ბოლო დროს გავრცელებული დაავადებებიდან, ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული შაქრიანი დიაბეტია, რომლის სამკურნალოდ ინსულინი გამოიყენება. ადრე, ჩოხატაურში, ამ დაავადების მატარებლებს აღნიშნული პრეპარატი უფასოდ ურიგდებოდათ, თუმცა, ბოლო პერიოდში წამალი მათთვის აღარავის მიუცია.
“გურია ნიუსი” ამ საკითხის შესახებ შპს “ადითის” ჩოხატაურის ფილიალის დირექტორს თემურ კოროშინაძეს ესაუბრა:
_ ბატონო თემურ, ინსულინის რამდენი მომხმარებელია აღრიცხვული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში?
_ მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ დაბაში მცხოვრებ ინსულდამოკიდებულთა რიცხვი, სოფლების მონაცემები არ გვაქვს. დაბაში ინსულინს მოიხმარს 13 ადამიანი, რაც შეეხება სოფლის მაცხოვრებლებს, ისინი ადგილობრივად აღირიცხებიან.
_ რამდენ ხანში ერთხელ ხდება პრეპარატის უფასოდ მიწოდება მომხმარებლისთვის?
_ ადრე თვეში ერთხელ გადაეცემოდათ, ახლა სამ თვეში ერთხელ მიეწოდებათ.
_ ამბობენ, რომ პრეპარატის მიღებამდე ანალიზი უნდა გაიკეთონ. რისი ანალიზია ეს?
_ ეს არის ანალიზი, რომლითაც დგინდება შაქრის რაოდენობა სისხლში. ამ ანალიზის შედეგად განისაზღვრება წამლის იგივე რაოდენობა დასჭირდება ავადმყოფს თუ არა.
_ მართალია, რომ ანალიზის ასაღებად 17 ლარია გადასახდელი?
_ კი, 17 ლარი ღირს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ანალიზი _ აქ შედის ექიმის კონსულტაციაც. ამის შემდეგ დაიწერება შესაბამისი რეცეპტი, რომლითაც მიიღებენ ინსულინის იმ რაოდენობას, რაც დასჭირდებათ მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
_ ვინ დააწესა ეს გადასახადი?
_ გადასახადი დააწესა შპს “ადითის” ცენტრალურმა ოფისმა, რომლის ფილიალსაც წარმოვადგენთ.
_ როგორ ხდება პაციენტების წამლით მომარაგება?
_ ადრე ჩვენს წარმომადგენელს მიჰქონდა მათთან წამალი, ახლა მოდიან ჩვენთან, იკეთებენ ანალიზს და მას შემდეგ, რაც დადგინდება, რა რაოდენობის ინსულინი სჭირდება ავადმყოფს, მიიღებენ რეცეპტს და ამ რეცეპტით შესაბამისად _ პრეპარატს.
_ ანალიზის აღება სოფლების შემთხვევაში როგორ ხდება? სოფლებიდან დაბაში ჩამოსვლა ხომ გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ან თუნდაც მაშინ, როცა ავადმყოფი ჯანმრთელობის გამო ვერ ჩამოდის?
_ ამ დროს ლაბორატორიაში მოდის მისი სისხლი, ან ჩვენი ლაბორანტი მიდის მასთან სახლში და ადგილზე უკეთებს ანალიზს.
_ რომელ აფთიაქში იღებენ პრეპარატს?
_ წამალს მიიღებენ ოზურგეთის ცენტრალურ აფთიაქში.
_ შეიძლება თუ არა წამალი მიიღოს ოჯახის რომელიმე წევრმა, თუ პაციენტი ვერ მიდის ოზურგეთში?
_ არ ვიცი. ეს საკითხი ოზურგეთში უნდა გაირკვეს.
_ რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, წამალი არ მიუღიათ. თუ მიეწოდათ მათ ინფორმაცია, რომ თქვენი წარმომადგენელი ვეღარ შეძლებდა მათ წამლით მომარაგებას?
_ თუ ავადმყოფს დაუმთავრდა პრეპარატი, ის ჩვენთან უნდა მოვიდეს, რათა წამალი კვლავ მიიღოს. როგორც გითხარით, გაიკეთებენ ანალიზს და მიიღებენ შესაბამის რეცეპტს წამლისთვის.
_ არ შეიძლება ჩოხატაურელებმა კუთვნილი წამალი მიიღონ ჩოხატაურშივე და აღარ მოუხდეთ ამხელა გზაზე წასვლა?
_ ეგ საკითხი ჩვენ არ გვეხება, ყველაფერს ჩვენი სათავო ოფისი ადგენს. შეიძლება მომავალში მასეც მოხდეს.
თემურ კოროშინაძესთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, მივსულიყავით ლაბორატორიაში და გაგვერკვია, რამდენ ადამიანს აქვს გაკეთებული შაქრიანი დიაბეტის ანალიზი ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
_ ბოლო ერთ თვეში დიაბეტის ანალიზი გაიკეთა 75-მა ადამიანმა. ბუნებრივია, აქედან ყველა ინსულინის მომხმარებელი არ არის, _ გვითხრეს ლაბორატორიაში.
ექიმ-ენდოკრინოლოგმა იზოლდა ცინცაძემ ვრცლად განგვიმარტა, რას ნიშნავს იყო ინსულინმომხმარებელი და რაიონის მასშტაბით სულ რამდენი ადამიანია წამალზე დამოკიდებული:
_ რაიონის მასშტაბით დიაბეტით დაავადებული 400-მდე ადამიანია, აქედან წამალს 87 მოიხმარს. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი: პირველი _ როცა ადამიანი ინსულინზეა დამოკიდებული და მის გარეშე ვერ იცოცხლებს; და მეორე _ ინსულინის მომხმარებელი, როცა გარკვეული მიზეზების გამო ენიშნება წამალი ავადმყოფს. ინსულინდამოკიდებულ პიროვნებას მართავს და მასზე პასუხისმგებელია ოჯახის ექიმი. აუცილებელია, მკურნალობაში ჩართული იყოს ენდოკრინოლოგი. შაქრიანი დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომელიც საჭიროებს ექიმების გუნდს _ ნევროპათოლოგს, კარდიოლოგს, ოფთალმოლოგს, ნეფროლოგს, ქირურგს. ეს უკანასკნელი სასურველია იყოს ანგიოლოგი. წამყვანი ადგილი უჭირავს ენდოკრინოლოგს. ესაა დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოს. აუცილებელია, ავადმყოფი წელიწადში ორჯერ მაინც ნახოს ოფთალმოლოგმა, ქირურგმა. ყველა სპეციალისტის ვიზიტს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი. ეს აუცილებელია სხვადასხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად, ან ამ გამოკვლევების შედეგად შეიძლება შეიცვალოს წამლის დოზა. ავადმყოფი შეიძლება გადავიდეს მონოთერაპიაზე ან კომბინირებულ მკურნალობაზე. ახლანდელი სქემით, ენდოკრინოლოგთან ვიზიტი ხდება სამ თვეში ერთხელ. როცა მდგომარეობა გართულებულია, შეიძლება დაიშვას გამონაკლისი. ექიმთან კონსულტაცია ფასიანია და 15 ლარი ღირს. ამაში არ შედის ინსულინის ღირებულება, როგორც ავადმყოფთა ნაწილს ჰგონია _ ერთი ფლაკონი ინსულინი ღირს 30-37 ლარი, თითოეულ პაციენტს კი მიაქვს, სულ მცირე, სამი ფლაკონი წამალი.
_ როგორც ვიცით, საბოლოო რეცეპტს, რომლითაც პაციენტები წამალს მიიღებენ, თქვენ იძლევით…
_კი ასეა. ჩემთან მოაქვთ ანალიზები და 15 ლარის გადახდის ქვითარი. ამის შემდეგ, ანალიზების გათვალისწინებით, ვწერ რეცეპტს, თუ რა რაოდენობის ინსულინი სჭირდება ავადმყოფს, წამალს კი მიიღებენ ოზურგეთში.