ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთ უბანში, 11 იანვარს, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია “ენერგო პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის წარმომადგენელს, რომელიც ელექტროტრანსფორმატორის წაღებას ცდილობდა. მოსახლეობის განცხადებით, ტრანსფორმატორი, რომელიც სადავო გახდა, მათი საკუთრებაა, რადგან ის მათი ფულით არის შეძენილი. სოფელ გურიანთის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის “გურია ნიუსს” მიმართეს.
“ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელსა და მოსახლეობას შორის დაძაბული საუბარი, ლამის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც იქაურობა დაზვერეს და მალევე გაეცალნენ კონფლიქტურ სიტუაციას. “გურია ნიუსის” გამოჩენისთანავე “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი მანქანაში ჩაჯდა და მოგვმართა: “სურათს ნუ მიღებ, ძალიან გთხოვ, მე შენ გიცნობ”(?!), მოსახლეობას კი უთხრა, დამადასტურებელ საბუთს მოგიტანთ, რომ ეს ტრანსფორმატორი თქვენი კუთვნილება კი არა, ჩვენი საკუთრებააო, თან დასძინა, რომ უფროსსაც მოიყვანდა.
_ მოიყვანე შენი უფროსი. არ გაგატანთ ტრანსფორმატორს, ეს ჩვენი კუთვნილებაა. გვაჩვენე დამამტკიცებელი საბუთი, რომ ტრანსფორმატორი თქვენია! ეს ჩვენი ფულითაა შეძენილი დაგვანებეთ თავი, სიმართლე უნდა ითქვას, _ ამ სიტყვებით მიმართავდა მოსახლეობა “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელს.
_ ჩვენ სოფელ გურიანთის მცხოვრებლებმა, ეს ელექტროქვესადგური შევიძინეთ ჩვენი ფულით, რამდენიმე წლის წინ. როცა უშუქობა იყო, იმ გაჭირვებულ და უმძიმეს პერიოდში 32-მა ოჯახმა ლუკმა-პურის თანხა მოვიკელით და ვიყიდეთ. თუმცა იმ დროს საბუთს არავინ იძლეოდა და ესენიც “გვაწვებიან”, თქვენ წარმოგვიდგინეთ საკუთრების მოწმობა და დაგიტოვებთო. სად ვნახოთ ახლა საბუთი? ამდენი ოჯახის სიტყვა არაფერი არაა? 1500 მანეთი გადავიხადეთ, 30 წელი იქნება, რაც ამ ქვესადგურს ჩვენ ვპატრონობთ. ახლა მოვიდნენ და იძახიან, ჩვენიაო! გვაყაჩაღებენ, გვართმევენ, ჩვენს კუთვნილს იტაცებენ. უნდა გაყიდონ? თუ მასეა, ჩვენ მოვიხმართ. ხალხის სიტყვა და ყურადღება მარტო არჩევნებისთვის უნდათ? მოვიდა ეს ბიჭი ჯიქურ და გვეუბნება ამდენ ხალხს: მე მაინც წავიღებ, ჩვენია, თქვენ ვინ გეკითხებათო, ძალიან უზრდელად მოგვექცა. თავისი ხელით დაანგრია ღობე, რომლითაც ტრანსფორმატორია შემოღობილი! _ ცხარობდნენ გურიანთელები.
ი. სიმონიშვილი: _ კარგად მახსოვს, როცა წინა არჩევნებზე გუბერნატორი გურიანთის მოსახლეობას შეგვხვდა. უამრავი პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა, მათ შორის, იყო საუბარი გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის საზღვართან მდებარე დაჭაობებული, საშინლად გაუვალი ადგილების შესახებ, სადაც ბუდობენ ქვეწარმავლები, იძირება შინაური პირუტყვი და საშინელი სიტუაციაა. ჩიტაიშვილი მაშინ შეგვპირდა, რომ აქ შეიყვანდნენ ტრაქტორებს, გააკეთებდნენ არხებს, მაგრამ ეს ჩვენი თხოვნა და დაპირება ქარს გაჰყვა, არჩევნებთან ერთად.
გურიანთელების თქმით, ისინი ახალი გამრიცხველიანებითაც უკმაყოფილონი არიან. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ახალი მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ, მათ სახლზე დენი გადადის: _ ორჯერ დამარტყა დენმა. მესამეჯერ, ალბათ, მომკლავს. ეს არის უხარისხო კაბელების და საქმის უხარისხოდ გაკეთების ბრალი. აქამდე თუ არ მარტყამდა დენი, ახლა რა ხდება?
ამასობაში, აღნიშნული კომპანიის მთავარი ინჟინერი, უფროსთან გია ნაკაიძესთან ერთად, გამოჩნდა. მან კვლავ მოგვმართა: “ფოტოს ნუ მიღებ, გთხოვ, არ შეიძლება”.
_ თუ შეიძლება, გაგვაცანით თქვენი ვინაობა და წარმოგვიდგინეთ საბუთი, რომ ეს ტრანსფორმატორი თქვენი კომპანიის საკუთრება.
_ მე ვარ ლევან რუსიძე, ოზურგეთის სერვისცენტრის მომსახურების მთავარი ინჟინერი.
_ ბატონო ლევან, ეს საბუთი ბეჭდით დამტკიცებული არა არის.
_ კარგით, ბატონო, მაშინ ორშაბათს ჩამოვიტან ორიგინალურ საბუთს. თუ ჩემი არ გჯერათ, მიმართეთ ჩვენს პიარ-სამსახურს და ორიგინალ საბუთს ის მოგაწოდებთ.
_ ბატონო ლევან, ვისი დავალებით ასრულებთ ამ სამუშაოს და სად მიგაქვთ ეს ელექტროსადგური?
_ ეს არის ამოხშირვის პროექტი. დავალება მოდის თბილისის სათავო ოფისიდან. ჯიპიერესით გადაიღეს ფოტოები და დაადგინეს, რომ რომელი ქვესადგურებიც არის ახლო-ახლო, ის უნდა წავიღოთ. ეს ტრანსფორმატორი უნდა ჩაბარდეს აჭარის ფილიალის საწყობს.
_ მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროქვესადგური საკუთარი ფულით შეიძინეს და მათი საკუთრებაა.
_ ელექტროსადგური კომპანიის ბალანსზეა აყვანილი. შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვენს პიარ-სამსახურს, ის გაგცემთ პასუხს ან ამ მოქალაქეებმა წარმომიდგინონ საბუთი, რომ ეს ქვესადგური მათი საკუთრებაა და კი, ბატონო.
_ ჩვენ არ გვაქვს საბუთი, მაშინ არ კეთდებოდა. არ გაგატანთ ამ ტრანსფორმატორს. მოდიხართ ძალადობით. დასაჭერი ხარ! გვაყაჩაღებ! გვართმევ ჩვენს საკუთრებას! დავწერთ განცხადებას და მივმართავთ გუბერნატორს. პასუხს გაგებინებთ ამ საქციელისთვის, _ საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართავდა ინჟინერს მოსახლეობა.
ამასობაში ხალხთან “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძეც მოვიდა: _ თქვენ რა უნდა უქნათ ტრანსფორმატორს? უნდა გაყიდოთ? თქვენ ვერ მოიხმართ ამ ელექტროსადგურს, _ უთხრა მან ხალხს.
_ სად მიგაქვთ? _ კითხვა შეუბრუნა მოსახლეობამ ნაკაიძეს.
_ დენი გინდათ თუ ტრანსფორმატორი?
_ ორივე.
_ ორივე ერთად არ იქნება.
_ ეს ქვესადგური ჩვენია! არ გაგატანთ!
_ რატომ არ მოხვედით მაშინ და არ ჩამაყენეთ საქმის კურსში, თუ დენის გამო უკმაყოფილო იყავით? მხოლოდ მაშინ რატომ ყვირით, როცა ამ ქვესადგურის წასაღებად მოვედით? მოხვედით და მითხარით, რომ დენი გვაქვს დაბალიო? არ გაგიკეთეთ? ეს “გამოსახშირია” და უნდა წავიღოთ, _ ასეთი იყო მენეჯერის პასუხი.
_ ჩვენ არ გავჩერდებით, არ გაგატანთ, სხვა საშუალებებს მივმართავთ, _ უკან არ დაიხიეს ადგილობრივებმა.
_ ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ? ჟურნალისტი გყავთ მოყვანილი, ამ ფაქტს მთელი საქართველო გაიგებს. პირობას გაძლევთ ყველაფერი ისე დაიწერება, როგორც ხდება, ერთი სიტყვა არ დააკლდება(?!), _ ნიშნის მოგებით ეუბნებოდა ნაკაიძე მათ.
_ დაუშვით გამონაკლისი და ჩვენი დაგვიტოვეთ.
_ ჰა, დაგიტოვეთ. აგერ არის, დგას. რას უშვრებით? უნდა უყუროთ? _ მან კიდევ ერთხელ სცადა, დაეკონკრეტებინა და აეხსნა მოსახლეობისთვის ტრანსფორმატორის წაღების მიზეზი: _ რაიონში დადგმული ქვესადგურის სიმძლავრე არის 80 მეგავატი. რეალური მოხმარებისა არის 8 მეგავატი. ასე რომ, უნდა დავიყვანო 8 მეგავატზე. როგორც თქვენ ხარჯავთ საკუთარ სახლში დენს, ისე ხარჯავს ტრანსფორმატორი 1000-დან 2000-მდე კილოვატს, როცა ის მუშაობს. მე მაქვს საბუთი, რომ ეს არის ჩვენი. მოიძიეთ საბუთი, რომ თქვენი კუთვნილებაა. მოგცემთ ათდღიან ვადას, _ დათმობაზე წავიდა ნაკაიძე.
_ თქვენ არ გჯერათ, რომ ქვესადგური ჩვენია?
_ მე კი მჯერა, რომ ეს თქვენი ნაყიდია. მაგრამ საბუთებით არის ჩვენი. ამაზე შევთანხმდეთ, _ მიმართა მან მოსახლეობას და სოფელი “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებთან ერთად დატოვა.