“გურია ნიუსი”, გამოკითხვის შედეგად, კიდევ ერთხელ შეეცადა დაეკონკრეტებინა ის შეხედულებები, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის გახორციელების შემდეგ ჩამოყალიბდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია კი სოფლის მეურნეობის დარგის იმ სპეციალისტებთან შევაჯერეთ, რომლებსაც არა მარტო პროგრამის მონიტორინგი, არამედ უშუალოდ გლეხებისთვის დახმარება და ხელშეწყობა (არაფინანსური და მატერიალური) ევალებოდათ, თეორიულ დონეზე მაინც.
როგორც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, საჭირო მოსავლიანობის მისაღებად, საჭირო იყო გარკვეული ღონისძიებების გახორციელება ხელისუფლების მხრიდან _ უპირველესად, დასაშრობი სისტემის წესრიგში მოყვანა, ანუ ძირითადი გამწოვი არხების გაწმენდა, რომ მოსახლეობას საშუალება ჰქონოდა ნაკვეთებში გაყვანილი დამწრეტი არხები შეუფერხებლივ მიეერთებინა ცენტრალურ არხზე. როგორც მოსახლეობა ირწმუნება, რაც ადგილზე მისვლითაც თვალნათლივ გამოჩნდა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მის საკუთრებაში არსებული ცენტრალური არხების გაწმენდა. აღსანიშნავია, რომ ასევე, ხელისუფლება ვალდებული იყო მოსახლეობისთვის არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რჩევა-დარიგება მიეცა. არადა, ის პროგრამის ჩავარდნას გლეხებს აბრალებს.
ამ თემაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს სოფლის მეურნეობის დარგში ლაშა ღლონტს.
_ ბატონო ლაშა, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამას ოზურგეთში თქვენ კურირებდით. მოსახლეობის თქმით, პროგრამა ჩავარდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და თუ ეთანხმებით, იქნებ, გვითხრათ, რატომ ჩავარდა ეს პროექტი?
_ პროგრამა იყო ძალიან კარგი, კმაყოფილი ადამიანებიც არიან. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენი ოჯახია გამოკითხული და რამდენი დაზარალებული. ვინც დაიცვა აგროწესები, მიიღო ძალიან კარგი მოსავალი, მაგრამ ჩვენს ხალხს არ უყვარს მოსმენა, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა გენიოსი და აკადემიკოსია. მოდიოდნენ მოქალაქეები და კითხულობდნენ დათესვის და მოყვანის წესებს. მაგალითად, მერიაში ჩავედით და გადავიღეთ მოსავლის აღება, ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა _ ჩვეულებრივი “ნადი” იყო. იქ ხალხი ამბობს, რომ კმაყოფილნი ვართ, კარგი მოსავალი მივიღეთო. ადამიანი, რომელსაც ორი ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი სიმინდი, ამბობს, რომ ერთზე კარგი შედეგი მიიღო. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ღონისძიება იქნა გატარებული მოსავლის მისაღებად. მეორე ნაკვეთზე ვერ მიიღო მოსავალი წყლის ჩადგომის გამო. წყლისგან უნდა დაწრეტილიყო ფართობი, რისთვისაც სადრენაჟე არხი უნდა გაეკეთებინა. მან ეს არხი არასწორად გააკეთა. ამიტომ უნდა მოსულიყო ჩვენთან. თბილისში მკითხეს, რატომ ჩავარდა მოსავალიო. მე ვუთხარი არ ჩავარდნილა,-მეთქი. როგორ არაო, მითხრეს და მაჩვენეს ვიდეოკადრები. უნდა გაშუქდეს ყველა ინფორმაცია ობიექტურად _ ისეთი ადამიანი არის ჩაწერილი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხებში. არ ვიცი, ვისი გადაღებულია. იმის მიზეზი არსებობს, თუ რატომაა ერთი ნაკვეთი კარგია და მეორე _ ცუდი. თუ მხოლოდ უარყოფითი უნდა დაინახოს ვინმემ, კი, ბატონო, მისი საქმეა. მაგრამ მხოლოდ უარყოფითის დანახვა არ შეიძლება. რაიმე სასარგებლო ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, რომ გლეხი ფერმერად ჩამოყალიბდეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ცუდი მოსავალი იმიტომ მიიღეს, რომ არ იყო გათვალისწინებული ნიადაგის სიღრმე. მექანიზატორებს მივეცით რჩევა, რომელ ნიადაგზე, რა სიღრმეზე დაეთესათ. დათესილი ყველა ამოვიდა აბსოლუტურად, შემდეგ დაზიანდა ჭარბწყლიანობის და წყლის დგომის გამო. ხალხი მიჩვეულია, რომ ჩვენებური სიმინდი ჩვეულებრივად ამოდის და იზრდება, მაგრამ ამერიკულ ჰიბრიდს სპეციალური პირობები სჭირდება. გლეხებს უნდა გაესწორებინათ ნიადაგი და სიმინდი დაეთესათ 4-5 სმ სიღრმეზე. მოვიდა ადამიანი და მიმტკიცებს, რომ მის ნაკვეთში არ ამოვიდა სიმინდი. ვაჩვენე მისი ყანის სურათი, სადაც იმხელა ბალახია, რომ სიმინდი არ ჩანს. ვისი ბრალია ეს?
