(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი ინფორმაციით, ქართველი კლასიკოსი-მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 4 ნოემბერს ოზურგეთში ჩამოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, მარინა ჯაფარიძის თქმით, ხსენებული სამსახური მის შესახვედრად ემზადება. როგორც ჯაფარიძემ გვითხრა, თავად მწერალს გამოუთქვამს გურიაში ჩამოსვლის სურვილი. შეხვედრა ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობაში გაიმართება: _ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებით დააინტერესებს ახალგაზრდებს და ლიტერატურის მოყვარულთ. დასწრება თავისუფალი იქნება და გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობაში მოვაწყოთ. თვითონ მწერლისგან, გურამ დოჩანაშვილისგან წამოვიდა სურვილი, რომ იგი გურულებს შეხვედროდა. ამიტომაც ამ საქმეს ორგანიზება გაუკეთა მასთან დაახლოებულმა პირმა, მწერალმა კახა რუსიძემ. მან აცნობა ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას ბატონი გურამის სურვილის შესახებ. უკვე დაწყებულია მუშაობა ღონისძიების შინაარსობრივ მხარეზე. ძალიან გვინდა, რომ საინტერესო და ლამაზი საღამო გამოვიდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. ამდენად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო კითხვებით მიმართოს მწერალს. ვეცდებით, მწერალთან შეხვედრა სასარგებლო და საინტერესო გამოდგეს მსმენელისთვის.