(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 2011 წელი UNESCO-ს მიერ ვაჟას წლადაა გამოცხადებული. ორგანიზაციის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
ვაჟა-ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილი პროექტი _ “სხვა თვალზე ვნახე სამყარო” _ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში უკვე დაიწყო. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს _ “კაი ყმა” (ექსკურსია ჩარგალში, VIII კლასი, 24 ოქტომბერი); ინტელექტუალური კონკურსი კლასებს შორის _ “სხვა თვალზე ვნახე სამყარო”, V-VI კლასები, 27 ოქტომბერი); “გამომეძიებელი გულისაY” _ (VII-VIII-IX კლასები, 3 ნოემბერი); “ბადალი მთელი ხმელეთისა” (X-XI კლასები, 10 ნოემბერი); ერთი დღე ჩარგალში (პროექტის _ კაი ყმა _ პრეზენტაცია, VIII კლასი, 17 ნოემბერი).
პროექტის დასრულების შემდეგ, სწავლების საფეხურების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებული კლასები, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის სიგელები და საჩუქრები. პროექტში მონაწილეები დაესწრებიან პრემიერას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხოლო ყველაზე ინტელექტუალური კლასი (კლასი, რომელიც ყველაზე მაღალ ქულებს დაიმსახურებს), გაემგზავრება ჩარგალში.
ვაჟა ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის ყველა ღონისძიება დაიწყება შესაბამისი დღის 15 საათზე.