ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი ოზურგეთში არსებულ მრავალრიცხოვანი აიპ-ებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მას ხელმძღვანელი უკვე მესამედ გამოუცვალეს. ამჯერად ხსენებულ სამსახურს, როგორც “გურია ნიუსი” წერდა, შემოქმედელი აკაკი ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე აიპ-ში 2010 წლიდან მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე, კონტროლის განყოფილებას კურირებდა.
ჭანუყვაძე პროფესიით ინჟინერია. ბოლო პერიოდის განმავლობაში გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს მთავარ სპეციალისტად, შემდგომ კი ამავე სამსახურის გურიის ჯგუფის უფროსად მუშაობდა.
_ მაქვს გეგმები და ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ჩემთვის უცხო არ არის ის საქმე, რაც უნდა ვაკეთო, რადგან სამსახურის შექმნის დღიდან აქ ვმუშაობ. ფუნქციურად საკმაოდ დატვირთული სამსახურია, რომელშიც ოთხი ქვეგანყოფილებაა _ გარე განათება, მაწანწალა ძაღლებისა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია, სასაფლაოების და წყალმომარაგების მოვლა-პატრონობა. თითოეულ განყოფილებას დარგის სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.