(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს პოლონელი სტუმარი, სტუდენტური რადიო გადაცემის კორესპონდენტი მაგდალენა დაბაკი სტუმრობდა. ქალბატონი მაგდალენა სხვადასხვა ქვეყნების სასიმღერო ფოლკლორის გაცნობით არის დაკავებული, აგროვებს საინტერესო ინფორმაციებს ამ სფეროში და სიმღერებს პოლონელი რადიომსმენელისთვის. იგი ჩვენი საქართველოს კუთხეებში _ აჭარაში, ქართლში, სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, გურიიდან კი კახეთში გაემგზავრა. გურიაში ყოფნის დროს იგი დაინტერესდა კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “იადონით” და ტრიო “ადილათი”. მან რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა _ “იადონის ” მიერ შესრულებული “ხასანბეგურა”, “აგუნა ფუნდრუკით”, “ბურთის გამარჯვება”, “ნადური შემოქმედური”. ხოლო ტრიო “ადილას” შესრულებით _ “ჩვენ მშვიდობა”, “მრავალჟამიერი”, “მადლობელი”, “ადილა” და “შვიდკაცა”.
ქალბატონმა მაგდალენამ “იადონის” ხელმძღვანელისგან, ბიძინა მჟავიასგან აიღო ინტერვიუ, სადაც ყურადღება გაამახვილა, ანსამბლის არსებობის ისტორიასა და მის დამაარსებელზე გიორგი სალუქვაძეზე.
სტუმარი დაინტერესდა შესრულებული და ჩაწერილი გურული ფოლკლორული სიმღერების შინაარსით, რის გამოც მას აღფრთოვანება არ დაუმალავს: _ ასეთი ღირშესანიშნავი ფოლკლორი პოლონელ ხალხსაც აღაფრთოვანებდა. სულით და გულით ვეპატიჟები გურულ მომღერლებს პოლონეთში, _ აღნიშნა მან გურული სიმღერების მოსმენის შემდეგ.