(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ბუნებრივი რესურსების სააგენტო კადრებს კონკურსის წესით შეარჩევს. აღნიშნული სააგენტოს გურიის სამსახურში, ამ ეტაპზე, 13 ვაკანტური ადგილია”, _ ამის შესახებ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ნოზაძემ 18 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაკანტური ადგილებია ტყის მართვის და მონიტორინგის სამმართველოში. კონკურსის ფარგლებში ვაკანტური ადგილების დაკავება როგორც ძველ, ისე ახალ კადრებს შეეძლებათ. ტესტირების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კონკურსანტები, გასაუბრების წარმატების გავლის შემთხვევაში, სპეციალურ ტრენინგებს პოლიციის აკადემიაში გაივლიან და ამის შემდეგ მოხდება მათი დასაქმება.კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შეტანა 30 ივლისის ჩათვლით, როგორც აღნიშნულ სამსახურში, ასევე, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გამგეობაშიც შეუძლიათ.
ნოზაძის განმარტებით, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში რეფორმები გრძელდება: “აღნიშნული სამსახური მოიცავს ორ სამმართველოს _ ბუნებრივი რესურსების და ტყის მართვის სამმართველოებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ 7 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოპოვებაზე ვრცელდებოდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ შეზღუდვის მოხსნით, დაუშვებელია ადამიანმა, გარდა პირადი მოხმარებისა, სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს მიღებული მერქანი. ახლა აქცენტი შეჩერებული გვაქვს ტყეკაფებში მისასვლელი გზის შეკეთებაზე, რომ მოსახლეობამ უფრო მარტივად მოახერხოს შეშის ათვისება”, _ თქვა ნოზაძემ.