ჩვენი სტუმარია პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე:
_ 2012 წელი ხელისუფლებამ საპენსიო რეფორმის წლად გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პენსია იყოს ეკონომიკური ზრდის თანაზომადი და მდგრადი. ევროპული ქვეყნები თითქოს გადაურჩნენ ეკონომიკურ რყევებს, თუმცა, ზოგ ქვეყნებში ის ისევ გრძელდება _ საბერძნეთში, იტალიაში და გერმანიაში მოხდა პენსიების და ხელფასების შემცირება. თანაზომადი ნიშნავს, რომ დაპირება არ უნდა აჭარბებდეს იმას, რისი რეალური საშუალებაც აქვს სახელმწიფოს. 2012 წლის სექტემბრიდან, 670 ათასი პენსიონერი მიიღებს 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს. საბოლოო ჯამში, პენსია იქნება 140 ლარი, მასში შევა სტაჟის დანამატიც; დაზღვევა დაავადებათა რისკისგან დაიცავს ასაკოვან ხალხს. ასევე, პენსიონერი არ უნდა კვდებოდეს შიმშილისგან, _ ამბობს ოთარ თოიძე, რომლის მოსაზრებებში კარგად ჩანს სოციალური და ჯანდაცვის მიმართ დღევანდელი სახელმწიფოს მიდგომა.
_ ზაფხულში, ყველა ნაციონალურ არხზე გადიოდა რეკლამა საქართველოს მასშტაბით მინიმალური პენსიის 100-ლარამდე გაზრდის შესახებ. რატომ არ შეეხო ეს ცვლილება პენსიონერთა ყველა კატეგორიას?
_ სიტყვიერად რთული წარმოსათქმელი იყო, რომ ეს ეხება მხოლოდ ასაკოვან და პირველი ჯგუფის ინვალიდებს (კანონი და საერთაშორისო შეთანხმებები, ამ შემთხვევაში, ცნობს შემდეგ ტერმინოლოგიას _ “მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები” და აუცილებელია, პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სწორედ ამ ტერმინს იყენებდეს! რედ.) მეორე მხარეს დაგვრჩა შეზღუდული სტატუსის მქონე, მარჩენალდაკარგულები, თუ სხვა კატეგორიები.
_ ასეთი დიფერენციაცია არ იწვევს უსამართლობას?
_ მთავარი პრინციპია პენსია არ იყოს დამისამართებული. პენსია უნდა დაენიშნოს ადამიანებს, რომელსაც უმრავლესობა აირჩევს, როგორ მოვიქცეთ პენსია მივცეთ დამსახურებულ მოღვაწეებს, როგორც იყო ადრე, თუ ღარიბებს?! როდესაც არ გაქვს შესაბამისი ეკონომიკური პირობები, რომ მისცე ყველას, ამიტომ ირჩევ ისეთ კატეგორიებს, რომლებსაც არ აქვთ შრომის უნარი. ასეთად ითვლებიან 60 და 65 წელს ზემოთ მყოფი ქალები და მამაკაცები. პირველი ჯგუფის ინვალიდები შრომისუუნაროები არიან. თუ ადამიანს აქვს დიაბეტი, ან წყლული, მას შეუძლია მუშაობა. მკვეთრს არ აქვს მუშაობის უნარი, ამიტომ, ვირჩევთ მათ და ეს მიმართულია სიღარიბის ზღვრის შემცირების და ჩვენი მოქალაქეების გადარჩენისაკენ.
_ მაგრამ, ბატონო ოთარ, სიღარიბის ზღვარი არა თუ მცირდება, არამედ, სტატისტიკის მიხედვით, უკიდურესად ღატაკების რიცხვი ქვეყანაში 2-მილიონამდე გაიზარდა!
_ ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგია. პენსიების ზრდა ყველა საპენსიო კანონში იყო ჩადებული, თუმცა მხოლოდ დეკლარირებულად. გახსოვთ, წლების განმავლობაში გაუცემელი, გაყინული პენსიები. არ იყო დაცული რეგულარულობის პრინციპი. დღეს, პენსია გაიცემა დროულად, თანხები იმატებს რაოდენობრივადაც და რაც მთავარია, მდგრადია.
_ პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქტების ფასები დღითიდღე იზრდება, რამდენია დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი?
_ 150 ლარიდან 155 ლარამდე. ფულადი დახმარება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების თანაზომადია.
_ ეს სტატისტიკური მონაცემი შარშანდელია. რას ნიშნავს საარსებო მინიმუმი?
_ ეს ცნება მოწოდებულია, რომ მასზე ნაკლები არ ჰქონდეს მოქალაქეს, თუ ამ ლოგიკას გავყვებით და ამ ციფრების გარეშე ადამიანს არ შეუძლია არსებობა, მაშინ მოსახლეობა აქამდე შვიდჯერ მკვდარი უნდა იყოს.
_ ეს ლოგიკა დამაიმედებელია მმართველი გუნდისთვის?
_ თუ ქვეყანაში იქნება 80% ასაკოვანი მოსახლეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ მუშაობა, საგადასახადო ტვირთი უნდა იტვირთონ ახალგაზრდებმა. როცა მოწესრიგდება დასაქმების პრობლემა, სახელმწიფოს სოციალური დახმარების სისტემა მეტად მოქნილი გახდება. განვითარებულ ეკონომიკურ ქვეყნებში სოციალური დახმარება აგებულია სოლიდარობის პრინციპზე, ასევე ყველა ადამიანი წინ იხედება და ფიქრობს უზრუნველ სიბერეზე, ქმნიან საზოგადოებრივ, კერძო, თუ სათემო ფონდებს, ისინი თავის შენახულ ფულს მთელი ცხოვრება სახელმწიფოს აძლევენ სესხად, აბანდებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ, სიბერეში კი უკან იბრუნებენ. საქართველოში შეიცვალა სისტემა, გვაქვს ახალი ფორმაცია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ჩვენ სოციალურად უნდა ვარსებობდეთ თუ არა, როცა არ შეგვიძლია ეკონომიკური აზროვნება? სახელმწიფოს ბევრი რამ შეიძლება მოვთხოვოთ, მაგრამ ის ყოველთვის გეკითხება, შენ ამისთვის რა გააკეთე? ჩვენგან განსხვავებით, ახალი თაობა სხვაგვარად ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, მათ სიბერეში აღარ ექნებათ ეს პრობლემა. დაგროვილი ექნებათ დოვლათის ის მოცულობა, რომლითაც უზრუნველყოფენ თავიანთ სიბერეს. საზოგადოება ბერდება, გული შეგვტკივა, რომ ვერ შევძელით ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება. ამიტომ, ახალგაზრდებს უნდა შევუწყოთ ხელი. განვავითაროთ სხვადასხვა სფეროები.
_ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არანაკლებ პრობლემური სფეროა.
