(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში 17 ქართველი რუსეთის სატანკო შენაერთს 40 წუთის განმავლობაში ებრძოდა. იმ 17-თაგან ორი ლანჩხუთელი იყო, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, შინდისში ემზარ წილოსანისა და რუსლან წულაძის ოჯახის წევრები გაემგზავრნენ, რომლებსაც თან ახლდათ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი დავით პატარაია თანამშრომლებთან ერთად, ნიგოითის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული მურმან წილოსანი.
შეტაკების ადგილზე პირველი ჯვარი წარწერით რუსლან წულაძის დედას მიუტანია: _ ამ ქალბატონის გაუტეხელმა სულმა და ვაჟკაცურმა ბუნებამ გაგვაოგნა. გმირის დედა თავადაც გმირია. მისმა ნაბიჯმა გადაგვაწყვეტინა კიდევ ერთი ჯვარი აღგვემართა აქ და ამ ბიჭების სახელების უკვდავსაყოფად მემორიალური დაფაც დაგვედგა, _ იხსენებს კოტე (ახმედა) კახნიაშვილი, _ ბრძოლა მთელი 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ აქვე ახლოს ვიყავით ეზოში თავშეფარებულები. რკინიგზის გადაღმა დახვდნენ ბიჭებს. სწორედ მათი გმირული ბრძოლის შედეგად, ქართული არმიის ბატალიონმა, მოახერხა სამშვიდობოს გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ რუსები ასე ახლოს იყვნენ, მაინც შევძელით ხუთი დაჭრილი გამოგვეყვანა და გადაგვერჩინა.
ერთ-ერთმა მებრძოლმა, ალექსანდრე ონიანმა, თავის ნათლულთან ერთად თავი აიფეთქა, მემორიალიც სწორედ ამ ადგილას გაკეთდა. შინდისში დაღუპული ბიჭების შესახებ ფილმიც არის გადაღებული, სადაც დეტალურად არის ასახული მათი გმირობისა და თავდადების ამბავი. მათ სამშობლოსათვის სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლეს.