(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ შემოქმედში მომხდარი ყაჩაღობიდან ორი დღის განმავლობაში, სამართალდამცავები რამდენიმე ათეული ავტომანქანით მოძრაობდნენ. ისინი ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ და სპეცოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ არ დაასწრეს. შემდეგ კი დაკავებულები სოფელ გომში დაყაჩაღებულ ოჯახში აიყვანეს და “სამართალდამცავმა ოპერატორებმა” მორიგი საქმის გახსნა, რამდენიმე დუბლის გადაღების შედეგ, მთელ საქართველოს შეატყობინეს.
ჩვენთან საუბრისას სოფელ შემოქმედში თქვეს, რომ ერთ-ერთი დაკავებული _ ედიშერ ცისკარიძე ყაჩაღობის ღამეს გურიის რეგიონში არ იმყოფებოდა. რამდენიმე დღით ადრე თბილისში გაემგზავრა, გერმანიის საკონსულოში იმყოფებოდა და ვიზის მიღებას ელოდებოდა. ის გერმანიიდან ჩამოტანილ მანქანებს ყიდდა და ბიზნესით იყო დაკავებული. ცისკარიძე ერთ-ერთ დაკავებულ ლომჯარიასთან ერთად, თბილისიდან ოზურგეთისკენ 11 დეკემბერს მოემგზავრებოდა. ლომჯარიასთან გახორციელდა სატელეფონო ზარი, ჰკითხეს რა ადგილას იმყოფებოდა და რამდენიმე წუთში, პოლიციის წარმომადგენლებმა ცისკარიძე და ლომჯარია აიყვანეს.
“გურია ნიუსისთვის” ისიც გახდა ცნობილი, რომ დაყაჩაღებული აბაშმაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის უახლოესი ნათესავია და სწორედ მან გადმორეკა გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოში და საქმის საჩქაროდ გახსნა მოითხოვა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტებმა გურიის რეგიონში კატასტროფულად იმატა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულ ყაჩაღობამდე, ამავე სოფელში მცხოვრებ ზ.ს. ოჯახიდან მძარცველებმა 25 ტომარა თხილის წაღება მოახერხეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი ბოლო 30 დღის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა.