შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ფოტორეპორტიორების ჯაშუშობას შეეხებოდა, მოსახლეობამ საკუთარი აზრი გამოთქვა. კითხვაზე, თუ რამდენად ენდობიან ზემოთ ხსენებულ ინფორმაციას, ოზურგეთელები ასე პასუხობენ.
ლალი, 47 წლის: _ ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვენდობი. ვფიქრობ, ბევრ სიცრუეს ავრცელებენ ხელისუფლების დავალებით. რაც შეეხება აგენტებს, ნაკლებად მჯერა ამ ადამიანების აგენტობის.
სულიკო, 77 წლის: _ ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია არ არის მართალი. ვიღაცას აწყობს ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება. ცილისწამებაა ეს ყველაფერი.
ლუბა, 70 წლის: _ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ ვარ გარკვეული და ვერ გადამიწყვეტია, ვენდო თუ არა ტელევიზიით გადმოცემულ ინფორმაციას.
ლალი, 43 წლის: _ ფარსია ეს ყველაფერი, სიყალბეა და ასეთი ინფორმაციების გავრცელება ყურადღების გადასატანად გამოიყენება, ან კიდევ უფრო სხვა რამეს ემსახურება.
ვალერი, 60 წლის: _ ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, მაგრამ, ალბათ, ამ ინფორმაციაში დევს სიმართლის მარცვალი. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ფაქტი რეალური იყოს. თუმცა, სხვა საქმეა, დაუმტკიცდებათ თუ არა წაყენებული ბრალდება.
ვენერა, 55 წლის: _ მორწმუნე ადამიანი ვარ, მართლმადიდებელი. არ მინდა დავიჯერო, რომ ამდენი მოღალატეები ჰყავს საქართველოს. არ მგონია, მასე იყოს. ამდენად, ნაკლებად მჯერა მსგავსი ინფორმაციების.
კაკო, 55 წლის: _ ვფიქრობ, რომ, ალბათ, არის ბრალდების საფუძველი და მგონია, რომ მართალი უნდა იყოს.
მარინა, 51 წლის: _ არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას საქართველოში ჯაშუშები სჭირდებოდეს, ისედაც ღიაა ყველაფერი. ალბათ, ვისაც ტელევიზიით აჩვენებენ, არ არის ჯაშუში, ეს ინფორმაცია კი, მგონი, ხელისუფლების ინტერესებში შედის _ პიარისთვის სჭირდებათ, ან კიდევ სხვა რამის გადასაფარად.
მიხეილი, 35 წლის: _ გადმოცემულ ინფორმაციას არ ვენდობი _ არ არის საფუძვლიანი. აგენტებზე და საქართველოს მოღალატეებზე მთელი სერია შეიქმნა და მერე გაირკვა, რომ სულაც არ ყოფილან ეს ხალხი მოღალატეები. ინფორმაცია ფოტორეპორტიორების შესახებ ჯერ გამოსაკვლევია _ უნდა დაუმტკიცდეთ დანაშაული და მერე უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, აქ კი პირიქით მოხდა. არ ვენდობი ცენტრალური ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას.
მანანა, 60 წლის: _ გამორიცხული არ არის, რომ არსებობდნენ ჯაშუშები. ალბათ, არსებობს ამის საფუძველი და გავრცელებული ინფორმაციაც სიმართლეს შეესაბამება.
დავითი, 38 წლის: _ ჩვენთან ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. ვფიქრობ, რომ ისინი არ არიან ჯაშუშები. ტელევიზიით გადმოცემული ინფორმაცია არ არის სრულფასოვანი, რადგან ბეჭდურ მედიაში განსხვავებული ინფორმაციები იბეჭდება. ამდენად, ტყუილის და მართლის გარჩევა ხალხისთვის ძნელია. სახელისუფლებო ტელევიზიებით გავრცელებულ ინფორმაციას, პირადად მე, არ ვენდობი.
გიორგი, 30 წლის: _ არ გამიკვირდება, ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია რომ სინამდვილეს შეეფერებოდეს, თუმცა, დანამდვილებით ჯერ ვერავინ იტყვის, არიან თუ არა ეს ადამიანები აგენტები. ამას სასამართლო გადაწყვეტს.
მარინა, 51 წლის: _ ჰიტლერს რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჰქონოდა, გერმანელ ხალხს დღემდე არ ეცოდინებოდა, რომ ომი წააგეს.