პროფესორი იური სიხარულიძე იღბლიან მეცნიერთა შორის უნდა მოვიხსენიოთ. თუ არა იღბალი, რას უნდა მივაწეროთ 1945 წლის 11 აპრილს რომ შეხვდა დიდ ღვთისკაცს, ექვთიმე თაყაიშვილს, რამაც მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი ცხოვრების გეზი _ იურიდიული ფაკულტეტის ნაცვლად, ექვთიმეს რჩევით, ისტორიულ ფაკულტეტზე გადავიდა. რომ არა ეს შემთხვევა, ქართულ საისტორიო მწერლობას არ ეყოლებოდა ისეთი ნაყოფიერი და წინმავალი ისტორიკოსი, როგორიც იური სიხარულიძე გახლავთ. სწორედ იმავე იღბალმა შეახვედრა ის მოგვიანებით დიდ ქართველ ისტორიკოსს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს. რომ არა ეს იღბლიანი შეხვედრა, იგი ვერც ქართული სისტემური ტოპონომიკური კვლევის პიონერი გახდებოდა და ვერც საისტორიო მეცნიერების უვალ გზათა მკვალავი. იღბალმავე მოუმართა მას ხელი გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ის ჯერ 30 წლისაც არ იყო, შესჭიდებოდა ისეთ რთულ საქმეს, როგორიც გახლდათ საბჭოთა კავშირში საისტორიო გეოგრაფიაში პირველი სადოქტორო დისერტაციის პრეტენზიით გამოსვლა. ასეთ კვლევა-ძიებას ნიჭიც უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იღბლის გარეშე, ვინ უწყის, რამდენი ბუნებრივი ნიჭი უკვალოდ გამქრალა. იღბალი უნდოდა იმასაც, რომ იური სიხარულიძე რამდენიმე უნივერსიტეტის დამაარსებელი და მათი რექტორიც გამხდარიყო. ახლა ის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო რექტორი და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელიცაა.
იური სიხარულიძის მოწაფეებად მიიჩნევენ თავს ისეთი ისტორიკოსები, რომლებიც მისი უშუალო მსმენელები არასოდეს ყოფილან, მხოლოდ მის ნაშრომებზე აღიზარდნენ და ეს შემთხვევით როდი მომხდარა. ი. სიხარულიძემ ისეთი მაღალი ხარისხის ნაშრომები შექმნა, რომლებმაც გენიალური ვაჟა-ფშაველასა და დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიები დაიმსახურეს. ამ ნაშრომებში გამორჩეულია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკის ორტომეული (1958-1959 წლები), ასევე ორტომეული ჭანეთის (ლაზეთი) შესახებ, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიბეჭდა და ბევრი სხვაც.
ბატონ იურის უდიდესი წვლილი მიუძღვის ისტორიული ძეგლების კვლევაში, რომლებიც წიგნებადაა გამოცემული და ქართული ისტორიის საგანძურის დიდი შენაძენია.
ღვაწლმოსილ მეცნიერს იური სიხარულიძეს წელს 85 წელი შეუსრულდა. ის ისევ მხნედ გამოიყურება და ასაკი აშკარად დაჩაგრა.
ჩვენს საზოგადოებაში მოღვაწეობს კაცი _ ცოცხალი მემატიანე, ქართული ტოპონიმების მოჭირნახულე, რომელმაც ბევრი რამ გამოიტანა სამზეოზე ერის წარსულიდან, პოეტი, მომღერალი, მოკრიმანჭულე, არქეოლოგი, ეთნოგრაფი. პროფესორ იური სიხარულიძის საიუბილეო საღამოები დიდი შინაარსითა და სიყვარულით, გულითად ატმოსფეროში ჩატარდა ოზურგეთში, კულტურის სამსახურისა და ისტორიული მუზეუმის თაოსნობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩოხატაურში, მისი მშობლიური სოფლის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში, სადაც დაწყებითი განათლება მიიღო.
მეტად ორიგინალური და ამაღლებული იყო საიუბილეო ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში არსებულ ადრეშუასაუკუნეების ისტორიულ ძეგლზე _ ციხეზე. აქ თავი მოიყარეს სტუმრებმა თბილისიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ფაზისის საერო აკადემიის გურიის რეგიონული ორგანიზაცია და ბუკისციხის საჯარო სკოლა (დირექტორი ციალა მახარაძე).
დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ ამაგდარ მეცნიერს, რათა მან ახალი მიღწევებით გაამდიდროს ქართული საისტორიო მეცნიერება.
რევაზ თედორაძე,
საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი,
ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი, ღირსების ორდენოსანი