ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში ფერმერს საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაოები აქვს _ კივის პლანტაციაში საყრდენები წესრიგშია მოსაყვანი, უნდა მოხდეს ბოძების შეცვლა, მავთულების დაჭიმვა. თითოეული კივის ძირს საჭიროა, მივცეთ 50კგ გადამწვარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი, კომპოსტი _ 20კგ, თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა” _ ინსტრუქციის მიხედვით, ასევე საჭიროა ნიადაგის მულჩირება _ მიწის ზედაპირის დაფარვა ძველი თივით, ჩამოცვენილი ფოთლებით, რაც ნიადაგში ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს და სარეველებსაც თრგუნავს, როცა ნიადაგში ჩალპება, მიწას ანოყიერებს ჰუმუსით.
გირჩევთ, რომ ქიმიურ სასუქებს ნუ გამოიყენებთ. ეს ნივთიერებები არსად არ იკარგება, რჩება მცენარეში, ნაყოფში, ნიადაგს აზიანებს, კლავს ჰუმუსის წარმომშობ ბაქტერიებს და რაც მთავარია, აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.
ერთ-ერთი უმთავრესი და საპასუხისმგებლო სამუშაოა კივის გასხვლა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის თვალსაზრისით. საჭიროა, მოიჭრას ყველა წინა წლის მსხმოიარე, პატარა და უსუსური ტოტები, რჩება მხოლოდ ერთწლიანი გრძელი, ჯანსაღი ამონაყრები, რომლებსაც ბოლოები წაეჭრება 20-25 კვირტის შემდეგ. აუცილებლად უნდა დავამაგროთ საყრდენზე დრაცანათი ან სუსტი ქსოვილის ნაჭრებით, რადგან თუ ვიხმართ დასამაგრებლად ლითონის მავთულს ან მაგარ სახვევს, რომლებიც მზისა და წვიმის მოქმედებით არ ზიანდება, მცენარეს ჭრილობებს აყენებს, რაც ნაყოფის ხარისხზე, მცენარის სამომავლო ვარჯზე და მოსავლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.
თუ გაზაფხულის წაყინვები ხშირია, საჭიროა, გასხვლა მანამდე ჩაატაროთ, სანამ მცენარე წყალს აიღებს.
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია “ელკანას” კოორდინატორი გურიის რეგიონში