(კახეთის საინფორმაციო ცენტრი) _ არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დასაცავად პროექტს ახორციელებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კარაქი “შატილის“ მწარმოებელი კომპანია მომხმარებელს ატყუებს.
“20 ოქტომბერს “სურსათის ცხელი ხაზის” ტელეფონზე დაგვირეკა მოქალაქემ საჩივრით იმის თაობაზე, რომ მაღაზია “გუდვილში” იგი რეგულარულად ყიდულობს კარაქ “შატილს” და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მას წვრილად აწერია სიტყვა “სპრედი”. მომხმარებელმა არ იცოდა ეს სიტყვა რას ნიშნავს და მიმართა გამყიდველს, რომელმაც აუხსნა, რომ ეს ნიშნავს, რომ მარგარინია დამატებულიო. მომხმარებლის აზრით “კარაქის” დასახელების ხმარება პროდუქტზე, რომელიც თურმე მარგარინს შეიცავს, მომხმარებლის მოტყუებაა. მითუმეტეს, რომ სიტყვა “სპრედის” მნიშვნელობა არავინ იცის საქართველოში და ეს სიტყვაც წვრილად და საკმაოდ შეუმჩნევლად აწერია პროდუქტს. იმისთვის რომ მომხმარებლის საჩივარი შეგვემოწმებინა, ჩვენ შევიძინეთ კარაქი “შატილი”. მართლაც, ეტიკეტზე წარწერა “სპრედი” საკმაოდ მცირე და შეუმჩნეველია. თან “სპრედი” აშკარად არაქართული სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა სპეციალისტების გარდა საქართველოში არავინ იცის. დასახელება “კარაქი” კი მომხმარებელს ატყუებს. მზადდება წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად”, – აღნიშნეს “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში”.
წყარო: http://ick.ge/ka/rubrics/society/8481-2011-10-24-08-00-13.html