26 მაისს დაზარალებულმა ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეაქვთ. მათ შორის, ამ სტატიის ავტორი და “გურია ნიუსის” გამომცემელი შპს “ჩოხატაურის მაცნეცაა”.
საქმე ეხება ინფორმაციებს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაიდუმლოა.
მოსარჩელეებმა, 2011 წლის 01 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართეს. მათ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების თაობაზე შემდეგი ინფორმაცია აინტერესებდათ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანება და ასევე სხვა ბრძანებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა მიხედვითაც, სამსახურიდან იქნა დათხოვილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური _ რვა თანამშრომელს;
2. მიმდინარეობს თუ არა ამჟამად კიდევ მოკვლევა ან/და გამოძიება 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური წესდების დარღვევის ან/და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო;
3. გთხოვთ, გვაცნობოთ, გახდა თუ არა ჟურნალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტული სახდელის დადების საფუძველი, ასევე, აღნიშნული ბრძანებით ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი დარღვევის ნაწილში კონკრეტულად მიგვითითოთ დასანქცირებული პირის სახელი და გვარი, ასევე, გამოყენებული სახდელი.
განმცხადებლებს, 2011 წლის 24 ნოემბერს ეცნობათ, რომ გენერალური ინსპექციის მასალები და მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საიდუმლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეს აღნიშნული მასალები. გარდა ამისა, გამოგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ მოკვლევა დისციპლინური წესდების დარღვევის ფაქტზე არ მიმდინარეობს.
2011 წლის 01 დეკემბერს, შინაგან საქმეთAსამინისტროში კიდევ ერთი მიმართვა გაიგზავნა, რომელშიც მოთხოვნილი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეთითებინა საიდუმლოების რომელ ტიპს მიეკუთვნება ინფორმაცია, ასევე _ გასაიდუმლოების აქტი.
2011 წლის 28 დეკემბრის კორესპონდენციით ცნობილი გახდა, რომ მოთხოვნილი მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებოდა. კიდევ ერთი წერილი, 2012 წლის 16 იანვარს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსს ზვიად თავართქილაძეს გაეგზავნა. წერილში მოთხოვნილი იყო ინფორმაცია სახელწიფო საიდუმლოების ძირითადი რეკვიზიტების თაობაზე.
2012 წლის 06 თებერვლის წერილით კი ცნობილი გახდა, რომ “შსს მინისტრის ბრძანების გასაიდუმლოება განხორციელებულია კონკრეტული მასალის შეფასებისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. რაც შეეხება დოკუმენტის საიდუმლოების ხარისხს, შემცველი ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა გრიფი, აღნიშნული ინფორმაციის გაცემას მოქმედი კანონმდებლობა სამინისტროს არ ავალდებულებს”
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება არაკანონიერად მოხდა. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები _ თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე იცავენ.
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე 2 პუნქტის თანახმად, “გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში”. ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გააჩნდეს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები) შსს მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანების გასაიდუმლოების თაობაზე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული აქტი (აქტები) წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირისათვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნათია კაპანაძემ.