ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე დასასწრებად ჟურნალისტებმა მსვლელობა 1 საათიდან დაიწყეს. აკრედიტაციაგავლილ ჟურნალისტებს, სასახლეში შესვლამდე, ნაციონალური მაუწყებლების შეკითხვებისთვის მიუხდათ პასუხის გაცემა, რომლებიც ერთმანეთის იდენტური იყო _ რატომ მივიდნენ ჟურნალისტები პრესკონფერენციის დაწყებამდე 2 საათით ადრე სასახლეში და ხომ არ იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული იმ პროცედურებთან, რომლებიც დაცვასთან უნდა გაგვევლო.
მართალია, ნაციონალურმა მაუწყებლებმა საზოგადოებას უბის წიგნაკის ჩხრეკის ფაქტები უჩვენეს და თქვეს, რომ სასახლეში შესვლამდე საკმაოდ გრძელი პროცედურები გაიარეს, მაგრამ ჩვენთვის ეს პროცესი სულ რაღაც სამიოდე წუთი გაგრძელდა და მხოლოდ ჩანთაში არსებული ნივთების გადათვალიერებით გამოიხატებოდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მყოფმა ჟურნალისტებმა ხმამაღლა განაცხადეს და ნაციონალური მაუწყებლების წარმომადგენლებს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდეს.
დაცვასთან გავლილი პროცედურისთვის ივანიშვილის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ ჟურნალისტებს ბოდიშიც კი მოუხადა, თუმცა, ზოგიერთისთვის ეს პროცედურა ისეთი “შეურაცხმყოფელი” აღმოჩნდა, რომ თითქმის მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში, უზრდელობაში გადასული თავხედობით ცდილობდნენ ბიზნესმენისთვის შეეხსენებინათ, რომ ეს არადემოკრატიული ნაბიჯი იყო.
განსაკუთრებული აგრესიულობით “რეალტივის”, “იმედის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გამოირჩეოდნენ, რომლებიც სხვის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხს არც კი ისმენდნენ, არც სხვებს ასმენინებდნენ და ცდილობდნენ პროვოკაციული შეკითხვებით ივანიშვილი წყობიდან გამოეყვანათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, დანარჩენი კოლეგების სამართლიანი აღშფოთება დაიმსახურეს. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა, ლიკა ბერაიამ “გურია ნიუსს” რამდენიმე წუთის განმავლობაში შეკითხვის დასმის საშუალება არ მისცა, შეკითხვის დასმის შემდეგ კი პასუხის მოსმენა არ დაგვაცადა და ხმამაღალი კომენტარებით ცდილობდა ივანიშვილის რუსეთის აგენტობის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ ეს ის ლიკა ბერაიაა, რომელიც “იმედში” მუშაობდა და სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაარბია 7 ნოემბერს, თუმცა მას ეს უკვე აღარ ახსოვდა და ივანიშვილის თქმით, მხოლოდ “შეკვეთილი შეკითხვების” დასმით იყო დაკავებული.
“ნაციონალური მედია”, ბიზნესმენის გაღიზიანებას ბევრს ეცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ივანიშვილმა მთელი საათნახევრის განმავლობაში, ყველა შეკითხვას, მათ შორის პროვოკაციულებსაც, მშვიდად და ღიმილით უპასუხა. მაგალითად, ასეთებს: იყო თუ არა ივანიშვილი კრემლის ბოლო იმედი საქართველოში, რას პირდება პუტინს, რატომ არ უყვარს ბეღურები და შეუჭამა თუ არა ისინი პინგვინმა და ა.შ.
ბეღურებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ივანიშვილის მიერ რეალტივისთვის გაცემულმა პასუხმა _ “მე ვანოზე უკეთესი” წარმოდგენა მქონდაო, დამსწრე საზოგადოების დადებითი რეაქციები გამოიწვია და როგორც იქ აღინიშნა, ამ ერთი ფრაზით ივანიშვილმა საკუთარი სიძლიერე დაამტკიცა. ჟურნალისტების თქმით, ამ პრესკონფერენციამ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დაამარცხა და მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ ბიზნესმენის ცუდი მხარეები წარმოეჩინათ, არაფერი გამოუვიდათ. პირიქით, მათმა საქციელმა ბიზნესმენს ერთგვარი პიარიც კი გაუკეთა, რაც მოგვიანებით ექსპერტებმაც დაადასტურეს.
ამ პრესკონფერენციამ ყველა დაარწმუნა, რომ ქართულ მედიას ყველაზე მეტად პროფესიონალიზმი აკლია. ასევე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მედია მართლაც დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბევრ ჟურნალისტს მოქალაქეობრივი შეგნება ძალიან დაბალი აქვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან კომენტარები გაკეთდა. ბევრი აღნიშნავდა, რომ პრესკონფერენციას ორგანიზება აკლდა, ბევრი შეხვედრის დროის სიმცირეზეც საუბრობდა, თუმცა, უმრავლესობა თანხმდებოდა ერთზე _ “ნაციონალური მაუწყებლების” და რამდენიმე, ხელისუფლების მიერ მართული ჟურნალ-გაზეთების საშუალებით, ხელისუფლებამ ერთგვარი სპეცრაზმი ჩამოაყალიბა, რომელიც რეალობის გარკვევის ნაცვლად, სიტუაციის არევას ემსახურება და სპეცდავალებას ასრულებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა ჟურნალისტებს “ქართუ ჯგუფის” მიერ გამოცემული ბრუშურა “ანტიჟურნალისტიკა ანუ ქრონიკული ალიაქოთი” დაურიგა, რომელშიც საუბარია იმ სტატიებზე, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ბიზნესმენზე გამოქვეყნდა და რომელშიც, ბიზნესმენის აზრით, მოვლენები არაობიექტურად არის ასახული.