ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მცხოვრებლები სოფლის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვენ. როგორც ისინი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავენ, ეს ხიდი ერთი წელია, რაც სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ახლა სტიქიამ სრულიად გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.
_ ათი დღეა, ვწვალობთ _ წრე უნდა დაარტყა და ისე შემოხვიდე სოფელში, _ ამბობენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.
_ საარჩევნოდ ასფალტს დაგიგებთო, დაგვპირდნენ. დაპირებით ყველაფერს გპირდებიან, გაკეთებული კი არაფერი ჩანს, _ ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
დარეჯან ქილიფთარი: _ ეს ხიდი, ერთი წელია, ასეთ მდგომარეობაშია. მდინარე ეზოში შემოვარდება და ისე აგრძელებს დინებას. ვის უნდა მივმართოთ? სოფელს პატრონი არ ჰყავს. მოვლენ, დახედავენ და წავლენ. გამგეობიდან იყვნენ მოსული. კოტე სარიშვილმა, რომელიც წარმოშობით სილაურიდანაა და ჩვენი მეზობელია, იცის, რა მდგომარეობაცაა აქ. დახმარება ვთხოვეთ, თან ვკითხეთ, არჩევნები როდის მოვა,-თქო? არ ვიცი, პოლიტიკაში ვერ ვერკვევიო, _ გვიპასუხა. ამით იმის თქმა მინდოდა, იქნებ, მაშინ მაინც გაგვიკეთოთ,-მეთქი. ადრე მანქანები როგორ დადიოდნენ ამ ხიდზე, გვიკვირს. კიდევ კარგი, ღმერთის წყალობით, მდინარეში არ ჩაცვივდნენ. ახლა აქაურმა კაცმა ჩააწყო აკაციის სარები ხიდზე, იქნებ, ცხენიანი ურიკა მაინც გავიდეს ზედო. ავტობუსი ნახევარ გზაზე მოდის. მეორე მხარეს რომ ხალხი ცხოვრობს, იმათ რა ქნან? ეს გზა მარტო ამ სოფლის არაა _ მამათის, ჯუმათის, იანეთის, ლანჩხუთის, გულიანის დამაკავშირებელი გზაა. ლარის მაგივრად შვიდი ლარი გადავიხადე, რომ სახლამდე ტვირთი მიმეტანა.
76 წლის შუშანა ლეჟავა მიიჩნევს, რომ ხიდი უნდა გაკეთდეს, თორემ შესაძლოა, ტრაგედია დატრიალდეს:
_ ადრე ახალგაზრდა კაცი გადავარდა და მოკვდა. ახლაც შეიწირავს ვიღაცას. ჩვენ, მოხუცებულებს, განსაკუთრებულად გვიჭირს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ და გააგებინეთ სააკაშვილს ჩვენი სოფლის გაჭირვება. იქნებ, მოგვაქციოს ყურადღება. ნასვამი ადამიანი რომ გამოვიდეს ამ ხიდზე, უბედურება მოხდება. ჩემი გასაჭირის შესახებაც დაწერეთ _ წამლები მჭირდება, არც ქმარი მყავს, შვილმკვდარი დედა ვარ. ხან შაქარს დავაყრი პურზე და იმით ვარ მთელი დღე. რა იქნება, 30 ლარის წამალი მაინც რომ გაიმეტონ ჩემთვის? რაფერ არ აქვთ იმის ფონდი, გაჭირვებულებს რომ მიეხმარნონ?
_ ხელისუფლებამ ხიდის ავარიულობის შესახებ იცოდა?
_ კი, აბა, არ იცოდა? ჩვენი სოფლის ხელმძღვანელობა ნამეტანი კაი ბიჭები არიან _ მაჟორიტარიც და რწმუნებულიც, მაგრამ პატარა ჩვენკენ არ უნდა მეიხედონ? იყო ხელისუფლება, მაგრამ ჯერ არაფერია გაკეთებული.
_ მთავრობა არსებობს? _ კითხულობს 84 წლის ნევრო დარჩია და პასუხსაც თავად სცემს: _ არ არსებობს. ერთ კვირაზე მეტია, ქალაქში დავდივარ და ვერსად _ ვერც საკრებულოში, ვერც გუბერნატორთან, ვერც არასამთავრობოში, ვერც საგადასახადოში, სიმართლე ვერ დავადგინე. პენსია დაკავებული მაქვს. სასამართლომდე მაქვს საქმე მიტანილი, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვე. ბახმაროში მქონდა მიწა გაფორმებული 2000 წელს. გამიუქმა გამგეობამ, მაგრამ არსად არ გაუფორმებიათ. წელს მომივიდა გაფრთხილება, შენ სახელზე მიწა ირიცხება ბახმაროში და გადასახადი უნდა გადაიხადო, გარდა ამისა, ბიუჯეტი ჯარიმას გახდევინებსო _ 750 ლარი მაქვს გასახდელი. საგადასახადომ პენსიას ყადაღა დაადო და მართმევს. ვერსად სიმართლე ვერ ვნახე, იქნებ, დამეხმაროთ სიმართლის გარკვევაში. წავალ თბილისში, პარლამენტის წინ, კიბეზე დავჯდები პროტესტის ნიშნად _ აბა, რა ვქნა? მარტო ვცხოვრობ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, პენსიაა ჩემი შემოსავალი, მეტი არაფერი. ყანა დავთესე და ახლა ვეღარ ვპატრონობ _ სასუქი 46 ლარი ღირს. არჩევნები რომ მოვა, მაშინ ხომ დაიწყებენ წრიალს, ხმა მომეციო?! დაანგრიეს ჩაის ფაბრიკები და ახალგაზრდობა ჩაის საკრეფად თურქეთში დადის. ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს ჩაი?
73 წლის ნათელა სარიშვილი: _ ერთი წელია, ეს ხიდი ასეა და ახლა მთლად ჩავარდა. “ნაქცევი” ჩამოდის ჩემ ეზოში და ლამისაა, ჩამიტანოს. დავიჯერო, სააკაშვილთან რომ მივიდეთ, ყურადღებას არ მოგვაქცევს? სოფელს პატრონი არავინ ჰყავს. საკუთარ თავს ყველა კარგად პატრონობს და გაჭირვებულის განმკითხავი არავინაა. გაცლილია სოფელი ახალგაზრდობისგან _ თურქეთში დაწანწალებენ!
სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი ხვიჩა კილაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ხიდის პრობლემის შესახებ ხელისუფლება საქმის კურსშია:
_ ხიდის მშენებლობა უნდა დაფინანსდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან, რადგან ძვირი ჯდება _ 30 000 ლარი სჭირდება და ადგილობრივ ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ზომები მიღებულია. თბილისმა განიხილა და ველოდებით თანხის გადმორიცხვას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა არ ყოფნის, რადგან უკვე დაწყებულია სოფლის პროექტები და თანხა, ფაქტობრივად, გაწერილია.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ადასტურებს პრობლემის არსებობას და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ადგენენ, თუ რამდენი ლარია საჭირო ხიდის რეაბილიტაციისთვის, თუმცა, გაუგებარია, თუ თბილისმა უკვე განიხილა, თანხის რაოდენობას ახლა როგორღა ადგენენ?!