_ იმის თქმა გინდათ, რომ მოსავლის ჩავარდნა მოსახლეობის ბრალია?
_ მათ ვერ გაატარეს აგროტექნიკური ღონისძიებები. შემიძლია გითხრათ, რომ ნარუჯის ფართობებზე, სადაც ჩაი იყო გაშენებული, არ იყო სათანადო ნიადაგი სიმინდის დასათესად.
_ შემოტანილ სიმინდს თუ ახლდა აგროტექნიკური დამუშავების ინსტრუქცია?
_ პროგრამას ახლდა მითითება, დარიგდა ბუკლეტებიც. დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ჩვენგან, და არამარტო ჩვენგან, მიეღოთ ინფორმაცია, სხვადასხვა წყაროებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ.
_ რამდენი კილოგრამი თესლი იყო შემოტანილი და რა გაანგარიშების საფუძველზე?
_ ზუსტი ციფრი არ მახსოვს. 723 ტომარა იყო. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.
_ მოსავლის ჩავარდნა ხომ არ იყო თესლის ბრალი?
_ არავითარ შემთხვევაში. თესლის ბრალი არ ყოფილა. აღების დრო როცა იყო 100-დღიანი, ზოგმა 130 დღეში აიღო, ზოგმა 160 დღეში. ამის გამო შეიძლება დაზიანდეს პროდუქტი.
_ თუ ამოწმებდით სიმინდს მოსავლის აღებამდე და მონიტორინგს თუ ატარებდით?
_ კი, დავდიოდით “ლეკიანის” საყანე ფართობებში, ნატანებში.
_ “მოლიანის”, ჩალიანის”და “ლეკიანის” ფართობებში ჩაატარეთ თუ არა დასაშრობი სამუშაოები?
_ შიდა არხები უნდა გაწმინდოს მოსახლეობამ. დანარჩენი კი ხელისუფლების საქმეა.
_ თქვენ თუ ჩაატარეთ სამუშაოები?
_ თუ შიდა არხები არ გაწმინდა მოსახლეობამ, აზრი არ აქვს სხვა სამუშაოების ჩატარებას.
_ თქვენ არ იცოდით, რომ არ იყო შიდა არხები მოწესრიგებული და იქ არ უნდა დაეთესა მოსახლეობას სიმინდი?
_ იქ მაინც რისკავს მოსახლეობა ყოველ წელს და თესავს სიმინდს. თუ იქნება გვალვიანი წელი, მოვა მოსავალი, თუ წვიმიანი იქნება, მაშინ ჩავარდება. წინასწარ ვერავინ გათვლის. ჩვენც ველოდებოდით, რომ იქნებოდა გვალვიანი ზაფხული, მაგრამ პირიქით მოხდა. ამიტომ, ხალხმა არხები უნდა მოაწესრიგოს. ზოგი აწესრიგებს, ზოგი _ არა.
_ საბოლოო ჯამში, როგორ შეაფასებდით ჰიბრიდული სიმინდის პროგრამას ოზურგეთში?
_ ყველა რაიონში იყო ჩავარდნები, არა მარტო ოზურგეთში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობას გადაწყვეტილი აქვს, რომ დახვეწენ ტექნოლოგიებს, მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მომავალ წელს ისევ დათესავენ ამერიკულ სიმინდს. თუ წელს დაითესა 30 000 ჰექტარი ფართობი, მომავალ წელს მოთხოვნა არის 40-45 ათასი ჰექტრის დათესვაზე. მით უმეტეს თეთრ სიმინდზე. იგი უფრო სარგებლიანი და მოსავლიანი გამოდგა და მოთხოვნაც მეტი იქნება.
_ მიაწოდეთ თუ არა ხელისუფლებას ინფორმაცია მიღებული შედეგების შესახებ?
_ რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ინფორმაცია შედეგების შესახებ და იქედან გამომდინარე, აპირებენ მომავალშიც გააგრძელონ ეს პროგრამა, რომელსაც დაემატა სოიოს პროგრამა. სოიოც ამერიკული იქნება, ოღონდ ჰიბრიდული _ არა.
_ იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ რას იტყვით, რომლის მიხედვითაც დაზარალებული ოჯახები თანხას არ გადაიხდიან?
_ ველოდებით გადაწყვეტილებას და ვნახოთ.
_ ჯერ არა არის გადაწყვეტილი?
_ რა ფორმით იქნება უახლოეს ხანებში შევიტყობთ.