(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ მას საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში ყველა იცნობდა. ლანჩხუთის “გურიის” უცვლელი გუნდის უფროსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანოს _ აღმასკომის წევრი და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ამ ორგანიზაციების დაარსებიდან თავისი სიცოცხლის ბოლომდე _ ეს არის იმედო (გულსუნდა) დუნდუას კარიერის ოფიციალური მხარე. მეგობრებზე, “გურიასა” და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული იმედო დუნდუა მეგობრობდა ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, ვიქტორ პონედელნიკთან და სხვა საბჭოთა საფეხბურთო მოხელეებთან. მას რუსები “პოლკოვნიკს” ეძახდნენ.
იმედო დუნდუა 1943 წლის 25 ივნისს ლანჩხუთში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ადგილობრივი სპორტსკოლის ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფში, სოსო ჟორდანიას ხელმძღვანელობით დაიწყო. შემდეგ ერთხანს საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე ლანჩხუთის “თაიგულის” შემადგენლობაში გამოდიოდა. 1963 წელს ჯარში გაიწვიეს, საიდანაც ტომსკის ოლქის სამხედრო სპორტულ ნაწილში მოხვდა. სამი წელი ითვლებოდა ტომსკელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელად.
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბავშვთა ფეხბურთში. ამ სფეროში იმედოს საქმიანობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მისი აღზრდილია არაერთი ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის თეიმურაზ ჩხაიძე და გია იმნაძე. “როცა მინდორზე გამოდიხარ, თამაშში ჯიგარი უნდა ჩადო, ბოლომდე იბრძოლო. შეიძლება ყოველთვის ვერ მოიგო, მაგრამ მაყურებელმა ტაში მაინც უნდა დაგიკრას. გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთელმა თავდადებული თამაშით უნდა მოიპოვოს,” _ ასე მოძღვრავდა ახალგაზრდა მოთამაშეებს ფეხბურთზე თავგადადებული კაცი.
ერთადერთხელ მოუწია “გურიას” მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობა, როცა აუტსაიდერთა შორის მყოფ “გურიას” მწვრთნელი მოუხსნეს და გასვლითი თამაში პირველ ადგილზე მყოფ “დინამოსთან” უნდა გაემართათ. ახალი მწვრთნელის მოსვლამდე ეს მისია დუნდუამ იკისრა, ქართული სპორტული მედია აჭრელდა სათაურებით _ “გურია” თბილისში იმედოს იმედად მოდის!” “ლანჩხუთელთა უიმედობა დასრულდა!” მან თბილისიდან ქულა წამოიღო, თუმცა ეს კლუბის დიდ მოჭირნახულეს საავადმყოფოში მოხვედრად დაუჯდა.
ბოლოს, ისევ საყვარელი “გურიას” თამაშის შემდეგ უმტყუნა გულმა. მსაჯებს უპატივცემულოდ არასდროს უშვებდა, მათთან ერთად იჯდა, როცა გულმა შეაწუხა. გარეთ გავიდა და ნახევარ საათში მთელმა ქალაქმა შეიტყო, რომ ლანჩხუთმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი ქალაქისა და ამ ქალაქის კლუბისა.
დღეს ხშირია საუბრები მსაჯებთან ჩინოსანთა დამოკიდებულების შესახებ. იმედოს ეს დამოკიდებულება ყოველთვის სამაგალითო გახლდათ. “გურიას” რომ წაეგო და ამაში მსაჯის “წვლილიც” ყოფილიყო, ის აუღელვებლად შევიდოდა სამსაჯო ოთახში: _ ბიჭებო, დიდი მადლობა, _ ეტყოდა და ვახშამზე დაპატიჟებდა. ამიტომაც, მსაჯებსაც ეტყობოდათ, რომ მისი რიდი ჰქონდათ. თუ საქმე გართულდებოდა, იგი მსაჯებთან ერთად ტოვებდა მოედანს და მთლად განაწყენებულები რომ ყოფილიყვნენ და მსაჯის ცემა თითქოს გარდაუვალი იყო, იმედო დუნდუას გვერდით მიმავალ მსაჯთა ბრიგადას ხელს არავინ დააკარებდა, რადგან დუნდუას გვერდით მყოფზე, ლანჩხუთში, ხელს არავინ აღმართავდა.
