2011 წლის დეკემბერში, გურიაში საარსებო შემწეობა 1 298 ოჯახს შეუჩერდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, სოციალური შემწეობა გურიის რეგიონში არ გადაერიცხა 3 261 პირს. წინასაახალწლოდ, შემწეობის გარეშე დარჩა 1075 ოჯახი.
ერთ-ერთი ასეთი ნინა აბულაძის ოჯახია, რომელმაც სოციალური დახმარების გარეშე გაითენა ახალი წელი. ნინა აბულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ცხოვრობს. მის ოჯახში სამი სული ცხოვრობს, ამათგან ორი შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ერთი 37 წლისა, მეორე კი _ 39-ს; დედა ონკოლოგიური ავადმყოფია, პენსიონერი. სოციალური დახმარება რამდენიმე თვეა, მოეხსნათ, უფრო მეტიც, პოლისიც არ აქვთ.
ნინა აბულაძის ოჯახმა “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართა და საკუთარი ოჯახის გაჭირვების შესახებ უამბო. ჩვენ აბულაძეების ოჯახს ახალი წლის დღეებში ვეწვიეთ.
ნინა აბულაძე: _ შეხედეთ ჩემს შვილებს _ 39 წლის ზაზას და 37 წლის კახას, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. სულ სამი შვილი მყავს, ქალიშვილი ჩვილბავშვიანია. მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მე თვითონ 67 წლის ვარ. არც ერთი კბილი არ აქვთ, საჭმელს ვერ ჭამენ, ვერ მიგახვედრებენ, რა უნდათ. მე, დედას, უნებურად მესმის მათი, ფეხები დაგლეჯილი აქვთ, თუ მათთან ახლოს არ ხარ, ყოველ წუთს, გადაადგილების დროს შეიძლება, წაიქცნენ და მიწაზე ხოხავენ. მეც მკერდმოკვეთილი ქალი ვარ, პენსიონერი… ძალა და უნარი აღარ შემწევს ისედაც, ფიზიკურად უძლური ვარ, მათი გადაადგილება ფიზიკურად აღარ შემიძლია, მხედველობის პრობლემაც მაწუხებს, მუხლებსა და მკლავებში ძალა აღარ მაქვს. მკერდმოკვეთილმა ქალმა რა უნდა ვქნა, მითხარით? სააკაშვილი სულ იმას ამბობს, დახმარება ჩვილ ბავშვებს, დახმარება სოციალურად დაუცველებსო და ამისთანა ოჯახისთვი დახმარება უნდა მოეხსნათ?! 5 წლის განმავლობაში ვიღებდი სოციალურ დახმარებას, პოლისიც მქონდა, სექტემბერში კი მომიხსნეს. მითხრეს, შეგამოწმებენ თავიდანო. ერთი თვე რომ გავიდა და არც არავინ შეგვეხმიანა, ვისესხე მეზობლისგან სამი ლარი და წავედი ოზურგეთში. სოციალური დახმარების სააგენტოში მითხრეს, მაღალი ქულა გაქვთო _ 84 000! გონება კინაღამ დავკარგე _ წამალი რით ვიყიდო?! რწმუნებულსაც ვუთხარი, თუ ხუთი წლის წინ მეკუთვნოდა დახმარება და ვიღებდი, რა შევიძინე მერე ან სახლს რამე მივამატე?! პირიქით, დავბერდი, ძალა მომაკლდა, პენსიით ვარსებობთ მხოლოდ. ჩემს გათხოვილ გოგოს მეუღლემ კომპიუტერი უყიდა, ფოთში მუშაობდა… მას თავისი ოჯახი აქვს… მე ჩამოვიყვანე ჩემი სიძე ამ ზამთარში, ცოტა მომეხმარება-მეთქი, არ წამოეღო კომპიუტერი?! დანარჩენი ყველაფერი ჩემი ქმრის სიცოცხლეში, კომუნისტების დროს შენაძენია. რას ვითხოვ?! _ 22-ლარიან დახმარებას! ჩემი შემოსავალი 5 ძირი თხილია. ცოტა მანდარინი მაქვს და ისიც ვიზარალე. სად იმუშაოს ჩემმა სიძემ, ჯანმრთელია, არ ეზარება, მაგრამ სად არის სამუშაო?! დედა ვარ, მეცოდება შვილები, ნისიებით გავსებული მაქვს მაღაზიები, ვალები მაქვს…
რა დაუშავდება ჩვენს სახელმწიფოს, რომ დახმარება მოგვცეს?! ჩემი შვილები რომ ჯანმრთელები იყვნენ, თურქეთში წავიდოდნენ, მთელი ლაითური თურქეთშია გადახვეწილი და ესენიც იშოვიდნენ პურის ფულს. აქ დაანგრიეს მთელი ჩაის ფაბრიკები, ყველაფერი გაუქმებულია, რაზე უნდა იმუშაო?!
