საატესტატო გამოცდებში მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ცოდნის დაბალი დონის გამო, გურიის რეგიონში რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიაში კიდევ 11 საჯარო სკოლის დირექტორს მოუხდება თანამდებობის დატოვება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის, კონჭკათის, ჯუმათის, კვირიკეთის, ასკანის, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლების დირექტორები: იზო შათირიშვილი, რომან სირაძე, ნესტორ მეგრელაძე, ნაილი გრძელიძე, ნინო მამალაძე, თემურ მაისურაძე თანამდებობიდან უკვე დათხოვნილები არიან.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, სასწავლო პროცესის ხარისხზე პასუხისმგებლები სკოლის დირექტორები არიან: “საატესტაციო გამოცდებმა არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში მოწონება დაიმსახურა. ბევრი ქვეყანა ჩვენი გამოცდილების გაზიარებას აპირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათეულ სკოლაში დაბალი აკადემიური მაჩვენებელი დაფიქსირდა; ამიტომ, კანონის თანახმად, მე ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს რეკომენდაციით მივმართავ, სკოლების ადმინისტრაციების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილონ, რადგან მივიჩნევ, რომ სკოლის მუშაობაზე პასუხისმგებლები დირექტორები არიან,” _ თქვა სააგენტო “პირველთან” საუბარში მინისტრმა.
“საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის დირექტორებს არ ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლების დეცენტრალიზაციის სისტემის თანახმად, დირექტორები თავად წერენ განცხადებას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ განცხადებას კი, სამეურვეო საბჭო აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მათ მიერ არის მიღებული… იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო კანონით დადგენილ პასუხისმგებლობის შესრულებაზე უარს იტყვის, მაშინ თავად სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება”, _ შაშკინის ამ განცხადებას დასაწყისი “დემოკრატიული” ჰქონდა, დასარული კი განაჩენივით ჟღერდა.
თუმცა, კანონში გაწერილი “დემოკრატიული დეცენტრალიზაცია” რეალურად მხოლოდ ქაღალდს შემორჩა _ ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სკოლების უკვე ყოფილმა დირექტორებმა სწორედ მინისტრის მოადგილის ხელმოწერით დამოწმებული ოფიციალური წერილის შემდეგ შეიტყვეს, რომ დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის უკვე გათავისუფლებული დირექტორი ნესტორ მეგრელაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო.
_ დამიბარა ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა (ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი) და ბრძანება გამაცნო, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე სეფერთელაძე აწერს. რა ვიცი, რა გითხრათ, სხვა მიზეზი ჩემთვის ნამდვილად არ უთქვამთ. მე როგორც მითხრეს, საატესტატო გამოცდების დაბალი მაჩვენებლების გამო გამათავისუფლეს, თუმცა, ასე არ მივიჩნევ: გამოცდაზე გავიდა 12 მოსწავლე და აქედან, მხოლოდ 2 ჩაიჭრა. ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი. მე ვიცი, რომ სხვა სკოლებმა უფრო ცუდი შედეგი აჩვენეს და დირექტორები თანამდებობებს ინარჩუნებენ. 34 წელი პედაგოგი ვიყავი, აქედან, 26 წელი სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის დირექტორად ვიმუშავე, ალბათ, ჩათვალეს, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და გამათავისუფლეს. თუმცა, მე თავს წარუმატებელი სკოლის დირექტორად არ ვთვლი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნესტორ მეგრელაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის სკოლის დირექტორი იზო შათირიშვილი “გურია ნიუსთან” კომენტარს არ აკეთებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არც ამ სკოლას უჩვენებია დაბალი შედეგი, თუმცა, სხვების მსგავსად, მიზეზად მასაც ეს წაუყენეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამალაძე აღნიშნავს, რომ ეს მოულოდნელი გათავისუფლება მისთვის მეხის გავარდნასავით იყო, რადგან დაბალი დონე არც მის საჯარო სკოლას უჩვენებია; _ მთელი სოფელი დადგა ფეხზე; მიზეზად დაბალი აკადემიური მოსწრება დამიდეს, თუმცა, ეს ასე არ იყო, _ გვითხრა მამალაძემ.
კონჭკათისა და კვირიკეთის საჯარო სკოლების დირექტორები რომან სირაძე და ნაილი გრძელიძე აცხადებენ რომ, ისინი გათავისუფლებას ელოდნენ, რადგან მათმა მოსწავლეებმა ნამდვილად აჩვენეს დაბალი შედეგები.
რომან სირაძე, კონჭკათის საჯარო სკოლის დირექტორი: _ დაბალი აკადემიური მაჩვენებლის გამო გამათავისუფლეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ნაილი გრძელიძე, სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: _ გეტყვით, რომ ალბათ ველოდი გათავისუფლებას, რადგან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე საატესტატო გამოცდებზე, დაბალი იყო. მინისტრის ნება ასეთია და რას ვიზამთ?! 2009 წლიდან ამ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. მე შრომის კოდექსის 37 -ე მუხლის პირველი ნაწილის, “გ” პუნქტის შებამისად გამათავისუფლეს. აქ არ წერია ის, რომ დაბალი მაჩვენებელი ვაჩვენე _ იქ წერია, აუდიტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე; სხვა არაფერი ვიცი. ათმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან, რვა გავიდა გამოცდაზე, ჩააბარა ოთხმა და ოთხი ჩაიჭრა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაღმა დვაბზუს დირექტორი თემურ მაისურაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა: _განცხადება დავწერე ჩემი სურვილით. მე სერთიფიცირებული მასწავლებელი ვარ და სკოლაში ჩემი საათები მაინც მექნება.
იურისტი ტოგო ჭელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 13.07.2011 წლის #1/კ-419 ბრძანებიდან გამომდინარე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი გამოიყენეს: _ ეს გულისხმობს ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას. გამომდინარე ამ ბრძანების შინაარსიდან, განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულნი იქნენ ზემოაღნიშნული მოტივით, ვერ უზრუნველყვეს მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების დაცვა. თუ აღნიშნულ მოტივს ეთანხმებიან აწ უკვე ყოფილი დირექტორები და მათთვის ნათელია, თუ რა პირობები იქნა მათი მხრიდან დარღვეული, ლოგიკურია, რომ ამ ბრძანებას არ გაასაჩივრებენ კანონით დადგენილი წესით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს ბუნდოვნად ეჩვენება მათი გათავისუფლების მოტივი, მისთვის გაუგებარია მასა და განათლების სამინისტროს შორის შეთანხმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების რა ნაწილი იქნა დარღვეული მისი მხრიდან, ან უფრო სწორად, რის დარღვევაში სდებენ ბრალს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღნიშნული ბრძანების გაუქმება. სამინისტრო ვალდებული იყო, სულ მცირე, გაერკვია ხელშემკვრელ მხარეს თუ რა პრეტენზიები ჰქონდა მის მიმართ, კონკრეტულად რომელი პირობის დარღვევაში ადანაშაულებდა მას; ამასთან, ბრძანების გამოცემამდე, სამინისტრო დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაში, რომ დამდგარი შედეგი ნამდვილად გამოწვეული იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევით და არა რაიმე სხვა, გარეშე ფაქტორებითა თუ მიზეზებით, _ გვითხრა ტოგო ჭელიძემ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა “გურია ნიუსთან” კომენტარი იმ მოტივით არ გააკეთა, რომ შვებულებაში იმყოფება და ამ დროს, კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს! ეს “ახალი მოტივია” საჯარო მოხელეების მხრიდან და რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულად ჟღერს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კითხვების წერილობითი ფორმით გადაცემა მოგვთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ორშაბათს, დილით გადავუგზავნეთ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.