ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში ძროხის ქურდები მაშინ დააკავეს, როცა ამავე სოფელში მცხოვრებ პოლიციელს, კახა კილაძეს ძროხა მოჰპარეს, იქვე დაკლეს და რქები და ჩლიქები პატრონს დაუტოვეს. თვითონ კი, როცა ეგონათ, რომ სამშვიდობოს იყვნენ გასულები, სწორედ მაშინ დააკავეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ დაკავებული ქურდებიდან, ორი პიროვნება სილაურელი ძმები არიან და ორიც _ ოზურგეთელი ყასაბი მამა-შვილი, რომლებსაც მოპარული პირუტყვის ხორცი თურქეთში გადაჰქონდათ სარეალიზაციოდ.
ჩვენ დავუკავშირდით სოფელ სილაურის რწმუნებულს, ზაზა მექვაბიშვილს, რომელმაც 10 ნოემბერს ძროხის ქურდობაზე სილაურელი ძმების დაკავების ფაქტი დაადასტურა: _ მათ არაერთი ძროხა მოიპარეს, თუმცა, კახა კილაძეს მოპარეს თუ არა, არ ვიცი, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მექვაბიშვილმა.
ამის შემდეგ, ჩვენ პოლიციელ კახა კილაძეს დავუკავშირდით, თუმცა, მან სატელეფონო საუბარში საკუთარი ძროხის დაკარგვა იუარა, რაც ძალიან უკვირს ჩვენს წყაროს: “პოლიციელ კილაძეს ნამდვილად მოჰპარეს კუთვნილი მოზვერი და რატომ მალავს, გაუგებარია, ეს ხომ მთელმა სილაურმა იცის?”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაჩაღებული ძროხების ქურდობის შესახებ, “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, მაგრამ ქურდების კვალს მანამ ვერ მიაგნეს, სანამ ქურდები იქამდე არ გათავხედდნენ, რომ პოლიციელის ძროხა დაკლეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა სასწაული და ქურდები დააკავეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შინაური პირუტყვის, ძროხისა და ცხენების ქურდობის ფაქტი, საკმაოდ მომრავლდა, თუმცა, ათეულობით დაკარგული ძროხიდან, ჯერ არც ერთის ქურდი არ აღმოუჩენია პოლიციას, რომელიც თავს იმით იმართლებდა, რომ მოსახლეობა ფაქტებს არ ახმაურებს, განცხადება არ შემოაქვთ და ჩვენ ქურდობის შესახებ როგორ გავიგებთო.
ამ მტკიცების საპასუხოდ ჩვენ ერთ მაგალითს მოვიყვანთ _ ივნისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებმა ა. კალანდაძემ და კ. თავაძემ პოლიციაში შეიტანეს განცხადება ძროხების დაკარგვის თაობაზე. საქმე აღიძრა, სამართალდამცავებმა ქურდები ეძებეს, თუმცა, “კვალს ვერ მიაგნეს”. დაზარალებულებს დღემდე არც რაიმე პასუხი მისვლიათ.
ქალაქში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მოპარულ ძროხის ხორცს ან მაღაზიებში აბარებენ, ან თურქეთში გადააქვთ.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რა პროცედურის დაცვით იბარებენ შესაბამის მაღაზიებში ხორცს და როგორ ხდება მისი რეალიზაცია. როგორც წესი, ჩამბარებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა საქონლის ჯანმრთელობის შესახებ, ასევე საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. შინაური ცხოველების კარდაკარ დაკვლა კანონით აკრძალულია. ყასაბს, რომელმაც საქონელი დაკლა, უნდა ახლდეს ვეტექიმი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურიდან და ცნობაში მითითებული უნდა იყოს: _ “დაიკლა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ”!
“გურია ნიუსი” ოზურგეთში მდებარე რამდენიმე ხორცის მაღაზიას ეწვია.
მეპატრონეები შეშინებული და შეწუხებული ჩანდნენ. რამდენიმემ საბუთებიც გვაჩვენა და გვითხრეს: ჩვენც შეწუხებულები ვართ ამ ფაქტით, თუმცა, ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ”. რამდენიმე მხოლოდ ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: _ მიმართეთ ვეტერინარიის სამსახურს და მათ ეცოდინებათ ყველაფერი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “გურია ნიუსმა” სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის რეგიონული სამსახურის უფროსს, კახა თავბერიძეს მიმართა.
კახა თავბერიძე სამსახურში არ დაგვხვდა. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, ფლობდა თუ არა აღნიშნული სამსახური სტატისტიკურ მონაცემებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირუტყვის რაოდენობის შესახებ და როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ესწრება თუ არა საქონლის დაკვლას; აგრეთვე, ხდება თუ არა საქონლის შინაგანი ორგანოების კლინიკური შემოწმება; რამდენად სწორია ცხოველთა კარდაკარ დაკვლა და თუ უკანონოა, რა ზომებს იღებენ ისინი; ვინ ამოწმებს ხორცის მიმღებ პუნქტებში ნედლეულის ვარგისიანობას და რამდენად დაცულია მოსახლეობის უსაფრთხოება ამ კუთხით. კითხვების მოსმენის შემდეგ, თავბერიძემ პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, ამ კითხვებზე მე მაინც ვერ გაგცემთ პასუხს, პრესსამსახურს მიმართეთო.
რას გვიპასუხებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რეგიონული სამსახურის პრესსამსახური, ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში შეგატყობინებთ.