აბულაძეების ოჯახის გასაჭირზე დაბა ლაითურის მოსახლეობაც საუბრობს. მეზობელმა, შუქრი თავართქილაძემ “გურია ნიუსს” საკუთარ და ლაითურელების ზოგადი გასაჭირის შესახებაც მოუთხრო:
_ მანდარინის წლევანდელი მოსავალი გვეზარალა. 5 ტონა მანდარინს რომ გადაყრი, რაზე უნდა ისაუბრო? წელს, საერთოდ არ მოსულა კლიენტი. ლაითურელებს ძალიან გვიჭირს. სააკაშვილმა თქვა, 2012 წელი ოზურგეთის წელი იქნებაო, ვნახოთ… ივანიშვილის იმედიც აქვს ხალხს… პრეზიდენტმა თქვა, საავადმყოფო გავხსენიო; თუ არ გაქვს პოლისი, კი იცით, რა ღირს, იქ უბრალოდ შესვლა. გზა აქ არაა, სამუშაო არაა… სამუშაოდ თურქეთში რომ წახვალ, ესაა ხელისუფლებისგან დასაქმება?! პრეზიდენტი რომ იყო ჩამოსული, არ მივსულვარ, ვინ მიმიშვებდა?!
_ თქვენ სცადეთ და არ მიგიშვეს?
_ იყო წასული ლაითურელი ირაკლი თურაძე და არ მიუშვეს, არ შეიძლებაო! იმასაც დახმარება მოუხსნეს და ამის თქმა უნდოდა პრეზიდენტისთვის. აქ ასეთი შეკითხვა უნდა დასვა: ვის არ უჭირს? თორემ ვის უჭირს და ყველას. ხალხი ნაგავში ეძებს საჭმელს… აბულაძეების მსგავს ოჯახს რომ არ მისცემ დახმარებას, აგია სამართალი?! _ წუხს ბატონი შუქრი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი, ვასილ ხომერიკი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოჯახის ხელახალი შემოწმება ერთი წლის შემდეგ ხდება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც:
_ აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით, შემიძლია, გითხრათ, რომ გახორციელდა დემოგრაფიული ცვლილება; შემდეგ მოხდა ოჯახის ბაზაში შეყვანა და ხელახალი დარეგისტრირება 2011 წელს. ოჯახის წევრების ფიზიკური მდგომარეობა სრულად არის ასახული მათ დეკლარაციაში. თუ ოჯახის სხვა წევრს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა მოგვმართოს განცხადებით და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ხელახალ გადამოწმებას, თუ რამე დემოგრაფიული ცვლილება არ გახორციელდა, შეუძლებელია, ერთი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ეს არის დემოგრაფიული ცვლილება, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუარესება თუ შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა _ მოხდება მათი ხელახალი შემოწმება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ შაინიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ნინა აბულაძის ოჯახი “გაჭირვებულზე მეტია და მას დახმარება ნამდვილად სჭირდება!”