დიდთოვლობამ მოსახლეობის დიდი საყოფაცხოვრებო გასაჭირი კიდევ უფრო დეტალურად გამოამზეურა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელმთა შემოქმედის თემს ექვემდებარება და ქალაქიდან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული. დიდთოვლობამ აქაც შეაფერხა მოძრაობა და ვიდრე გზა გაიხსნებოდა, აქაურები ფეხით გაემართნენ ოზურგეთისკენ.
რობინზონ თოდრაძე ტყუპი ქალ-ვაჟის ობლად გამზრდელი მამაა. როცა მეუღლე გარდაეცვალა, ხათუნა და დათო 4 წლის იყვნენ. მას შემდეგ, ობლის კვერს დღემდე აცხობს და ახლაც მისი ერთადერთი მარჩენალი წითური “ლამაზაა”. ძროხას თავს ევლება და ჩვეულებისამებრ, თებერვალს შემოყოლილ დიდ თოვლში, დილაადრიან რძით სავსე ბოთლებით ხელში, ოზურგეთისკენ ფეხით მიემართება _ იქ წინასწარ შეთანხმებული კლიენტები ელოდებიან.
_ დილაადრიან თოვლიან გზას თუ დავადექი, რა გასაკვირია? სამუშაო რომ იყოს სადმე, ვინ დამასწრებს?! ერთ ძროხას დავდევ და ახლა ქალაქში კლიენტებთან რძე მიმაქვს. გზის გახსნას რომ ველოდო, დამიღამდება სადმე. წითელმთა აგერ, “ყურისძირშია” ქალაქთან, მაგრამ ცოტაც თუ გაწვიმდა ან თოვლი მოვიდა, სოფელში მიკროავტობუსი ვეღარ მოდის _ ამას წინათ რომ თოვლი იყო, სამ დღეს ვერ ამოვიდა, საბურავები არ უვარგაო. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მე, ჯერჯერობით, ჩემი ფეხით დავდივარ და ღმერთს მადლობას ვწირავ, _ ამბობს რობინზონ თოდრაძე და სვენებ-სვენებით საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის გასაჭირზე საუბრობს:
_ თუ ვინმე მადლიანი ხართ და რაიმე შეგიძლიათ, იქნებ, დამეხმაროთ. ოზურგეთის კოლეჯში შვილის შეყვანა მინდა, მაგრამ გადასახადია დაწესებული. ჩემი პენსია სარეცხ საშუალებას ძლივს ყოფნის, რძის გაყიდვით აღებული ორიოდე გროში პურის ფულად გვჭირდება. რა ვქნა? ჩემმა შვილებმა სტომატოლოგიური და ფარმაცევტული ტექნიკური განათლება კი მიიღეს, მაგრამ დღემდე სამსახური ვერსად იშოვეს. კოლეჯში არის ისეთი პროფესიები, როგორზეც დღეს უფრო მოთხოვნილებაა, ამიტომ სურს ჩემს ვაჟს იქ სწავლა, მაგრამ გადასახადის გადახდის არანაირი სახსარი არ მაქვს, ვეძებთ რაღაც გზას და ვართ ამ ძებნაში…
რობინზონ თოდრაძე თავს სოციალურად დაუცველად მიიჩნევს, თუმცა, სოციალური სამსახურის მუშაკების ულტიმატუმს, “ტელევიზორი და მაცივარი არ უნდა გქონდესო”, მიცვალებულისთვის წაყენებულ მოთხოვნად მიიჩნევს და ითხოვს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა გაჭირვებული ის, ვისაც არ აქვს არსებობის წყარო? ცარიელი მაცივარი “ორსკია” საჭმელი ან ქონება?
მიუხედავად გასაჭირისა, ბატონი რობინზონი მხნედ საუბრობს და საკუთარ ჯანმრთელობას, ახალგაზრდობისას სპორტის სიყვარულს უკავშირებს. ხოლო ის ხანგრძლივი, 30-წლიანი პერიოდი, როცა ჯერ აგრონომად, მერე კი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა სოფელ წითელმთაში, როგორც თვითონ ამბობს, ბევრს მისი “სიაბდლის” გამოხატულებად მიაჩნია, რადგან არასოდეს მოუპარავს, ხელი არაფერზე წაცდენია და ახლა ფანერისგან შეჭედილ სახლში ცხოვრობს:
_ მერჩივნა და ახლაც მირჩევნია, საკუთარი მარჯვენით ნაშოვნი პატიოსანი ლუკმა ვჭამო. ჩემი ძროხა 12 ლიტრს იწველის, თავდადებული მოვლა და შრომა სჭირდება, თორემ წვეთს არ მოგცემს. ყველა საქმე ასეა. ერთხელ, კომუნისტების დროს, როცა თავმჯდომარე ვიყავი, აჭარის ერთმა მკვიდრმა, რომელსაც ჩვენთან ჩამოსახლება სურდა, ჩემოდნით შემომთავაზა ფული. მეხვეწებოდა, მოითხოვე და დაწერე, მუშა ხელი მჭირდება და დასასახლებელი ადგილი მომყიდე, მომეხმარეო. არ ვქენი, არ იყო ეს ჩემი საქმე. ახლა კი მეუბნება ბევრი, შენ რანაირი კოლმეურნეობის თავმჯდომარეც იყავი, ისე საკადრისად ხარო. ფულიანი თუ ფულის ძალიან მოყვარული ხალხი სხვაგვარად აზროვნებს, მაგრამ მაღლა ღმერთია! _ გვიამბობს ბატონი რობინზონი.
სულ 7 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელია, სადაც მხოლოდ სიმინდს თესავს, მოწეული მოსავლით კი, “თოვლშიც და დარშიც”, ოჯახის მარჩენალ “ლამაზას” ინახავს. გასულ წელს, როცა ამერიკული ყვითელი სიმინდი “შემოვიდა მოდაში”, რობინზონ თოდრაძე შემომთავაზებლებს სასტიკად შეეწინააღმდეგა, მე მასე არ გავსულელებულვარ, ეგ დავთესო და თავს ნურც თქვენ გაისულელებთ, აგრონომი კაცი ვარ და მომისმინეთო: _ არ მომისმინეს და ახლა იშენენ თავში ხელს, _ განაგრძობს ძველი თავმჯდომარე, _ 1976 წელს, როცა პირველად შემოიტანეს ასეთი ყვითელი სიმინდის მოდა, ძალიან წინააღმდეგი ვიყავი. გლეხები გადაირივნენ, რომ თქვეს, სოიო არ იქნება, ბალახი არ იქნება, ისეთ წამალს მოასხამენ მიწაზე, მარტო სიმინდი ამოვაო. აბა, პირუტყვი რით ვარჩინოთ, ყანაში ისე რა გვინდაო? გადავწყვიტე თბილისში წასვლა. სამინისტროში ერთი სელექციონერი იყო, დეკაბრილოვიჩი. ვეახლე იმას და ვუთხარი, მე ასეთ სიმინდს ვრცელ ფართობებზე ვერ დავთესავ, ჩამოდით, მოვიწვიოთ კრება და ხალხს თქვენ გაეცით მერე პასუხი, მწირი და უვარგისი მოსავლის გამო, გლეხი მშიერი რომ დარჩება,-მეთქი. გჯერათ? შეისმინა ამ კაცმა და დამეთანხმა.
რობინზონ თოდრაძეს, ძველი დროის პატიოსან თავმჯდომარეს და ახალი დროების “ექსპერტ აგრონომს”, როგორც თვითონ ამბობს, “გურია ნიუსთან” ძალიან ბევრი სასაუბრო აქვს, განსაკუთრებით საკუთარი სოფლისა და მხარის გასაჭირზე. გაზეთის მისამართსაც საგულდაგულოდ ინიშნავს, ასეთ თოვლიან ამინდშიც სიამოვნებით გესტუმრებით, ოღონდ მომისმინეთო. მობრძანდით, ბატონო რობიზონ, რედაქციის კარი მუდამ ღიაა!