გურიის ერთ-ერთ სოფელში, 2 დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა _ 17 წლის მოზარდმა საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. როგორც ამავე სოფლის რწმუნებული “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, მშობლებმა მოზარდი ეზოში, ხეზე თოკით გამობმული ნახეს:
_ ბავშვი ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. მანამდე ის მშობლებთან ერთად სტუმრად იყო ბიძასთან. ცოტა დაულევია და სახლში ერთად წამოსულან. მშობლებს ის დაძინებული ეგონათ, მაგრამ საწოლში ვერ ნახეს და ძებნა დაუწყეს, რის შემდეგაც, სახლის გვერდით, ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეტს ვერაფერს გეტყვით, საზარელი ამბავია, _ გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.
მოზარდს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სკოლის დირექტორი დადებითად ახასიათებს:
_ ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი, ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ამ საზარელი ფაქტის მიზეზი არის მძიმე ფაქტი _ მან რამდენიმე დღის წინ თვითონ ჩამოხსნა თავისი ბიძა თოკიდან. ამის შემდეგ ჰქონდა დეპრესია, უკვირდა და მეუბნებოდა, მასწავლებელო, როგორ გაბედა ასეთი რამ ბიძაჩემმაო. საოცარია _ მან შემდეგ იგივე გაიმეორა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სვამდა დასამშვიდებელ წამლებს, თუმცა, სკოლაში ძალიან მხიარული ბავშვი იყო. საახალწლო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგად წარსდგა მაყურებლის წინაშე. რა მოხდა ორი დღის წინ, ოჯახშიც არავინ არ იცის, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა.