შოკში ვარ. თუ მშვიდობიანი აქცია იყო, უიარაღო, ქართველ პოლიციას ეს არ უნდა გაეკეთებინა. არ უნდა მომხდარიყო საქართველოში და ქართველ ხალხში ასეთი დაპირისპირება. ამას ქვია ომი. ძმა ძმას კლავს. ბიძაშვილი ბიძაშვილს. არჩევნებზე პირდებიან ხალხს და ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო და მერე რა?
45 წლის მამაკაცი: _ ხალხი დაშინებულია, სიტყვის თქმის უფლება და საშუალება არ აქვთ. უნდა გაჩუმდე, თუ გინდა შიმშილით არ გაგძვრეს სული. ჩვენთვის, გლეხებისთვის, როდესმე ვინმე იყო და იქნება? არავის არ მჯერა. მრცხვენია, მეტირება, დაზაფრული ვარ. დღევანდელი დღე ჩემთვის ტრაგედიაა და არა ზეიმი. რა გვეზეიმება ხალხო _ ქართველმა ქართველი შეიწირა და რისთვის? აავსებენ ციხეებს უდანაშაულო ხალხით, ისედაც მშიერია ნახევარი საქართველო. პირდად მე ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და მჯერა, ყველა ასე იქნება.