_ ხშირად მაკრიტიკებენ, როცა ვამბობ, რომ ამერიკელთა 40%-თვის ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი, პირველადი სამედიცინო დახმარება მთელ ქვეყანაში უზრუნველყოფილია. ჯანდაცვა უნდა დავყოთ სხვადასხვა კატეგორიებად; მაგალითად, რომ არ გვქონდეს ბავშვების აცრა, რამდენიმე თვეში ჩვენ გავხდებით ნაციონალური კატასტროფის მოწმეები. ქვეყანაში ჯანდაცვის თავდაცვის სისტემა მუშაობს. ექიმთან ორსული ქალების სამი საკმაოდ მოცულობით ვიზიტი უფასოა. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე ინტელიგენტურმა საზოგადოებამაც არ იცის კარგად, თუ რა სჭირდება მას ექიმისაგან. თვითმკურნალობა ან რჩევის მიცემა ადამიანის ბუნებაშია. სახელმწიფოს მიერ ფინანსდება მთელი რიგი დაავადებები, თუმცა არის პროგრამები, რომლებიც ფასიანია; მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია. განვიხილავთ 6-დან 60 წლამდე ადამიანების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების საკითხს. თუ შემთხვევა გადაუდებელია, სახელმწიფო გარკვეულ დაფინანსებას თავის თავზე იღებს, შემდეგ კი ისევ ოჯახს აწვება პაციენტი მძიმე ტვირთად. მუშაობდა რეფერალური პროგრამა, რომლის არამიზნობრივი ხარჯვის გამო მისი დისკრედიტაცია მოხდა. შემოვიღეთ სადაზღვევო სისტემა, შევთავაზეთ საზოგადოებას თანაგადახდის პრინციპი, თუმცა 5-ლარიანი დაზღვევა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის გამო ჩავარდა.
_ იქნებ უმრავლესობამ ვერ აუხსენით სათანადოდ ხალხს, თუ რას სთავაზობდით?
_ როდესაც ბუზი ჩავარდება თაფლიან კასრში, მას არავინ არ ყიდულობს; შესაძლებელია, ამ პროგრამის ავტორიტეტის აღდგენა. საზოგადოებაც მიხვდა, რომ დაზღვევის მექანიზმი საჭიროა. ჩვენ დღეს ვავითარებთ ისეთ ძვირადღირებულ სერვისებს, როგორებიც არის კარდიოქირურგია, ონკომიმართულება, ხარჯეფექტური პროფილაქტიკური მედიცინა, რისი მაგალითია ონკოპრევენციული პროგრამები.
_ “100 საავადმყოფოს პროგრამა” რა ეტაპზეა?
_ თქვენ უკან არის ცხრილი, სადაც 150-ზე მეტი საავადმყოფოა, რომელიც 2012 წლიდან სრული დატვირთვით ამუშავდება. აქედან, ორმოცამდე _ დეკემბერ-იანვარში შევა მწყობრში.Nნაწილი უკვე მუშაობს. რაც მთავარია, დაკმაყოფილდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი. საქართველოში არ დარჩება ადგილი, სადაც 10-15 წუთში ვერ მოხვდება მოქალაქე მაღალი ტექნოლოგიების ჰოსპიტალში. როცა გვეკითხებიან, ფინანსებში ხომ არ გიჭირთო, აბა, რაში გვიჭირს? მისი შოვაა რთული.
_ არც კარგი ექიმის პოვნაა მარტივი.
_ გეთანხმებით, დღეს კარგი ექიმის დეფიციტია, ჩვენთან არ მუშაობს ექიმების შერჩევის და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა. კარგი ლაბორატორიებიც რომ გვაჩუქონ, არ გვყავს მაღალი დონის აკადემიური პერსონალი. იმედი გვაქვს, სადაზღვევო კომპანიები არ დაუშვებენ თავიანთ საავადმყოფოებში ისეთი მედპერსონალის არსებობას, რომლებიც მათ გააკოტრებენ. არ გვაქვს სამედიცინო პროფესიული ასოციაციები, თუმცა, გვაქვს პროექტი, ალბათ, მალე შევძლებთ მის ამუშავებას. ექიმთა უმრავლესობა, დღეს, სამწუხაროდ, საექთნო საქმიანობით არის დაკავებული, მათ არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია. რამდენი ექიმი აქვეყნებს ჟურნალში თავის სტატიას? პროფესიონალი ექიმი მეცნიერიც არის და პრაქტიკოსიც. მან მუდმივად უნდა ადევნოს თვალყური არა პაციენტს, არამედ დაავადებების გაუმჯობესების პროცესს. სამედიცინო სფერომ უნდა დაიბრუნოს თავისი ავტორიტეტი, ის, რაც ყოველთვის ჰქონდა.