(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ წლევანდელ გაზაფხულზე, გურიაში ამერიკული პეპლის, ამ საშიში მავნებლის, ნაკლებობა იგრძნობოდა და როგორც მცენარეთა დაცვის სამსახურში, ისე მოსახლეობაში, იმედოვნებდნენ, რომ საშიშროება, ნაწილობრივ მაინც, მოხსნილი იყო.
თუმცა, აგვისტოს ბოლო რიცხვებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცენარეთა მწვანე საფარს იმდენად დაეტყო მავნებლის კვალი, მოსახლეობა შეშფოთდა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება დაიწყო: _ წელს მიაფუჩეჩეს შეწამვლის პროცესი. ეგონათ, პეპელა გავანადგურეთო და მოდუნდნენ, ამიტომაც შემოგვესია შარშანდელზე უარესადო.
“გურია ნიუსი” მცენარეთა დაცვის სამსახურს ეწვია, სადაც სულ სხვა რამ გვითხრეს: _ მართალია, მავნებელმა აგვისტოს ბოლოს განსაკუთრებული სიმძაფრით შემოგვიტია, მაგრამ თუ მოსახლეობამ მექანიკურ მეთოდს არ მიმართა, ხელში ჩირაღდნები არ აიღო ან დაავადებული ტოტები არ მოაჭრა მცენარეებს, საშველი არ იქნება! მავნებლის გავრცელების კერა იმდენად დიდია, მთლიანად მისი მოსპობა შეუძლებელია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სულ 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, “სოლო” აპარატით დამუშავდა მწვანე საფარი; მთლიანად დამუშავდა ქალაქიც; მანქანა “დაინა ფოგის” აგრეგატით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, დამუშავდა 1000 ჰა ფართობი. შემდეგ აჭარაში გადაისროლეს ტექნიკა და ყველა სოფელში შესვლა ვერ მოხერხდა. ამერიკული პეპლის გამრავლების მეორე ეტაპი იმდენად მაღალპროდუქტიულია (როცა ერთი ჭუპრიდან გამოდის 2 000 მატლი), მოსახლეობა უნდა დადგეს ფეხზე და იბრძოლოს მექანიკური მეთოდით. ასე მოსპეს თვით ამერიკაში ეს მავნებელი და არა მხოლოდ ბიოლოგიური თუ ქიმიური საშუალებებით.
მცენარეთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სამართლიანი საყვედურიც უნდა ვიღოთ ყურად და დავეთანხმოთ მოსახლეობის ინდიფერენტულ დამოკიდებულებაში მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ. მოქალაქე, რომელმაც “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართა, ჩვენ თვითონ მივიყვანეთ საკუთარი სახლის წინ მდგარ, ორიოდე მეტრის სიმაღლის ხესთან, რომელიც პატრონის თვალწინ გაეხმო ნამცეცა მწერს.