ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში მცხოვრებ, ლამარა კეშელავას ახლობლები “ცოცხალ კარაბადინს” ეძახიან _ თითქმის ყველა მცენარის სამკურნალო თვისება იცის და წამლებსაც ხშირად ამზადებს. ქალბატონი ლამარა რამდენიმე მცენარის სამკურნალო თვისებებზე გვესაუბრა.
შავბალახა
სისხლძარღვების შევიწროებისას ძალიან ეფექტურია შავბალახა. მის ხმელ ფოთოლს 1 ღვინის ჭიქას, 2 ჭიქა წყალს ამატებენ და ერთ სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-ჯერ მიირთმევენ.
ყოჩივარდა
ყოჩივარდას ბოლქვების წვენი გამოიყენება თავის ტკივილის დროს. ჰაიმორიტის დროს 1-2 წვეთს ცხვირში იწვეთებენ.
ნეგო
ნეგო, იგივე უკვდავა, ნაღვლის ბუშტის ანთების დროს და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი ნაყენის დამზადება შეგვიძლია სახლის პირობებშიც _ 10 გრ გამხმარი ყვავილი მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში და სვით ჩაის კოვზით დღეში 2-3 ჯერ, ჭამის წინ.
მატიტელა
მატიტელას 30 სმ სიგრძის ღერო აქვს, იზრდება ნახნავ-ნათესში, ქვიშიან ადგილას. დაყვავილების შემდეგ ხდება მისი ფოთლების შეგროვება. მარილების, სისხლდენის, ბუასილის სამკურნალოდ და შარდმდენ საშუალებად იყენებენ.
მარილების სამკურნალოდ 1 ჭიქა გამხმარ, დაქუცმაცებულ მატიტელას 1 ლიტრ რძეში ვხარშავთ და 2 სუფრის კოვზს ვიღებთ დღეში სამჯერ.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა ქალბატონი ლამარასგან
ზაფრანა, იგივე ყვითელი ყვავილი, ქალისა და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების წამალია;
ცხენისმუხლა თირკმელების ანთების დროს გამოიყენება, იკრიფება სექტემბერ-ოქტომბერში. კურნავს უნებლიე შარდვას;
დიაბეტით დაავადებულებს თუთის ახლადგამოსული ყლორტების ნაყენს ვურჩევდი;
ჩვენში ძალიან გავრცელებულია ქრისტესსისხლა, რომლის ნაყენი ძალიან ეფექტურია ჭრილობების დასამუშავებლად, კანის ქრონიკული დაავადებების დროს. ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი მას თაფლში ურევენ;
ნევროზისთვის _ 1 კგ ხახვი დავჭრათ, როგორც სადილისთვის, დავაყაროთ 1კგ შაქარი, 1 ჩაის ჭიქა წყალი, ვადუღოთ 10 წუთი. მივიღოთ დღეში 3ჯერ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე, ღვინის ჭიქით, 3-6 თვის განმავლობაში.