მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, რენტაბელობაზე და მის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ არ ვიცნობთ ფუტკრის დაავადებებს და მასთან ბრძოლის ღონისძიებებს.
ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია პირობითია და იგი სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხდება: სეზონურობის მიხედვით, არსებობს დაყოფა გაზაფხულის, ზაფხულის და ზამთრის დაავადებებად; კლინიკური ნიშნების მიხედვით _ ფაღარათით, დამბლით, სიდამპლით, პარკუჭა ბარტყით, ჩაკირული ბარტყით და სხვა მიმდინარე დაავადებები; ასაკის მიხედვით არჩევენ კვერცხის, ღია ბარტყვის, ჭუპრის და ზრდასრული ფუტკრის დაავადებებს; ეთიოლოგიის ანუ გამომწვევი მიზეზების მიხედვით დაავადებები იყოფა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებად (იხ. ცხრილი). გადამდები დაავადებები, თავის მხრივ, იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად.
ინფექციური დაავადებები გამოწვეულია მიკროორგანიზმებით _ ბაქტერიებით, ვირუსებით და სოკოებით, ინვაზიური _ ცხოველური წარმოშობის მიკრო ან მაკროორგანიზმებით. მათ მიეკუთვნება პროტოზოოზები (უმარტივესი ორგანიზმები), არახნოზები (ტკიპები), ჰელმინთოზები (ჭიები) და ენტომოზები (პარაზიტი მწერები); არაგადამდებ დაავადებებს იწვევს არასრულფასოვანი საკვები, კვებისა და მოვლა-შენახვის პირობების დარღვევა.
განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება ფუტკრის ოჯახებში დროებით მცხოვრები მავნებლები და პარაზიტები, აგრეთვე, საფუტკრეს ახლოს მცხოვრები ზოგიერთი მტაცებელი, რომელიც ფუტკარს ან თაფლს საკვებად იყენებს.
დაავადებათა კლასიფიკაცია გამომწვევი მიზეზების მიხედვით განსაკუთრებით მიზანშეწონილია, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს სწორად დავსვათ დიაგნოზი და დროულად ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები.
ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით გავრცელებულია ფუტკრის გადამდები დაავადებები: ინფექციური ბაქტერიოზები _ ამერიკული და ევროპული სიდამპლეები, მიკოზური _ ასკოსფეროზი; ინვაზიური, ნოზემატოზი, ვაროატოზი.
ბუნებრივია, ამ დაავადებათა დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ფუტკრის ჯანმრთელობის შენარჩუნების და შესაბამისად, მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად.