2011 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებულ, 2011 წლის ბიუჯეტში, გამგეობის და საკრებულოს საპრემიო ფონდი 5 000 -5 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა, საკრებულოს მორიგ სხდომებზე ეს თანხა იზრდებოდა და იზრდებოდა. ბოლო ცვლილება ბიუჯეტში ამ კუთხით კი მიმდინარე წლის 9 დეკემბერს შევიდა.
17 700 ლარი _ ეს თანხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიის სახით 2011 წელს გადაინაწილეს. თუმცა, წლის ბოლომდე რამდენიმე დღე რჩება და სავარაუდოდ, ეს მონაცემი შეიცვლება. ამის თქმის საფუძველს გასული წლის მაგალითი იძლევა _ 2010 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 თანამშრომელმა, ერთი თვის ხელფასის პროპორციული პრემია-დანამატი მიიღო. 2010 წლის 17 ივნისიდან, ანუ ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან, ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საკრებულოში მომუშავე საჯარო მოხელეებზე, პრემიის სახით ბიუჯეტიდან 22 740 ლარი გაიცა (!!!). წარმომადგენლობითი ორგანოსგან განსხვავებით, აღმასრულებელ ორგანოში, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულთათვის ამავე პერიოდში პრემიის სახით 21 900 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოში დასაქმებულმა 37 თანამშრომელმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 17 700 ლარი გადაინაწილა, გამგეობის 100 თანამშრომლის უმრავლესობას კი 100-100 ლარი დაურიგეს.
საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს 1 750 ლარი ერგო; მის მოადგილეს ავთანდილ მექვაბიშვილს 1 700 ლარი; აპარატის უფროსს პაატა ბურჭულაძეს _ 1500 ლარი. ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარეს თამაზ სალუქვაძეს _ 750 ლარი. ფრაქცია “მაჟორიტარის” თავმჯდომარემ ხვიჩა კილაძემ 1250 ლარი მიიღო; ამდენივე ერგო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ უმრავლესობა” ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ მოქიას, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეს კახაბერ ღლონტს კი _ 750-750 ლარი; განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ირინე საჯაიას _ 750 ლარი; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა, იურიდიულ, ტერიტორიულ ორგანოთა ურთიერთობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, პეტრე სალუქვაძეს _ 1 250 ლარი; სოფლის მეურნეობის, მიწის მართვისა და განკარგვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კომისიის თავმჯდომარეს, ვალერიან გირკელიძეს _ 750 ლარი; საფინანსო _ საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს კობა ხაბალაშვილს _ 1 150 ლარი; საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნანა თავდუმაძეს _ 950 ლარი; იურიდიული სამსახურის უფროსს, ლაშა თავაძეს _ 550 ლარი; ანალიტიკური სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს, მაკა მეგრელაძეს _ 550 ლარი; პეტრე სალუქვაძის ასევე ყოფილ თანაშემწეს მიხეილ შილაკაძეს _ 300 ლარი; ალეკო მამეშვილის მძღოლს _ 400 ლარი; დანარჩენ თანამშრომლებს _ 100-100 ლარი.
გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, შუქრი გაბრიჩიძემ პრემია, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, საკრებულოს თავმჯდომარეზე 100 ლარით მეტი, ანუ 1 850 ლარი მიიღო, თუმცა. რა დამსახურებისთვის. გაურკვეველია; გამგებლის მოადგილეს ლავრენტი ქვილორიას 1 400 ლარი ერგო; მასზე 150 ლარით ნაკლები საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ლია ქათამიძეს; ამ უკანასკნელზე 100 ლარით ნაკლები, ანუ 1 150 ლარი შესყიდვების სამსახურის უფროსს, ამირან გირკელიძეს; 1 000 ლარი _ გამგებლის მოადგილეს მიხეილ გოგოტიშვილს; ხოლო კიდევ ერთ მოადგილეს, ლაშა ღლონტს _ 600 ლარი; ამდენივე მიიღო ბუღალტერმა, ელიკო დოლიძემ; სოციალური სამსახურის უფროსს, ნათია ვაშალომიძეს 450 ლარი ერგო; ამდენივე მიიღო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სარიშვილმა; ვაშალომიძეზე და სარიშვილზე 100 ლარით მეტი _ ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მარინე ჯაფარიძემ მიიღო; 550 ლარი გიორგი შილაკაძეს და ბახვა ჩხარტიშვილს ხვდა; 500 ლარი _ კახა სადრაძეს; იურისტმა თინათინ ლომჯარიამ, სახანძრო სამსახურის უფროსმა ვარდენ რუსიეშვილმა, თემურ მურვანიძემ კი 450 -450 ლარი მიიღეს; 300 -300 ლარი სევერიან საჯაიას და თორნიკე სურგულაძეს ერგოთ; დანარჩენ თანამშრომლებს 100-100 ლარი გადაუნაწილეს.
ეს მაშინ, როცა დიალეზზე, ანუ ხელოვნური თირკმლის იმედზე მყოფმა ოზურგეთში მცხოვრებმა 17 მოქალაქემ, როგორც იქნა 2012 წლის ბიუჯეტიდან მწირი დაფინანსების მოპოვება მოახერხა. დიალეზის პროგრამაში ჩართული პაციენტები, მკურნალობის კურსს კვირაში სამჯერ სამედიცინო ცენტრებში _ ბათუმსა და ქუთაისში, გადიან. სამედიცინო აპარატზე ჩართვა ყოველ მეორე დღეს აუცილებელი პროცედურაა და ოთხ საათს გრძელდება.
როგორც დიალეზზე მყოფი ბენეფიციარები გვეუბნებიან, ბიუჯეტიდან დაფინანსების მოსაპოვებლად, ენერგიის და ნერვების დახარჯვა მოუხდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 მილიონი ლარის მქონე ბიუჯეტიდან, 17 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის თვეში 85 ლარი და 29 თეთრი გაიმეტა. როგორც ბენეფიციარები ამბობენ, მათ 30 დღის განმავლობაში ბათუმში ჩასვლა, თორმეტჯერ მაინც უხდებათ. მხოლოდ მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებას თუ დავაჯამებთ, ბათუმში 12-ჯერ ჩასვლას და უკან დაბრუნებას, 120 ლარი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პაციენტის მარტო გადაადგილება საშიში და დაუშვებელია.
ადგილობრივი ხელისუფლება ასეთი მოქალაქეების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის დროს “ქამარს იჭერს”, პრემიების დარიგებისას კი “ქამრები ძალაუნებურად ეხსნებათ”.