(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მედიასაც შეხვდა.
ხარატიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის, პროცესები უფრო ღია გახადოს და დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია.
ცესკოს თავმჯდომარემ თანამშრომლობა მედიასაც შესთავაზა: _ ვფიქრობთ, რეგიონული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მოვამზადოთ მომავალი არჩევნებისთვის. ამისთვის სპეციალური ტრენინგ-სემინარები გაიმართება და ეს წინასაარჩევნოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასევე, ვაპირებთ გრანტების გაცემას არასამთავრობო სექტორზე. ეს იქნება მოქალაქეთა აქტივობაზე გასაცემი გრანტი. უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაცია რომელიმე სოფელში ან დაბაში მოამზადებს ისეთ კადრებს, რომელიც არჩევნების პერიოდში საზოგადოებას აუხსნის იმ წესებს, რომლის ცოდნაც ამომრჩეველისთვის აუცილებელია. როცა ადამიანები გვეყოლება გადამზადებული, მაშინ, საარჩევნო გარემო უფრო მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩაივლის, _ თქვა ხარატიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა: _ ამ გადაწყვეტილებას ხელი 9 პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. არიან ისეთი პარტიები, რომლებსაც გარკვეული წონა გააჩნიათ, მაგრამ შეთანხმებაზე უარი თქვეს. ჩემი აზრით, ეს შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ზოგიერთ პუნქტს შესაძლოა, არც ვეთანხმებოდე _ დღეს საუბარი მიდის პარლამენტის 190 კაცამდე გაზრდაზე, რაც უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება მგონია. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, წინააღმდეგი ვარ, კიდევ 40 კაცით გაიზარდოს პარლამენტი. თავის დროზე 150-კაციანი პარლამენტი რომ გვყოლოდა, ამ საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ ის რეფერენდუმი არასწორი იყო. მე იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, რა იყო სწორი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვა _ გვინდა თუ არა 190-კაციანი პარლამენტი, ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 მილიონი ლარი დაგვიჯდა. რეფერენდუმი 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. ჩემი აზრით, ამდენი ფულის დახარჯვა ამ საქმეში ზედმეტი ფუფუნებაა. შემდეგ კიდევ ის 40 პარლამენტარიც გვეყოლება სარჩენი. ეს უფრო პოლიტიკური პარტიებისთვის მისაღები წინადადებაა, რომ მათ მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში.
ზურაბ ხარატიშვილმა მილიონი ლარით პარტიების დაფინანსებაზეც ისაუბრა: _ დღეს 17 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს თანხა 7 მილიონ 100 ათასი ლარია. აქედან, მილიონ ლარზე მეტს მხოლოდ ორი პარტია _ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატები” იღებენ. ისინი წინა არჩევნების დროს პირველ-მეორე ადგილზე იყვნენ. მესამე ადგილოსანი “ლეიბორისტები” 400 ათას იღებენ, შემდეგ თანხა მცირდება. როდესაც საუბარია მილიონ ლარზე, ამ თანხას, ბუნებრივია, ყველა ვერ მიიღებს _ სავალდებულო იქნება 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამ შემთხვევაშიც, არ მგონია ყველას მიეცეს მილიონი.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ოლქების შესახებ გააკეთა განცხადება: _ ლანჩხუთის შემთხვევაში, კარგი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ოლქი ცალკე შენობაშია. სამწუხაროდ, ბევრ ადგილას ადმინისტრაციული შენობით გვიწევს სარგებლობა და ეს გარკვეული მითქმა-მოთქმის საფუძველია.
ლანჩხუთელ “რესპუბლიკელთა” ლიდერმა რომან ბიწაძემ ცესკოს თავმჯდომარეს სულ ორი შეკითხვა დაუსვა, რასაც მწვავე შელაპარაკება მოჰყვა:
_ კარგი ორატორი ხართ და ვფიქრობ, ჩემს კითხვებზე პასუხს მივიღებ. თქვენ ხართ ცესკოს თავმჯდომარე და ანგარიშვალდებული ამომრჩეველთა წინაშე. მაინტერესებს, ირღვევა თუ არა ამომრჩეველთა უფლება მაშინ, როდესაც ვირჩევთ პრეზიდენტს ან პარლამენტს 5 და 4 წლის ვადით, ხოლო შემდეგი არჩევა ხდება 4 წლისა და 6 თვის შემდეგ, ან 5 წლისა და 3 თვის შემდეგ? და კიდევ _ კარგად მახსოვს, როცა მოხვედით თავმჯდომარედ, თქვით, რომ ამომრჩეველთა სია გასწორდებოდა და მე უფლება მექნებოდა, მენახა ესა თუ ის ამომრჩეველი რა მისამართზე ცხოვრობდა, თუმცა, ეს რატომღაც არ გააკეთეთ…
_ ბოლო კითხვიდან გიპასუხებთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ.
_ სად არის მერე?
_ შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილით. ამომრჩეველთა ერთიან სიას გადმოგცემთ და იქ შეგიძლიათ იხილოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი.
_ ასეთი უკვე მომცა ჩემი პარტიის სათავო ოფისმა. ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ ინტერნეტითაც იქნებოდა იგივე შესაძლებელი.
_ არის კიდეც. ჩაწერთ თქვენს პირად ნომერს, რომელიც რომელიც ერთგვარი პაროლია და მოძებნის უპრობლემოდ.
_ ეს კი ვიცი, მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი რომან ბიწაძეა რეგისტირებული.
_ ამას ინტერნეტში ვერ ნახავთ. ათასმა კაცმა რომ დაიწყოს ძებნა, ტექნიკურად ძნელი გასახორციელებელია. თითქმის ნახევარი გიგაბაიტი ინფორმაციაა და ის რომ ინტერნეტიდან კომპიუტერში ჩამოტვირთოთ, საათები დაგჭირდებათ, ჩვენი სერვერები კი გაიჭედება.
_ ანუ, თქვენ რაც დაგვპირდით, ვერ შეასრულეთ.
_ რატომ გგონიათ ასე? ნებისმიერი პიროვნების ძებნაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, კომპიუტერის მცირედი ცოდნა და ინტერნეტში მუშაობა. ეგებ, თქვენ არ იცით, დაიხმარეთ ვინმე ახალგაზრდა და ის მოგიძებნით. ჩაწერთ პირად ნომერს და ნახავთ.
_ პირადი ნომერი თუ მაქვს, კი, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ მე შეიძლება მარტო სახელი და გვარი ვიცი და მისი გადამოწმება მინდა…
_ თქვენს პარტიას საკმაოდ კარგი და ნიჭიერი ხალხი ჰყავს და ისინი დაგეხმარებიან მაგ პრობლემის მოგვარებაში. თუ კომპიუტერი არ იცით, მე როგორ დაგეხმაროთ?!
_ თქვენ ისიც კარგად გცოდნიათ, თუ რას გასცეთ პასუხი და რას _ არა. ერთიან სიაზე რომ მელაპარაკებით, იქ რა ვქნა, ოლქების მიხედვით ვეძებო ესა თუ ის ადამიანი? ამის მარტივი წესი უნდა არსებობდეს.
_ სხვათა შორის, საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სია ყველასთვის ხელმისაწვდომია, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ ქვეყანაზე.
_ პირველ კითხვაზე, ირღვევა თუ არა ამომრჩევლის უფლება, არ მიპასუხეთ!
_ რა გინდათ, საჩხუბრად გამოგიწვიოთ?!
_ ასე რატომ გგონიათ?
_ მე არ ვარ იურისტი და სანამ არ დადგინდება, რომ ირღვევა ამომრჩეველთა უფლება, მანამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ამის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ საუბარი ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელა, რომლის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა მოინახულა.