(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რამდენიმე თვის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სიმბოლიკის _ გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენისთვის კონკურსი გამოაცხადა. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის ხელმძღვანელად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა დაინიშნა. კომისიამ რამდენიმე სხდომა გამართა, ხოლო 23 აგვისტოს დალუქული ნამუშევრები გაიხსნა. არც ერთი წარმოდგენილი ვარიანტი არ იქნა მოწონებული. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მალე თავიდან შეიკრიბებოდნენ და ახალ კონკურსსაც გამოაცხადებდნენ.
ხუთშაბათს, კომისიის კიდევ ერთი სხდომა გაიმართა. ზვიად აფახაზავამ შეკრებილებს რამდენიმე ვარიანტი გააცნო. პირველად კონკურსის ჩატარების ვადები განიხილეს და საკმაოდ იოლად დაამტკიცეს: _ უმჯობესი იქნება, რომ ვადები ამ ეტაპზე უფრო შევამციროთ. ერთი თვე რომ მივცეთ ავტორებს ნამუშევრების წარმოდგენისთვის, მგონი საკმარისი იქნება, _ თქვა აფხაზავამ.
როგორც გადაწყდა, პირველი ოქტომბრიდან მოხდება ნამუშევრების მიღება, რომელიც პირველი ნოემბრის სამუშაო დღის დასრულებამდე გაგრძელდება. გამარჯვებული 21 ნოემბერს გამოცხადდება.
ვადების შეთანხმების შემდეგ ჯერი გასათვალისწინებელ მოთხოვნებზე მიდგა. კომისიის თავმჯდომარემ წევრებს ჩამონათვალი გააცნო: სამების მთის, ლელოს “ცოცხალი” ბურთის, ზღვის, ასევე მეწამული ფერის გამოსახვა.
კომისიის ორი წევრი, ლია ურუშაძე და გია ორაგველიძე ჩამონათვალში ყაბალახის ჩამატებას ითხოვდნენ, თუმცა ამ საკითხზე შეჯერება არ მოხდა. კომისიის ზოგიერთმა წევრმა ოზურგეთის და ჩოხატაურის გერბების მაგალითი მოიყვანა _ ისინიც გურულები არიან, მაგრამ ყაბალახი არც ერთის გერბსა და დროშაზე არ ფიგურირებსო. ზოგმა ისიც თქვა, ამიტომაც, ჩვენ უნდა გამოვსახოთო.
_ ჩოხატაურის გერბზე ბაზიერია გამოსახული, რის მიხედვითაც მიხვდები, რომ ბაზიერობა ამ რაიონის სავიზიტო ბარათია. მართალია, გვარად ბაზიერები ოზურგეთშიც საკმაოდ არიან, მაგრამ ჩოხატაური ამ კუთხით გამორჩეულია. ასევე, უნდა იყოს ჩვენს შემთხვევაშიც _ ისეთი რამ უნდა დავხატოთ, რომლის შეხედვისთანავე მიხვდება კაცი, რომ ლანჩხუთის გერბს უყურებს, _ მიაჩნიათ კომისიის წევრებს.