მეცხოველეებს დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს გადამდები დაავადებები. ფერმერებთან ურთიერთობამ დაგვარწმუნა, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ გადამდები დაავადებების წარმოშობის, გავრცელების კანონზომიერების, მათი პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების შესახებ.
გადამდებ დაავადებებს უნდა მივაკუთვნოთ ყველა დაავადება, გადატანილი ერთი ორგანიზმიდან მეორეზე. გამომწვევის სახის მიხედვით არსებობს ინფექციური, ინვაზიური და პარაზიტული (ჰელმინთოზური, პროტოზოინური, სოკოვანი, ვირუსული და მიკრობული) დაავადებები.
გარემოში უწყვეტად მიმდინარეობს დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ, მიმღებ ორგანიზმში დაავადების გამომწვევის პათოგენის გადაცემა-ცირკულაცია, რაც იწვევს გადამდები დაავადების წარმოშობისა და განვითარების რთულ, უწყვეტ პროცესს (ეპიზოოტურ პროცესს).
მისთვის უეჭველი პირობაა სამი აუცილებელი რგოლის არსებობა: 1. ინფექციის (ინვაზიის, პარაზიტის) წყარო, კერა; 2. გამომწვევის გადაცემის მექანიზმი; 3. მიმღები ცხოველი. ამ ჯაჭვის რომელიმე ელემენტის არარსებობისას ეპიზოოტიური პროცესი წყდება.
დაავადებები დროს მეცხოველემ უნდა შეცვალოს პროცესის ბუნებრივი მიმდინარეობა, თავიდან აიცილოს მისი გააქტიურება, შეწყვიტოს პროცესი კონკრეტულ ფერმასა და ტერიტორიაზე, რითაც ცხოველს აარიდებს გადამდებ დაავადებებს, ამას კი შესაბამისი ცოდნა სჭირდება, რომელიც გვაძლევს საფუძველს, გამოვავლინოთ დაავადებისა და განსაზღვრულ პირობებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ბუნება და მექანიზმები.
მოცემული პირობებისთვის, შემთხვევისთვის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება შესაძლებელია მხოლოდ ეპიზოოტიური დიაგნოსტიკის მონაცემების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფექციის (ინვაზია, პარაზიტი) წყაროსა და მისი გავრცელების გზების, ეპიზოოტიის განვითარების მიზეზებისა და პირობების გამოვლენას. ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც დაავადების წარმოშობის თავიდან აცილებას (პროფილაქტიკას), ასევე მათ ლიკვიდაციას.
ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს ერთდროულად ეპიზოოტიური ჯაჭვის სამივე რგოლის მიმართულებით. მხოლოდ ასეთი კომპლექსური ხასიათი განაპირობებს მათ მაღალეფექტიანობას და შედეგებს.
ჩვენ შევეცადეთ ეს ღონისძიებანი მარტივად და გასაგებად წარმოგვესახა სქემის სახით (იხილეთ სქემა).
მიუხედავად კომპლექსურობისა, ეპიზოოტსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებისას, საჭიროა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომელიც განაპირობებს პროცესის განვითარების ინტენსივობას. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია მრავალ მიზეზებზე და უპირველეს ყოვლისა, გამომწვევის გადაცემის მექანიზმზე (მისი გამოსვლა დასნეულებული ორგანიზმიდან, გარემოში გასვლა და ახლის დასნებოვნება). მაგალითად, სისხლის ინფექციების შემთხვევაში, მთავარია იმ მავნე მწერებთან ბრძოლა, რომლებიც მის გადამტანად ითვლებიან, ანუ დეზინფექციის ჩატარება.
გადაცემის მექანიზმის როლი უმნიშვნელოვანესია _ გამომწვევის აქტიური კერისა და ცხოველის მაღალი მიმღებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი დაავადება არ გავრცელდება, თუ კი გართულებულია გამომწვევის გადაცემა.
ღონისძიებების ხარისხი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ეპიზოოტსაწინააღმდეგო საშუალებების არსებობაზე, მათ ხარისხზე და გამოყენების მეთოდიკის მკაცრ დაცვაზე. მათ მიეკუთვნება: სადიაგნოსტიკო საშუალებები, სამკურნალო საშუალებები, დეზინფექციები, ინსექტიციდები, როდენტიციდები, ვაქცინები.
როგორც ვხედავთ, გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო კეთილსაიმედო ფონის შექმნაში განმსაზღვრელი ფაქტორი ზოოჰიგიენისა და ვეტსანიტარული კულტურის მაღალი დონეა, რომლის დეფიციტსაც ჩვენ ასე განვიცდით.
ირაკლი სარჯველაძე, ფერმერთა მომსახურების ცენტრი “ხელხვავი”