გულსუნდა დუნდუას დაკრძალვას მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო დაესწრო _ ფედერაციის მაღალჩინოსნები, ქართული კლუბები ავტობუსებით ჩამოვიდნენ და ორგანიზებულად იხდიდნენ ვალს ქართული ფეხბურთის დიდი მოჭირნახულის წინაშე. ყველა გაოგნებული იყო, რომ კაცი, რომელიც 30 წელი “გურიას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, ოროთახიან არაკომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, ვინც ახლოს იცნობდა მას, კარგად იცოდა, რომ მთელ თავის შემოსავალს “გურიასა” და მეგობრებს ახარჯავდა. გულსუნდა დუნდუას ოჯახმა სამძიმრის დეპეშები მიიღო მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, კიევიდან, მინსკიდან, დონეცკიდან… დეპეშებს გზავნიდნენ ვიაჩესლავ კოლოსკოვი, ვალერი ლობანოვსკი, ვიქტორ პონედელნიკი, მიხეილ ფომენკო და სხვები.
იმედო დუნდუა ფეხბურთის ქომაგებთან მუდამ მჭიდრო კონტაქტში იყო. სპორტის ამ ულამაზესი სახეობის მოტრფიალენი ბევრ და ამომწურავ ინფორმაციას იღებდნენ ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიისგან. ამიტომ, საინტერესო იყო მასთან ყოველი შეხვედრა. ეს იყო კაცი, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ფეხბურთის თითქმის ყველა საიდუმლოებას, ინდივიდთა თავისებურებების სწრაფად შეცნობის იშვიათი უნარითაც გამოირჩეოდა. მას ახასიათებდა ის აუცილებელი თვისებები, რაც ასე საჭიროა განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების მქონე სპორტსმენებთან ურთიერთობისას. ასე რომ, იმედო კარგად იცნობდა ფეხბურთელთა, და არა მარტო ფეხბურთელთა ფსიქოლოგიას. მას აგრეთვე ხელეწიფებოდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე პიროვნებებთან კავშირის ადვილად დამყარება.
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში “გურიას” პრეზიდენტმა ამირან წილოსანმა თქვა: “იმედოს დიდი გავლენები ჰქონდა არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მაღალ ეშელონებში, არამედ, საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოში. იგი კლუბისთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი გახლდათ. ერთხელ, მას გულმა მოსკოვში უმტყუნა და საავადმყოფოში მოათავსეს. იძულებული გავხდი, მეც გადავფრენილიყავი, რადგან განაცხადი უნდა შეგვეტანა. იმედოც მოვინახულე საავადმყოფოში. ჩემი იქ ყოფნის დროს მოვიდა ადამიანი, რომელიც გათამაშების კალენდარს ადგენდა. მან იმედოს აჩვენა “გურიას” თამაშების განრიგი და უთხრა _ გადახედეთ, ეს კალენდარი გაკმაყოფილებთო? გაოცებისაგან პირი დავაღე _ ფეხბურთის სამმართველო მას კალენდარს უთანხმებდა!”
ბეგი სიხარულიძე, ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი: _ იმედოს დიდი და კეთილი გული ჰქონდა. კომუნიკაბელურს ადვილად შეეძლო ხალხთან კონტაქტში შესვლა. უღალატო ძმობა იცოდა. ნიჭისა და ინტუიციის წყალობით იოლად ახერხებდა რთული სიტუაციებიდან გამოსავალი გზების პოვნას.
შოთა პატარაია, “გურიის” ყოფილი მწვრთნელი: _ ნამდვილად კარგი პიროვნება იყო. უმაღლეს ლიგაში გადასვლის პერიოდში მასთან არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. საქმეში მიზანდასახული ბოლომდე იბრძოდა, იმარჯვებდა კიდეც. მეგობრობის საოცარი ნიჭით დაჯილდოვებულს ყველას მიმართ პატივისცემა, რიდი ჰქონდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს წარსულ დროში გვიხდება ამ ერუდირებულ, სიცოცხლით სავსე კაცზე ლაპარაკი.
დათო გოგიჩაიშვილი, “გურიის” ექს-ადმინისტრატორი: _ იმედოს ნაცნობთა ფართო წრე ჰყავდა. მოსკოვის სასტუმრო “სპორტში” ნებისმიერ დროს შეგეძლო მისულიყავი და “პოლკოვნიკ დუნდუას” სახელზე ნომერი გარანტირებული გქონდა. რთულ მომენტებში გადაწყვეტილების უცებ მიღება და ოპტიმალური გზების მონახვა იცოდა. ერთხელ თუ შეხვდებოდა ვინმეს, მერე არავის დაავიწყდებოდა. იუმორით სავსე, დიდსულოვანი ადამიანი იყო.
გულსუნდა დუნდუას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა, მას, როგორც ვთქვით, გულმა უმტყუნა _ ასე ხომ გულიანი ადამიანები იღუპებიან…