საქართველოში რამდენიმე ასეული ჯიშის ვაზია გავრცელებული, გურიაში კი გაბატონებულია ცოლიკაური, შავი ადესა, წითელი იზაბელა, ალადასტური.
ცოლიკაურის ჯიშის ვაზს გურიაში, თითქმის ყველა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში ნახავთ. ხშირად ბევრმა კარგად არ იცის, თუ როგორ უნდა გაისხლას ამა თუ იმ ჯიშის ვაზი და ერთნაირად სხლავენ სხვადასხვა ჯიშებს, რაც არასწორია.
ვისაუბროთ ცოლიკაურის ჯიშის ვაზის გასხვლის შესახებ _ ზოგი სხლავს და ჭრის სამამულე რქას ორ კვირტზე, ზოგიც _ სამ კვირტზე. ორ კვირტზე გადაჭრილი სამამულე ნაკლებ მოსავალს მოგვცემს, ვიდრე სამ კვირტზე მოჭრილი. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ცოლიკაურის ჯიშის ყველა ლერწის ძირის კვირტი, ბრმა და უნაყოფოა. ამიტომ, მისი სამამულე რქა უნდა მოიჭრას სამ კვირტში, სანაყოფე კი _ ხუთიდან ექვს კვირტში, გააჩნია თუ რა დაშორებაა ლერწზე კვირტებს შორის.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში ცოლიკაურის ვაზის ჯიში უნდა დავრგოთ შემოდგომაზე და მოსავალსაც ერთი წლით ადრე მივიღებთ.