დიალეზის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ბათუმსა და ქუთაისში წასვლა აღარ მოუხდებათ _ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მალე შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება. ამის შესახებ “გურია ნიუსთან” სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ჯაფარიძემ თქვა.
_ ბატონო ზაზა, აპირებთ თუ არა თქვენს სამედიცინო ცენტრში დიალეზის აპარატურის შეტანას? მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ძალიან აწუხებთ დიალეზზე მყოფ ავადმყოფებს, რადგან აპარატურის არარსებობის გამო, მათ ბათუმსა და ქუთაისში უხდებათ სიარული.
_ დიალეზის პროგრამის გარდა, ძალიან ბევრ სიახლეს ვგეგმავთ და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს. რაც შეეხება დიალეზის პროგრამას და აპარატურას, გაზაფხულიდან შევუდგებით მაგ საკითხზე მუშაობას და არ მგონია, რომ ამ ზაფხულს გადაშორდეს აღნიშნული საკითხის მოგვარება. ჯერ შევისწავლით, რამდენ პაციენტს ესაჭიროება ეს მომსახურება და ვფიქრობ, საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.
_ მუნიციპალიტეტების გამგეობის შესაბამის სამსახურებში: ოზურგეთში _ 17, ჩოხატაურში _ 6 და ლანჩხუთში 14 პაციენტია რეგისტრირებული.
_ ვფიქრობ, რეალურად, უფრო მეტი პაციენტი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, გავარკვევთ ყველა მონაცემს და ძალიან მალე შევუდგებით ამ საკითხის მოგვარებას. სამწუხაროდ, გარკვეული სახის პრობლემების მოგვარებამ ბევრი დრო წაიღო, მაგრამ ყველაფერს მოევლება და მალე ოზურგეთს ექნება ძალიან მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას ჯაფარიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში დიალეზის პროგრამაში ჩართული 14 ადამიანია რეგისტრირებული. მხოლოდ მათი ტრანსპორტირებისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდან 23 400 ლარია გამოყოფილი. 12 თვეში თითოეულს აღნიშნული თანხიდან 1 671 ლარი ერგება, რაც თვეში 139 ლარს და 28 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურს, აქ 17 ბენეფიციარია რეგისტრირებული. როგორც დიალეზზე მყოფი ავადმყოფები გვეუბნებიან, ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვებისთვის დიდი ენერგიის დახარჯვა მოუხდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 მილიონი ლარის მქონე ბიუჯეტიდან, 17 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის თვეში 85 ლარი და 29 თეთრი გაიმეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 6 პაციენტის ტრანსპორტირებისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 8 000 ლარი გამოყო. ანუ თითოეულ მათგანს წლის განმავლობაში 1 333 ლარი ერგება, რაც თვეში 222 ლარს შეადგენს.
როგორც ბენეფიციარები ამბობენ, მათ 30 დღის განმავლობაში ბათუმში ჩასვლა თორმეტჯერ მაინც უხდებათ. მხოლოდ მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებას თუ დავაჯამებთ, ოზურგეთიდან ბათუმში 12-ჯერ ჩასვლას და უკან დაბრუნებას 120 ლარი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის პაციენტის მარტო გადაადგილება საშიში და დაუშვებელია.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ლანჩხუთელი პაციენტები, რომლებიც დიალეზის პროგრამაში არიან ჩართულები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან უფასო მიკროავტობუსის დანიშვნას მოითხოვდნენ. თირკმლის უკმარისობით დაავადებულები კვირაში სამჯერ _ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესაბამის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან. ისინი ბათუმის “ვიავიტას” ცენტრის მომსახურებით რამდენიმე წელია, სარგებლობენ. სამედიცინო აპარატზე ჩართვა ყოველ მეორე დღეს აუცილებელია, პროცედურა კი ოთხ საათს გრძელდება.
“ექვსი წელია, თვალში ვერ ვხედავ. დაავადებული ვარ თირკმლის უკმარისობით. დახმარების გარეშე გადაადგილება არ შემიძლია. ამდენი ხანია, ვოცნებობ, რომ გახდეს შესაძლებელი ჩვენთან მკურნალობა. ეს თუ მოხერხდება, იქნებ, ცოტათი მაინც გამიხანგრძლივდეს სიცოცხლე”, _ ამბობს ერთ-ერთი პაციენტი.
როგორც ვიცით, თირკმლის უკმარისობა, ოზურგეთში მცხოვრებ 12 წლის ბიჭუნასაც აწუხებს და ისიც, სხვა დანარჩენი პაციენტების მსგავსად, ბათუმში კვირაში სამჯერ დადის.